წინასწარი ინფორმაციით, რაკეტა, რომელიც პოლონეთში აფეთქდა, სავარაუდოდ, არ იყო ნასროლი რუსეთის ტერიტორიიდან. ამის შესახებ, როგორც CNN-ი და Reuters-ი იუწყებიან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, სადაც „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტის ფარგლებში საგანგებო შეხვედრა გამართა მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერებთან.
პრეზიდენტ ბაიდენის თანახმად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები პოლონეთში მომხდარ აფეთქებას იძიებენ და გამოძიების დასრულებამდე საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევია, თუმცა, პირველადი ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა რუსეთიდან ისროლეს. საგანგებო შეხვედრაში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამო მოიწვია, მონაწილეობდნენ გერმანიის, კანადის, ნიდერლანდის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის და ევროკავშირის ლიდერები.
წუხელ გამოქვეყნდა მათი ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლონეთს გამოძიების პროცესში სთავაზობენ სრულ მხარდაჭერას და თანადგომას და გააგრძელებენ მჭიდრო კონტაქტს შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის მიზნით. განცხადებაში დაგმობილია უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ 15 ნოემბერს განხორციელებული ბარბაროსული სარაკეტო დარტყმები და დადასტურებულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი მტკიცე მხარდაჭერა და მზადყოფნა, რომ რუსეთს პასუხი მოეთხოვოს.
ასევე ნახეთ პოლონეთის ხელისუფლება ჯერჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში რაკეტა აფეთქდა. დაიღუპა 2 ადამიანი. მალევე, მედიით გავრცელდა ცნობები, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას უწოდა „გამიზნული პროვოკაცია ვითარების ესკალაციის მიზნით.“
15 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ლვოვის ოლქზე.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ წუხელ განაცხადა, რომ პშევოდუვში აფეთქება იყო ერთგზის მომხდარი ინციდენტი და ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, განმეორდეს. პრეზიდენტ დუდას თანახმად, რაკეტა სავარაუდოდ, რუსული წარმოების იყო, თუმცა, ჯერჯერობით არ აქვთ მყარი მტკიცებულებები, თუ ვინ ისროლა. დუდას ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და მასში ამერიკელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.