"ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ აგრესიამ და შიშმა გაიმარჯვოს... უნდა დაისაჯოს დიდი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა რუსეთმა", - თქვა მაია სანდუმ.
"ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, უკრაინის რეკონსტრუქციით და ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
17 ოქტომბერს, როდესაც მოლდოვისა და საქართველოს პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას მართავდნენ, ანტიდასავლური მიტინგის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეგროვდნენ, საქართველოს პრეზიდენტიც ახსენეს და მეგაფონით ყვიროდნენ, რომ სანდუს ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
საპროტესტო აქციიდან ფეისბუკლაივი, თავის გვერდზე, პარტია „შორის“ ქვეყნიდან გაქცეულმა მსჯავრდებულმა თავმჯდომარემ, რუსეთთან დაახლოებულმა დილან შორმა გაუშვა. მისი პარტია საპროტესტო აქციების მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევა და ის რუსეთის სახელმწიფო მედიის ყურადღების ცენტრშია.
- რა ხდება მოლდოვაში და როგორ მიიღეს იქ საქართველოს პრეზიდენტი?
მიმართვა მეგაფონით და პრორუსული განცხადებები
„გვინდა მივმართოთ ყველა საერთაშორისო სტრუქტურას, მათ შორის - საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ამჟამად მოლდოვის რესპუბლიკაში იმყოფება - შეხედეთ, რას აკეთებს ეს რეჟიმი მოლდოვაში... ის სიღარიბესა და კორუფციასთან კი არ იბრძვის, არამედ საკუთარ ხალხს ებრძვის“, - აცხადებდა მეგაფონში მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც პრეზიდენტ სანდუს, სხვების მსგავსად, დიქტატორად მოიხსენიებდა. „გადადექი“, „გადადექი“ - გაჰყვიროდნენ, გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, არცთუ მრავალრიცხოვანი მიტინგის მინაწილეები.
ასევე ნახეთ მოლდოვის პოლიციამ დემონსტრანტებს კიშინიოვის ცენტრში კარვების დადგმის საშუალება არ მისცა ასევე ნახეთ მოლდოვაში ოპოზიციური პარტია "შორის" აქტივისტებმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია წამოიწყეს
იულიან გროზა - მოლდოვაში მოქმედი ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, გვეუბნება, რომ აქციის ორგანიზატორები, „რომლებსაც დიდ ყურადღებას უთმობს რუსეთის სახელმწიფო მედია“, „ცდილობენ ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი გამოიყენონ იმის საჩვენებლად, რომ თითქოს ეს პროტესტი ხალხის გულწრფელი პროტესტია, მაგრამ ეს სინამდვილეში ასე არ არის“.
გროზა ასევე ამბობს, რომ საპროტესტო აქციების მთავარ ორგანიზატორ პარტია „შორს“ ამ ეტაპზე რამდენიმე ტელეარხი აქვს, მათ შორის - ერთი ამჟამად შინაპატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, რუსეთთან დაახლოებული დოდონისგან შეიძინა და ეს არხი რუსეთის სახელმწიფო „1 არხის“ რეტრანსლირებას ახდენს.
„რია ნოვოსტისთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში ილან შორი ამბობს, რომ სანდუ თავის „დასავლელ იდეოლოგებსა“ და „პატრონებს“ ემსახურება და ქვეყანა „აბსოლუტურად გარედან იმართება“.
„არ შეიძლება, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომლის ხალხიც მალე შეეჯახება შიმშილსა და სიცივეს, მოუსმინოს თავის დასავლელ იდეოლოგებს და არ აწარმოოს მოლაპარაკებები სტრატეგიულ პარტნიორთან - რუსეთის ფედერაციასთან, რათა იპოვოს გამოსავალი საკუთარი ხალხისთვის. ეს ღალატია“, - ამბობს შორი, რომელსაც მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ მოლდოვას საერთოდ არ უნდა ჰყავდეს ჯარი.
