მოსკოვში ადგილობრივი ხელისუფლება ცივი ომის დროინდელ ბომბსაფრებს ამოწმებს და ამზადებს ახლებს. ამის შესახებ წერს ოპოზიციური გამოცემა “ვაჟნიე ისტორიი”. მოსკოვის რამდენიმე უბანში მოსახლეობას სთხოვეს, 18 ოქტომბრამდე დაცალონ მიწისქვეშა პარკირებები, რადგანაც იქ უნდა შეიტანონ საწოლები, გამათბობლები და წამლები.
რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა მოსკოველმა ანონიმურობის პირობით დაუდასტურა, რომ მსგავსი გაფრთხილება მიიღო სახლმმართველობამაც, რომელშიც მისი ნათესავი მუშაობს.
“ოღონდ აზრზე არ ვარ, ამ გარაჟებმა რამისგან როგორ უნდა დაგვიცვას”, - თქვა მან.
17 ოქტომბერს, მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვლადიმირის მერიამ გამოაქვეყნა ბროშურა, რომელშიც მოსახლეობას შეახსენა, როგორ უნდა მოიქცეს საჰაერო განგაშის შემთხვევაში და მიწისქვეშა თავშესაფრებში ჩასვლის შემდეგ.
შავიზღვისპირა რეგიონში, კრასნოდარის ოლქში ადგილობრივი ხელისუფლება თავშესაფრებს აპრილიდან მოყოლებული აწყობს. “ვაჟნიე ისტორიი” აქვეყნებს ორ წერილს, საიდანაც ირკვევა, რომ ქალაქ სოჭის მერიამ მარტსა და ოქტომბერში გააფრთხილა სახლმმართველობები, კეთილმოაწყონ საცხოვრებელი სახლების სარდაფები და “რადიაციის საწინააღმდეგო შენობები”. იგივე ხდება ბურიატიის რესპუბლიკაშიც.
უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი, ნიკოლაი მალომუჟი ამბობს, რომ რუსეთი ომის გაგრძელებას გეგმავს და ამიტომაც, ემზადება სხვადასხვა ვარიანტისთვის. მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებისა და ნატოს საპასუხო თავდასხმისთვის.
“ახლა ისინი ავითარებენ მთავარ იდეას, რომ ომი დასავლეთთან აქვთ და მას გლობალური ხასიათი ექნება” - უთხრა მალომუჟმა უკრაინულ გამოცემა “უნიანს”.
“როიტერსის“ ინფორმაციით, ბომბსაფრების შემოწმება დაიწყო უკრაინასთან მოსაზღვრე პოლონეთშიც. თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ეს დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი.
კიდევ უფრო დასავლეთით, გერმანიაში, მიწისქვეშა ავტოსადგომების მომზადებისა და საჰაერო განგაშის სისტემების დამონტაჟების ბრძანება ხელისუფლებამ აპრილში გასცა.
“ეს ბლეფი არ არის”
უკრაინაზე თავდასხმის დღიდან, ვლადიმირ პუტინმა რამდენჯერმე თქვა, რომ რუსეთი მის ტერიტორიაზე ნებისმიერ თავდასხმას ბირთვული იარაღით უპასუხებს. სულ პირველად, 24 თებერვალს. “ჩვენთვის ხელის შეშლას ვინც ეცდება, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება და მოჰყვება ისეთი შედეგები, რომელსაც თქვენს ისტორიაში ჯერ არ შეჯახებიხართ… იმედია, გამიგონებენ”, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
და მალევე ამ განცხადებიდან დემონსტრაციულად გადაიყვანა რუსეთის ბირთვული ძალები “სამხედრო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე”.
“ეს ბლეფი არ არის”, - შეახსენა პუტინმა დასავლეთს 21 სექტემბერს, რუსეთში “ნაწილობრივი მობილიზაციის” გამოცხადებისას.
1 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის არაერთი სამხედრო მარცხი, ანექსირებულ დონეცკის ოლქში, ქალაქ ლიმანის დაკარგვით დაგვირგვინდა, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ღიად მოუწოდა ხელისუფლებას, გამოიყენოს “ტაქტიკური ბირთვული იარაღი”. ანუ მთლად ისეთი არა, რომელსაც მეგაპოლისების განადგურება შეუძლია, თუმცა კი იმაზე ბევრად მძლავრი, ვიდრე ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბები.
