რას გულისხმობენ, როცა სასამართლოში კლანის არსებობაზე ლაპარაკობენ

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის პარალელურად გამართული საპროტესტო აქცია - ამ კონფერენციამ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი. 2021 წლის 26 მაისი

ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი საქართველოს მოსამართლეთა XXXI კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის ვაკანტურ პოზიციაზე 23 ოქტომბერს აირჩია. სხვა მოსამართლეებს ამ პოსტზე კანდიდატურა არ დაუყენებიათ. უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი უწყებაა.

მურუსიძეც და გვირიტიშვილიც ამ საბჭოს წევრები ერთხელ უკვე იყვნენ და მათი დაბრუნება სასამართლოს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტებისთვის გახდა სიგნალი, რომ ქვეყანაში რეალური სასამართლო რეფორმის გატარების პოლიტიკური ნება არ არსებობს.

მოსამართლეთა კონფერენციამდე არავის სმენია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა მურუსიძეს და გვრიტიშვილს სურდათ. არც არავის განუმარტავს, რატომ დატოვა მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა საბჭო, რომლის წევრიც ის ერთი წლის წინ, 2021 წლის 31 ოქტომბერს გახდა. მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაახლა საუბრები სასამართლოში არსებულ კლანზე. თქვეს ისიც, რომ საქართველო დემონსტრაციულად არ ასრულებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას, რომელთაგან ერთ-ერთი სასამართლო სისტემის გაუმჯობესება და პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაა.

“მურუსიძისა და გვრიტიშვილის საბჭოში ხელახალი არჩევა არის პირდაპირი პასუხი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ არ არსებობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმის ნება”, - ასეთია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის კოალიციის პოზიცია.

ასევე ნახეთ მართლმსაჯულების კოალიცია მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევას კლანის გაძლიერებად მიიჩნევს

თავად მურუსიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნების შემდეგ თქვა, რომ მისი მოტივაცია სასამართლოს მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებაა და არ მოსწონს, როცა მის სახელს სასამართლო სისტემის პრობლემების ილუსტრაციად ახსენებენ.

  • რა იგულისხმება, როცა სასამართლოში კლანის არსებობაზე საუბრობენ?
  • რატომ ითვლებიან მურუსიძე და გვრიტიშვილი კლანის წევრებად?
  • რას ცვლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად მათი დანიშვნა სასამართლოს სისტემაში?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი, ვინ იქნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში?

“კლანზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც არიან ერთმანეთთან ახლო მეგობრულ ან ნათესაურ კავშირში მყოფი ადამიანები, რომელთა მიზანიც არის არა მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება. ეს ადამიანები ცდილობენ იყვნენ ყველა საკვანძო თანამდებობაზე და აკონტროლონ სისტემა”, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე, “დემოკრატიის მცველების” აქტივისტი. ის დარწმუნებულია, რომ უზენაეს საბჭოში სისტემის ერთგული ადამიანების დაბრუნებით ხელისუფლება თავს იზღვევს, რომ არ დაკარგოს კონტროლი უწყებაზე, სადაც პარლამენტს უახლოეს მომავალში 5 ახალი წევრი ჰყავს დასანიშნი.

“როცა ამ ორი ადამიანის უზენაეს საბჭოში არჩევაზე ვსაუბრობთ, ყველაზე პრობლემური ისაა, რომ ისინი უკვე იყვნენ ამ საბჭოს წევრები და, მეტიც, მურუსიძე იყო საბჭოს მდივანი. მათი არჩევა ნიშნავს იმას, რომ სისტემა წრეზე ტრიალებს და, სამწუხაროდ, ახალ მოსამართლეებს არც სურვილი აქვთ და არც შესაძლებლობა, გახდნენ საბჭოს წევრები”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სასამართლოს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” ხელმძღვანელი, ნაზი ჯანეზაშვილი. ის თავადაც წლების განმავლობაში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო და კარგად იცნობს როგორც ამ სისტემის ნაკლოვანებებს, ასევე საბჭოს მუშაობის პრინციპებს. “სასამართლოს გუშაგმა” 2022 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა ინტერვიუ ყოფილ მოსამართლე ანა ღელეყვასთან, სადაც ის ჰყვება, რომ ლევან მურუსიძე მისგანაც და ყველა სხვა მოსამართლისგანაც მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდაჭერას ითხოვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევნებისას.