ექსპერტებს არ უკვირთ, რომ მკვეთრად პროდასავლელი პრეზიდენტის, მაია სანდუს წინააღმდეგ განსაკუთრებით გააქტიურდნენ პრორუსული ძალები. თუმცა, როგორც იულიან გროზა გვეუბნება, ილან შორმა ბევრი მხარდამჭერი მაინც ვერ იპოვა. ერთგან შორი ამბობს, რომ მის მიერ ორგანიზებული აქცია 50-ათასიანი იყო; მოლდოვის პოლიციამ კი ამ აქციაზე 6 ათასი ადამიანი დათვალა და, ექსპერტის თქმით, მომიტინგეთა რიცხვი არ იზრდება და თითქმის უცვლელია.
ასევე ნახეთ "არ ვაპირებ იაფი გაზის სანაცვლოდ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას", - მოლდოვის პრეზიდენტი ასევე ნახეთ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოსვლაში მოლდოვის პრეზიდენტმა დაგმო რუსეთის ქმედებებიამჟამად, პარტია „შორის“ იდეური მხარდამჭერები არიან კომუნისტები და სოციალისტები, რომლებსაც მოლდოვის პარლამენტში 30-ზე მეტი მანდატი აქვთ. თუმცა, კომუნისტებისგან განსხვავებით, დოდონის მოწოდებების მიუხედავად, სოციალისტების პარტია, გროზას თქმით, საპროტესტო აქციებს ფიზიკურად ჯერ არ უერთდება. „შორის“ სათვალავზე მოლდოვის პარლამენტში 7 მანდატია.
პრეზიდენტები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ
რუსეთის აგრესია და საოკუპაციო პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო მოლდოვისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე იმართებოდა.
„თუ რუსეთი გაბედავს მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რა თქმა უნდა, ჩვენ თავდაცვის შესაბამის ზომებს მივიღებთ“, - თქვა მაია სანდუმ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსეთის მიერ მოლდოვის საჰაერო სივრცის დარღვევას შეეხებოდა და იქვე დასძინა, რომ „ადამიანების უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია“.
ასევე ნახეთ მაია სანდუ ზურაბიშვილს: იმედი მაქვს, რომ თქვენი ვიზიტი გახსნის ახალ თავს ჩვენს ურთიერთობებში ასევე ნახეთ "ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით და ჩვენი ევროკავშირთან გაერთიანებით" - ზურაბიშვილი სანდუსთან შეხვედრის შემდეგ
„რუსეთის აგრესია არის, ერთი მხრივ, არა დღევანდელი დღის ამსახველი, ანაქრონიზმი არის დღევანდელ დღეს, ეს არის ჩარჩენა იმ საუკუნეში, რომელიც ომების საუკუნე და ტოტალიზებული საუკუნე იყო. ომი უკრაინაში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ასევე ჩვენი ქვეყნებისთვის და ევროპისთვის და ალბათ, მთლიანად მსოფლიოსთვის და ამიტომ არ შეიძლება, რომ აგრესიამ გაიმარჯვოს. არ შეიძლება რომ უსამართლობამ, არაადამიანურობამ გაიმარჯვოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.
პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და მოლდოვის ადგილი ევროპულ ოჯახშია და, ინტეგრაციის გზაზე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული დამატებითი პირობების შესასრულებლად.
„საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს [უკრაინა, მოლდოვა, საქართველო] ევროპული გზა აქვთ არჩეული და მათ საერთო ინტერესები ამოძრავებთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მოლდოველი ექსპერტი, იულიან გროზა.
რუსეთის აგრესიის საფრთხისა და ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის მოლდოვაში ვიზიტს მნიშვნელოვნად მიიჩნევს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. ის თვლის, რომ „კოორდინირებული მოქმედებები და ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ორივე ქვეყნისთვის“, თუმცა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ, ექსპერტი განსაკუთრებულ ძვრებს არ მოელის, რადგან „საქართველოში გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი არ იღებს“.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა არ გამორიცხა, რომ რუსეთთან „სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს“, - მაგრამ იქვე დაამატა, რომ „ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერაა გადასაწყვეტი, საზოგადოებასთან ერთად“ და „მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმია გამოყენებული“.