Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია სანდუ ზურაბიშვილს: იმედი მაქვს, რომ თქვენი ვიზიტი გახსნის ახალ თავს ჩვენს ურთიერთობებში


სალომე ზურაბიშვილისა და მაია სანდუს ერთობლივი პრესკონფერენცია
სალომე ზურაბიშვილისა და მაია სანდუს ერთობლივი პრესკონფერენცია

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინაში მშვიდობის გარეშე ევროპაშიც ვერ იქნება მშვიდობა.

"თქვენი ვიზიტი პირველია 12-წლიანი პაუზის შემდეგ და წელს ჩვენი ქვეყნები აღვნიშნავთ სამ ათწლეულს დიპლომატიური ურთიერთობების. იმედი მაქვს, რომ თქვენი ვიზიტი გახსნის ახალ თავს საქართველო-მოლდოვის ურთიერთობებში და იქნება ახალი იმპულსი. ჩვენ ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, უკვე 8 წელია, უკრაინაში ომია. ჩვენმა ქვეყნებმა პირველივე დღეებში დაგმეს რუსეთის თავდასხმა, რომლის შედეგადაც 10-ათასობით ადამიანი დაიღუპა, განადგურდა ათობით ქალაქი და სოფელი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და მილიონობით ადამიანი გააძევეს...

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღვადგინოთ საერთაშორისოდ აღიარებული მშვიდობა და წესრიგი და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მხარდაჭერა საერთაშორისო საზღვრების, სამართლის მიმართ და იმის მიმართ, რომ ქვეყნებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ საკუთარი ბედი", - თქვა მაია სანდუმ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. დახვედრის ცერემონია კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილი შეხვდება მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს, იგორ გროსუსაც. მოლდოვაში საქართველოს ელჩის, ლევან დიასამიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ისეთი საკითხები განიხილება, როგორებიცაა ევროპული ინტეგრაცია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.

XS
SM
MD
LG