ახალი მოწმის გამოკითხვით ეროვნულ მუზეუმს სურს სასამართლო დაარწმუნოს იმაში, რომ კულტურის მინისტრი ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებთან შეხვედრებზე მხოლოდ მუზეუმის ბედით და თანამშრომლების სამუშაო პირობებით ინტერესდებოდა. არასოდეს ყოფილა უხეში არც ეკა კიკნაძისა და არც მუზეუმის სხვა თანამშრომლების მიმართ, როგორც ამას ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებულები ამტკიცებენ.
28 ოქტომბერს სასამართლოს დაგეგმილი ჰქონდა ხელოვნების მუზეუმის ყოფილი კურატორის, ნინო ხუნდაძის გამოკითხვა. ის მუზეუმიდან 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს რეორგანიზაციის მიზეზით - გათავისუფლებამდე ფერწერისა და გრაფიკის ფონდის კურატორი იყო. ნინო ხუნდაძემ გასაუბრება 2021 წლის დეკემბერში გაიარა 5-კაციან კომისიაში, რომლის შემადგენლობაც ასეთი იყო:
- ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი
- კულტურის სამინისტროს თანამშრომელი და დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ აზნაურაშვილი
- ანა თოლორაია, მუზეუმთა ჯგუფის ადმინისტრაციის განყოფილების უფროსი (ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მუშაობდა ნიკა ახალბედაშვილთან ერთად საკანონმდებლო მაცნეში)
- გია მარსაგიშვილი, ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნე
- მაკა ბურჭულაძე, რომელიც წარსულში კულტურის სამინისტროს მუზეუმებისა და ნებართვების სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, დღეს კი ხელოვნების მუზეუმის კოლექციების დაცვა-აღრიცხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობს.
“აზნაურაშვილი აქტიურად მკითხავდა, მთელი ამ დროის განმავლობაში ნიკა ახალბედაშვილი ტელეფონში ეძებდა რაღაცას, როგორც მერე გაირკვა ჩემს ხელმოწერას პეტიციაზე. არანაირი კითხვა ჩემი საქმიანობის, კვალიფიკაციის, სამუზეუმო მუშაობის შესახებ. არც ერთი კითხვა არ ყოფილა გამოცდილებაზე”, - უთხრა სასამართლოს ნინო ხუნდაძემ გასაუბრების შესახებ, რომელიც მან დაკითხვას შეადარა. მან გაიხსენა, რომ გამსაუბრებლებს აინტერესებდათ, რატომ არ წერდა მუზეუმის ახალ ხელმძღვანელობას დახმარების წერილებს მის ფონდში სხვადასხვა დროს დაკარგული ექსპონატების შესახებ და რატომ ჩათვალა საჭიროდ პეტიციაზე ხელის მოწერა, როცა შეეძლო მუზეუმის დირექტორისგან მიეღო პასუხი იმ კითხვებზე, რაც აწუხებდა.
ნინო ხუნდაძემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუზეუმიდან სხვადასხვა დროს გატანილი ექსპონატები მუდმივად ბრუნდებოდა უკან და როცა ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, მის ფონდს ბევრად ნაკლები ნივთი აკლდა, ვიდრე მაშინ, როცა ხელოვნების მუზეუმში დაიწყო მუშაობა. უთხრა ისიც, რომ მისი ყველა მცდელობა, ნიკა ახალბედაშვილისგან ან ახალი მენეჯმენტის რომელიმე წევრისგან მიეღო მკაფიო პასუხი მუზეუმის ავარიული შენობის ბედის ან ფონდების გადატანის გეგმის შესახებ, უპასუხოდ რჩებოდა.
“მე ძალიან მართალი ვარ საკუთარი თავის წინაშე. პირდაპირ ვუთხარი მათ, რომ სირცხვილი იყო ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენაზე არარენტაბელურის თქმა”, - უთხრა ნინო ხუნდაძემ მოსამართლეს.
ეროვნული მუზეუმის ინტერესების დამცველებმა მას ჰკითხეს, შესთავაზა თუ არა ნიკა ახალბედაშვილმა ხელოვნების მუზეუმის კურატორის პოზიციიდან გათავისუფლებისას სხვა პოზიციაზე დანიშვნა, რაზეც ნინო ხუნდაძემ უთხრა, რომ არა, თუმცა “მერე გამოვიდა ხმა, რომ ისინი მთავაზობდნენ სიღნაღის მუზეუმში რაღაც ადგილს”.
“ეს მერე პირდაპირ არ უთქვამთ, მერე გავიგე”, - განმარტა ნინო ხუნდაძემ.
ასევე ნახეთ “ამბიციური ხართ, გაჩუმდით!” - მოწმე ჰყვება, როგორ მიმართავდა თეა წულუკიანი მუზეუმის მმართველსნინო ხუნდაძის ჩვენების დასრულების შემდეგ ეროვნული მუზეუმის ინტერესების დამცველებმა მოითხოვეს სასამართლოს დაეკითხა კიდევ ერთი მოწმე, რომელიც მანამდე გამოსაკითხი პირების სიაში არ იყო. მოსამართლე მათ შუამდგომლობას დათანხმდა. ეკა კიკნაძის ადვოკატმა სასამართლო გააფრთხილა, რომ მოწმე ნატალია მოძმანაშვილი, რომელიც დღესაც ხელოვნების მუზეუმში მუშაობს, შეიძლება ზეწოლის ან იძულების გამო ყოფილიყო ამ საქმეში მოწმედ მოწვეული. ნატალია მოძმანაშვილი სასამართლოს იმ ორი შეხვედრის შესახებ მოუყვა, რომელიც თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებთან გამართა მანამ, სანამ ის კულტურის მინისტრი გახდებოდა. 2020 წლის 25 დეკემბერს და 2021 წლის 29 იანვარს თეა წულუკიანი პარლამენტარის სტატუსით შეხვდა მუზეუმის თანამშრომლებს.