ასევე ნახეთ რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომლითაც პუტინი იმუქრება? - მოკლედ ახსნილი18 ოქტომბერს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ანექსირებულ ტერიტორიებს რუსეთის ბირთვული არსენალი იცავს.
მყიფე ტაბუ
რუსეთმა თავისი ბირთვული დოქტრინა 2020 წლის ზაფხულში განაახლა. დოკუმენტის თანახმად, კრემლი იტოვებს უფლებას, პირველმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი მას ბალისტიკურ რაკეტებს ესვრიან, ან შეუტევენ ჩვეულებრივი იარაღით, თუმცა ეს “საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს არსებობას”.
დაარღვევს რუსეთი ტაბუს, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებას 1945 წლის შემდეგ ადევს? აზრები იყოფა.
ოქტომბრის დასაწყისში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ საფრთხე რეალურია, რადგან პუტინის არმია “საგრძნობლად მარცხდება”. “არმაგედონის საფრთხის წინაშე აღარ ვმდგარვართ კენედისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ”, - განაცხადა მან.
რობერტ ლეგვოლდისთვის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორისთვის, ეს იმის ნიშანია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საფრთხეს რეალურად აღიქვამს.
მისი თქმით, ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი ბირთვულ რაკეტებს ამზადებს, მაგრამ უკრაინის ტერიტორიების ანექსია და მათი დაცვის ვალდებულების აღება მართლაც ზრდის ბირთვული თავდასხმის საფრთხეს.
აი, ამერიკულ ორგანიზაციაში, “ომის შემსწავლელ ინსტიტუტში” კი ფიქრობენ, რომ ტაბუ ტაბუდ დარჩება. “ისინი ცდილობენ უკრაინის დაშინებას და მის იძულებას, უკან დაიხიოს. ასევე აშინებენ დასავლელ პარტნიორებს, რათა დახმარება შეწყვიტონ. მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს”, - უთხრა რუსეთის მიმართულების ხელმძღვანელმა, კლარკ მეისონმა გამოცემა “ქარენთ თაიმს”.
ლონდონის სამეფო კოლეჯის ბირთვული ექსპერტის, პროფესორ ჰითერ უილიამსის აზრით, ბირთვული რაკეტები გამოუყენებელი დარჩება, რუსეთის მთავარი მოკავშირის, ჩინეთის გამო, რომელზეც ახლა კრემლი ძალიანაა დამოკიდებული.
საქმე ისაა, რომ ჩინეთის ბირთვული დოქტრინის თანახმად, პეკინი უარს ამბობს პირველ დარტყმაზე. “თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ, ჩინეთს დაკარგავენ”, - უთხრა ექსპერტმა “ბიბისის“.
შესაძლო პასუხი
წინა კვირას, ბრიტანეთის დაზვერვის მეთაურმა, ჯერემი ფლემინგმა თქვა, რომ ამჟამად რუსეთს ბირთვული რაკეტები არ გაუმზადებია და თუ დააპირებენ, სპეცსამსახურები ამას აუცილებლად შეიტყობენ. საფრანგეთის და სხვა ქვეყნების ლიდერებმაც აღნიშნეს, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება სამხედრო პასუხი. თუმცა არა ბირთვული. მეტ დეტალს ჯერჯერობით არავინ ამხელს.
“გარდიანის“ ინფორმაციით, დასავლეთის ქვეყნები განიხილავენ მოვლენათა განვითარების არაერთ სცენარს. მათ შორის იმასაც, თუ როგორ უნდა აიცილონ პანიკა, რომელიც პუტინის მიერ ბირთვული რაკეტების გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს.
ამასობაში, 17 ოქტომბერს ნატომ დაიწყო ყოველწლიური წვრთნები და საკუთარი ბირთვული შეიარაღების მზაობას ამოწმებს. უახლეს ხანებში იმავეს იზამს რუსეთიც.
ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის თანახმად, ნატოს ქვეყნებს 5493 რაკეტა აქვთ, რუსეთს კი 5977. ეს მიახლოებითი რიცხვებია, მაგრამ ორივეს ბირთვული არსენალი საკმარისზე მეტია საიმისოდ, რომ დედამიწა არაერთხელ განადგურდეს.