“აქამდე თუ მურუსიძე და გვრიტიშვილი კულისებიდან მართავდნენ სიტუაციას, დღეს უკვე შეიძლება ეს აღარ არის საკმარისი და სჭირდებათ მათი ფრონტის წინა ხაზზე წამოწევა იმისათვის, რომ დაარწმუნონ მათ შორის სხვა მოსამართლეებიც, რომ კონტროლი ისევ შენარჩუნებულია, რომ ისევ ეფექტურად ხდება მართლმსაჯულების სისტემის მართვა და არსებულ ძალაუფლებრივ სტატუს-კვოს რაიმე საფრთხე არ ემუქრება”, - თქვა დღეს, 25 ოქტომბერს რადიო თავისუფლების “დილის საუბრების” ეთერში გურამ იმნაძემ. ის სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის ხელმძღვანელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების კოალიციის თავმჯდომარეა. იმნაძე და ამ კოალიციაში შემავალი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ახლა, როცა საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ევროკავშირისგან პასუხს ელოდება და რეკომენდაციები აქვს შესასრულებელი, სასამართლო სისტემაში ასეთი უხეში გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის საზიანო შედეგს მოიტანს.

ასევე ნახეთ "ოცნება" უარს აცხადებს 12 პუნქტის შესრულებაზე" - ოპოზიციის გამოხმაურება მურუსიძე-გვრიტიშვილის არჩევაზე

ლევან მურუსიძე - სისტემის მსახური, სისტემის მსხვერპლი და სისტემის ლიდერი

47 წლის ლევან მურუსიძემ, რომელიც 2018 წელს უვადოდ აირჩიეს მოსამართლედ, კარიერა 2005 წელს დაიწყო და ფაქტობრივად ყველა ინსტანციის სასამართლოში იმუშავა. პირველი ერთი წელი თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2006 წლიდან 2015 წლამდე უზენაესი სასამართლოს, 2016 წლიდან დღემდე კი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

მურუსიძისთვის არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოა უცხო ადგილი - პირველად ის იუსტიციის საბჭოს წევრი 2013 წელს გახდა, მალევე აირჩიეს საბჭოს მდივნად და 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა უწყებას. იუსტიციის საბჭოს მდივნის რანგში ლევან მურუსიძე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც 2013 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

“რაც მე აღმოვაჩინე ამ ახალგაზრდაში ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, ის განწყობილია ისე, როგორც მე, მკვეთრად, რომ ყოველგვარი გავლენისგან გაათავისუფლოს სასამართლო და ჭეშმარიტად სამართლიანი სასამართლოს აღორძინებაზე იფიქროს, იზრუნოს და ამ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე”, - თქვა ამ შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა. მან აღნიშნა, რომ მოსამართლეების აბსოლუტური უმრავლესობა ძველი ხელისუფლების დროს იყო დანიშნული და მათ მოუწევდათ ახალი ხელისუფლების დარწმუნება იმაში, რომ ენმ-ს გავლენებისგან თავისუფალი იქნებოდნენ. თავის მხრივ, მურუსიძემ პრიობა დადო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მთავარ როლს შეასრულებდა სასამართლოს დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში.

ლევან მურუსიძის, როგორც მოსამართლის მიმართ უკმაყოფილებას სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მრავალწლიანი ისტორია აქვს - მის სახელთან არის დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაზე გახმაურებული, სანდრო გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის საქმეები.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მურუსიძემ განიხილა “აიისას” საქმე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაუდგინა საქართველოს, პრეზერვატივების მწარმოებელმა ქართულმა ბრენდმა “აიისამ” კი, იმის პასუხად, რომ ლევან მურუსიძემ თამარ მეფის კონდომების შეფუთვაზე დატანა გამოხატვის თავისუფლებად არ მიიჩნია, თავად მურუსიძე დაიტანა პროდუქციაზე.

როცა მურუსიძეს 2016 წელს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ირჩევდნენ, სწორედ ამ გახმაურებული საქმეების გამო მიიჩნევდნენ შეუფერებელ კანდიდატად და “სისტემის მსახურად”. თავად მურუსიძე ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს “სისტემის მსხვერპლი” იყო, “ქართული ოცნების” მმართველობის დროს კი “სისტემის ლიდერად” იქცა.

“მე მაქვს მოსამართლეებთან სუფთა ადამიანური ურთიერთობები, ვიცი მათი ოჯახის შესახებ, შვილები, რა უჭირთ, რა ულხინთ და ვცდილობ, დავუდგე მათ გვერდში ადამიანურად”, - ასე ხსნიდა ლევან მურუსიძე თავის როლს სისტემაში 2018 წელს.

იმავე 2018 წელს ლევან მურუსიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ზეპირი კომუნიკაციის უნარი 20 ქულით შეუფასა მაშინ, როცა უმაღლესი ქულა ამ კომპონენტში 15 იყო.

ეს ჩანაწერი 4 წლის წინ იურისტმა სულხან სალაძემ გაავრცელა ფეისბუკზე.

ლევან მურუსიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომელთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე საუბრობს პოლიტიკური პარტია “დროა.”