“ქალბატონი თეა მობრძანდა ხელოვნების მუზეუმის შენობაში, შეხვედრა მოხდა საგანძურის განყოფილებაში, ვესწრებოდით როგორც ხელოვნების მუზეუმის, ისე ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ქალბატონ თეას აინტერესებდა ზოგადად მუზეუმში არსებული მდგომარეობა, პირობები თანამშრომლების, მათი ხელფასები, ასევე ფონდების მდგომარეობა, ექსპონატების დაცულობა და ასე შემდეგ. გაგვეცნო თანამშრომლებს, ჰქონდა კითხვები… დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა ეს შეხვედრა”, - ასე გაიხსენა ნატალია მოძმანაშვილმა 2020 წლის 25 დეკემბრის შეხვედრა.
“როგორ გახსოვთ, როგორი იყო ქალბატონი თეას დამოკიდებულება? მოსარჩელეს [ეკა კიკნაძეს] მიაჩნია, რომ იყო ხისტი, უხეში, შეურაცხმყოფელი დამსწრე პირების მიმართ“, - ჰკითხა მას ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელმა, სალომე ბარბაქაძემ.
“ასეთი რამე არ ყოფილა”, - თქვა ნატალია მოძმანაშვილმა და როცა მას ჰკითხეს, ხომ არ ყოფილა თეა წულუკიანი უხეში კონკრეტულად ეკა კიკნაძის მიმართ, თქვა, რომ 5-10 წუთით მოუხდა ამ შეხვედრის დატოვება და თუ ამ დროს დაიძაბა სიტუაცია, არ იცის.
“კომიტეტის სხდომა იყო, ესწრებოდნენ დეპუტატები, ვესწრებოდით მუზეუმის თანამშრომლები და ესწრებოდნენ ასევე საზოგადოების წევრები, საინიციატივო ჯგუფის წევრები… სხდომა დაიწყო იმით, რომ დავით ლორთქიფანიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია, მისი გეგმა, რომელიც ჰქონდა ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, როგორი პროექტი ჰქონდა. რომ დაასრულა ეს გამოსვლა, დეპუტატები გამოვიდნენ სიტყვით, საზოგადოების სხვა წევრები და რომ დასრულდა ეს გამოსვლები, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა ეს შეხვედრა. შემდეგ მეც ვითხოვე კითხვის დასმის საშუალება და ბატონ დავითს დავუსვი რამდენიმე კითხვა. ამ კითხვებმა, ჩემი აზრით, ცოტა გააღიზიანა მოსარჩელე მხარე, ქალბატონი ეკა. წამოდგა და მითხრა, აქ რატომ სვამ ამ კითხვებს, რატომ უსვამ ბატონ დავითს, მე რატომ არ მკითხე ამის შესახებ - ამ დროს ქალბატონმა თეამ უთხრა, დაბრძანდით და აცადეთ საუბარი, მიეცით კითხვის დასმის საშუალება. შემდეგ კიდევ მქონდა რამდენიმე კითხვა ბატონ დავითთან, ამანაც გამოიწვია გაღიზიანება მუზეუმის თანამშრომლებს შორის და რატომღაც ხმაურიანად წარიმართა ეს შეხვედრა 29 იანვარს. წამოდგნენ ფეხზე, დარბაზში სხვადასხვა მხრიდან იყო ხმამაღალი შეძახილები”, - ასე გაიხსენა ეროვნული მუზეუმის მოწმემ კულტურის მინისტრთან თავისი მეორე შეხვედრა. მას სალომე ბარბაქაძემ დამაზუსტებელ კითხვად ჰკითხა, მოსწონს თუ არა ეროვნული მუზეუმის იდეა, რაზეც ნატალია მოძმანაშვილმა თქვა, რომ არასოდეს ეთანხმებოდა ეროვნული მუზეუმის იდეას და არც ახლა ეთანხმება, ვინაიდან თვლის, რომ "გაერთიანებამ ხელოვნების მუზეუმს კარგი არაფერი მოუტანა".
ეკა კიკნაძე ამ საქმეში სასამართლოს სთხოვს დაადგინოს, რომ ის სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან განსხვავებული აზრის გამო და ეკუთვნის კომპენსაცია მორალური ზიანისთვის. სახალხო დამცველმა სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე ეკა კიკნაძის შემთხვევაში დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. ეს დასკვნა დღეს სასამართლოს დამატებით მტკიცებულებად გადასცა მისმა ადვოკატმა.
ასევე ნახეთ ომბუდსმენმა დისკრიმინაციად მიიჩნია ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომლების სამეცნიერო პროექტის შეჩერება