ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეხმაურებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას.
ამ თემაზე დღეს, 24 ოქტომბერს, სპეციალური ბრიფინგი გამართა ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ღიად თქვა უარი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე.
"ხელისუფლებას და თავად ამ მანკიერ სისტემას შეეძლოთ წამოეყენებინათ ვინმე ნაკლებად ცნობილი მურუსიძის კანდიდატურა და ის აერჩიათ, მაგრამ მათ ღიად, უტიფრად და თავხედურად სწორედ მურუსიძე აირჩიეს. მათ გამოიწვიეს საზოგადოება, დასავლეთი.
ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აქამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში გავლენიან პოზიციებზე, მაგრამ ეს არჩევა ნიშნავს იმას, რომ ახლა უკვე ისინი მოსამართლეებად უფრო მარტივად დანიშნავენ თავისნაირებს - მურუსიძის იუსტიციის საბჭოში არჩევა ნიშნავს ასობით მურუსიძეს სასამართლო სისტემაში! სასამართლო საბოლოდ ჩამოყალიბდა, როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას", - თქმა მელიამ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევას გამოეხმაურა პარტია "ლელოც". მათ განცხადებაში წერია, რომ საბჭოში ჩატარებული "ფასადური არჩევნებით", "ქართულმა ოცნებამ" განაგრძო ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ევროინტეგრაციის პროცესზე ღიად თავდასხმა.
პარტიის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან უნდა განთავისუფლებულიყო და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სრულყოფილი რეფორმა ჩატარებულიყო:
"ნაცვლად ამისა მმართველმა გუნდმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად "კლანის" ორი გავლენიანი სახე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია.
ერთი მხრივ, ეს წარმოადგენს ოლიგარქიული რეჟიმის მცდელობას, რომ ყველა ინსტიტუტზე, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების სისტემაზე, დაამყაროს ტოტალური კონტროლი. მეორე მხრივ, გადაწყვეტილება წარმოადგენს ევროპული კავშირის მიერ დადგენილი კრიტერიუმების სრულ უგულვებელყოფას და მიზანმიმართულად ანადგურებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატობის მოპოვების შესაძლებლობას".
ევროკავშირის 12 რეკომენდაციათაგან ერთ-ერთი, პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, არის მართლმსაჯულების რეფორმა და ამ დროს "სრულიად ცინიკურად, პრაქტიკულად, სილის გაწვნით ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის, მურუსიძე და გვრიტიშვილი მშვიდად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში კლანის გასამყარებლად და მართლმსაჯულების სისტემის ბოლომდე მისატაცებლად".
ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევროპული პერსპექტივის მიღებას და "მას ურჩევნია პოლიტიკურად დევნოს ოპონენტები, გაანადგუროს მედია, გაანადგუროს მართლმსაჯულების სისტემა, ცემოს საკუთარი მოქალაქეები, დევნოს აქტივისტები, ოღონდ შეინარჩუნოს ძალაუფლება და დააკარგვინოს ჩვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა".
ელენე ხოშტარიამ მიმართა საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ მათ პოზიციაზეა დამოკიდებული, „დათმობენ თუ არა ევროპულ მომავალს“ და შესაბამისად, მსგავს „მტკივნეულ გადაწყვეტილებებს გულგრილობით არ უნდა შეხვდნენ“ და ოპოზიციასთან ერთად უნდა გამოიტანონ დასკვნები, როგორ უნდა განხორციელდეს „ამ ქვეყნის რეალური დეოლიგარქიზაცია“.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" "შეტევაზე" გადავიდა და აღარ ერიდება ღიად ევროპული რეკომენდაციების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას. "იუსტიციის საბჭოში გადმოსხეს დესანტი "კლანის" მეთაურების, მურუსიძის და გვრიტიშვილის თამადობით, რაც არის პირდაპირ დარღვევა ევროპული რეკომენდაციის. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის რუსეთის სასარგებლოდ გააკეთოს".
გუშინ, 23 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულმა მოსამართლეთა 31-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია.
დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოსამართლეებმა გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.