ასევე ნახეთ არასამთავრობო სექტორი ფასადურ რეფორმად მიიჩნევს "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ სასამართლო რეფორმის სტრატეგიას

დიმიტრი გვრიტიშვილი - მოსამართლე თავბრუდამხვევი კარიერით

“ჩემი კარიერა თავბრუდამხვევად განვითარდა” - ეს ფრაზა დიმიტრი გვრიტიშვილის ხელნაწერი ავტობიოგრაფიიდანაა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მაშინ გვრიტიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო. დღეს საბჭოს ვებსაიტზე აღარც ეს ხელნაწერი იძებნება და ვერც დიმიტრი გვრიტიშვილი გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნებოდა, “საკუთარი თავის იმედი მაქვს, კარგად გავართმევ თავს”, “ეს ყოველთვის იყო ჩემი ოცნება და კარიერის პიკიო”.

მოსამართლის კარიერა დიმიტრი გვრიტიშვილმა 2008 წელს დაიწყო. 2012 წლამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, 2012 წლიდან 2020 წლამდე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 2020 წლიდან დღემდე კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა. გვრიტიშვილი 2017 წელს ასევე უვადო მოსამართლედ გაამწესეს და ამავე წლიდან 2021 წლამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო. მან ორჯერ, 2018 და 2021 წლებში სცადა უშედეგოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა.

დიმიტრი გვრიტიშვილის ადრეული სადავო გადაწყვეტილებებიც, მურუსიძის მსგავსად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება.

2011 წლის თებერვალში მოსამართლე გვრიტიშვილმა უარი თქვა დიღმის ტყე-პარკისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის დაბრუნებაზე და ამით ხელი გაუხსნა მანამდე მწვანე ზონაში მიწების პრივატიზებისა და მშენებლობების დაწყებას.

2012 წელს მან განიხილა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის, მენეჯმენტ სერვისის საქმე, რომელიც მაშინდელმა კონტროლის პალატამ, აუდიტის სამსახურის ფუნქციებით აღჭურვილმა ორგანიზაციამ, რეგიონებში პარტიის ოფისების გარემონტებისთვის 5 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. სახელმწიფომ პარტიის ოფისების რემონტისთვის დახარჯული თანხა უკანონო შემოწირულებად მიიჩნია - დიმიტრი გვრიტიშვილმა საჭიროდ არ ცნო დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება იმის დასადგენად, რამდენად შეესაბამებოდა პარტიული ოფისების რემონტისთვის დახარჯული თანხა რეალობას. მენეჯმენტ სერვისის ადვოკატები, ეკა ბესელია და სანდრო ბარამიძე გვრიტიშვილის აცილებას ითხოვდნენ ამ გადაწყვეტილების გამო.

2017-2021 წლებში იუსტიციის საბჭოში მუშაობის დროს მისი თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გამხდარან საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე. ანა დოლიძემ დიმიტრი გვრიტიშვილს 2018 წელს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა კიდეც, თუმცა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა, სააპელაციომ კი უარი თქვა ამ გადაწყვეტილების გადახედვაზე. დიმიტრი გვრიტიშვილსვე ეკუთვნოდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზენაესი საბჭოს წევრებს არსებულ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს უზღუდავდა - საბოლოოდ ეს კანონი პარლამენტს არ განუხილია, თუმცა ნაზი ჯანეზაშვილი დარწმუნებულია, რომ მაშინ ეს სისტემამ სწორედ მის გასაჩუმებლად მოიფიქრა. ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კრიტიკის პარალელურად, გვრიტიშვილი იცავდა მურუსიძის იმიჯს და უკმაყოფილებას გამოხატავდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მისამართით, რომლებიც სასამართლოს პოლიტიზებაზე საუბრობდნენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი უწყებაა, რომელზეც სრულად არის დამოკიდებული მოსამართლეების ბედი: საბჭო წყვეტს მოსამართლეების დანიშვნა-არდანიშვნას, დაწინაურებას, ატარებს მოსამართლეების გამოცდებს და განიხილავს დისციპლინურ გადაცდომებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა იმდენად მნიშვნელოვან საკითხად არის მიჩნეული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, რომ ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის.

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ჯერ კიდევ 19 სექტემბერს წუხდა იმის გამო, რომ პარლამენტში არ ჩანდა მზაობა მნიშვნელოვანი ცვლილებების გასატარებლად და მოსამართლე წევრების არჩევის წესის ძირეული შეცვლის სურვილი, ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტის რეკომენდაციის მიუხედავად.

პარლამენტმა შეცვალა მხოლოდ საბჭოს შემადგენლობაში არამოსამართლე წევრების რაოდენობა და ის ორის ნაცვლად 5 ხდება - საქართველოს პარლამენტმა 20 ოქტომბერს დაასრულა აპლიკაციების მიღება ამ პოზიციაზე. ამ ეტაპზე პარლამენტს 32 აპლიკაცია აქვს განსახილველი.

ასევე ნახეთ გვრიტიშვილი: სასამართლო ხელისუფლება, ჩათვალეთ, რომ გადადის თავდასხმით რეჟიმზე