უკრაინამ განაცხადა, რომ წყვეტს ელექტროენერგიის ექსპორტს, რომელიც ევროპას რუსული გაზის ჩანაცვლებას და ენერგოსისტემების სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბრის სარაკეტო იერიშების შედეგად, რუსეთის ჯარებმა უკრაინის 8 რეგიონსა და დედაქალაქ კიევში, ჯამში, 11 მნიშვნელოვანი „ინფრასტრუქტურული ობიექტი" დააზიანეს.
სარაკეტო იერიშებმა აიძულა უკრაინა, რომ თავისი ენერგოსისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, 2022 წლის 11 ოქტომბრიდან, შეეწყვიტა ელექტროენერგიის ექსპორტი.
რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე კოორდინირებულ სარაკეტო იერიშებს „ენერგოშანტაჟის“ მორიგ გამოვლინებად მიიჩნევენ ევროკავშირსა და ნატოში, რომლებიც ფაქტის დაგმობის გარდა, პასუხის გასაცემად ემზადებიან.
„რუსეთს სურს მოსპოს უკრაინიდან ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობა“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზუსტად გამოიცნო რუსეთის სარაკეტო იერიშების ორი ძირითადი სამიზნე - ადამიანები და ენერგოობიექტები.
10 ოქტომბრის დაძაბული დღის შემდეგ, საავიაციო იერიშის მაუწყებელი სირენების ხმა უკრაინის მრავალ რეგიონში 11 ოქტომბერსაც გრძელდებოდა, ხოლო სასწრაფო დახმარების ბრიგადებს კვლავ უხდებოდათ დაშავებული ადამიანების ევაკუაცია.
11 ოქტომბერს რუსეთმა ზედიზედ ორჯერ განახორციელა სარაკეტო იერიში უკრაინის ერთ-ერთ მსხვილ ენერგოობიექტზე - ლადიჟინის თბოელექტროსადგურზე, რომელიც 1 800 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
საწარმოში აცხადებენ, რომ სადგურზე მეორე დარტყმა მოხდა მაშინ, როცა იქ მაშველები მუშაობდნენ. დაბომბვის შედეგად იქ 6 ადამიანი დაიჭრა.
11 ოქტომბერს რუსეთის არმიამ ლვოვის ოლქში რამდენიმე ენერგეტიკულ ობიექტზეც განახორციელა დარტყმები. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, მოხდა სამი აფეთქება. დარტყმების შედეგად ქალაქ ლვოვში გაჩნდა ენერგომომარაგების პრობლემები.
ასევე ნახეთ
რუსეთმა იერიში მიიტანა ენერგოობიექტებზე დასავლეთ უკრაინაში
ჯერჯერობით უკრაინის ხელისუფლება ვერ აკონკრეტებს, თუ ზუსტად რა ზიანი მიადგა რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად ქვეყნის ენერგოსისტემას, მაგრამ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ დიდი ზიანი მიადგა სითბურ გენერაციას და ელექტრო ქვესადგურებს, რომელთა მწყობრში ჩაყენებასაც გარკვეული დრო დასჭირდება.
შექმნილ ვითარებაში უკრაინა იძულებული გახდა, შეეწყვიტა ელექტროენერგიის ექსპორტი ევროკავშირში, რაც მაშინაც კი არ შეუჩერებია, როდესაც ოკუპანტების ხელში აღმოჩნდა ევროპაში ყველაზე დიდი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.
„სწორედ უკრაინიდან ელექტროენერგიის ექსპორტი დაეხმარა ევროპას შეემცირებინა რუსული ენერგორესურსების მოხმარება. და სწორედ ამიტომ ანადგურებს რუსეთი ჩვენ ენერგოსისტემას, რათა მოსპოს უკრაინიდან ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობა“, - განაცხადა 10 ოქტომბერს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ.
უკრაინის უწყებაში იმასაც უსვამენ ხაზს, რომ ევროკავშირთან სინქრონიზების შედეგად და ცალკე, ასევე მოლდოვასა და პოლონეთზე გამავალი ხაზებით, უკრაინის ელექტროენერგია ეხმარებოდა ევროპას, რომ ჩაენაცვლებინა რუსეთის გაზი და ევროპის ენერგოსისტემის სტაბილურობა შეენარჩუნებინა.
მაგრამ ახლა უკრაინას ამ ვალდებულების შესრულება აღარ შეუძლია. რუსეთის საავიაციო და სარაკეტო იერიშების ფონზე, იგი იძულებულია დაზოგოს გამომუშავებული ელექტროენერგია და იგი მთლიანად მოახმაროს საკუთარი ენერგოსისტემის სტაბილურობას.
"რუსეთის იერიშების კიდევ უფრო აგრესიული გახდება“
როგორ აისახება უკრაინაში შექმნილი ვითარება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და რა შეიძლება ამ შემთხვევაში მოიმოქმედოს კოლექტიურმა დასავლეთმა?
ამ შეკითხვით მივმართეთ თენგიზ ფხალაძეს, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროს მკვლევარს, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება.
„უპირველეს ყოვლისა, როგორც კოლეგებთან საუბრით მრჩება შთაბეჭდილება, ამ სარაკეტო იერიშებს აქ არავინ განიხილავს, როგორც შემთხვევითობას და მოულოდნელობას. პირიქით, ყველას გააზრებული აქვს, რომ ეს არის შემადგენელი ნაწილი ენერგოშანტაჟისა, რომელსაც რუსეთი და პუტინი ახორციელებენ. საუბარი მიდის იმაზე, თუ რით და როგორ უპასუხებს რუსეთის ამ ქმედებას ევროკავშირი და ზოგადად დასავლეთი. ხვალ (12 ოქტომბერს) არის ნატოს თავდაცვის მინისტერიალი. გარდა ამისა, ევროკავშირის ეგიდით ასევე მიმდინარეობს მუშაობა ორი ძირითადი მიმართულებით: ერთია, თუ როგორ გააძლიერონ ევროპის ენერგოუსაფრთხოება და როგორ უპასუხონ რუსეთს. რადგან გასაგებია, რომ თუ რუსეთს არ უპასუხებენ, შემდგომში მისი იერიშები ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესარყევად, კიდევ უფრო აგრესიული გახდება“, - უთხრა ფხალაძემ რადიო თავისუფლებას.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 11 ოქტომბერს ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო მომავალ კვირაში გამართავს ყოველწლიურ წვრთნას ბირთვულ საფრთხესთან გამკლავებაში, რომელიც „დიდი ხნის წინ“ იყო დაგეგმილი და რომ ალიანსი გულდასმით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს.
ასევე ნახეთ
სტოლტენბერგის თქმით, "უკრაინას აჩქარება აქვს" შეძენილი რუსეთთან ომში
თავის მხრივ, ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლის გაძლიერების გზებზე მუშაობს ევროკავშირი, რომლისთვისაც ელექტროენერგიის მიღების ერთ-ერთ ალტერნატივად, შესაძლოა, აზერბაიჯანიც განიხილებოდეს.
„ მუშაობენ როგორც საშუალოვადიან, ისე გრძელვადიან ალტერნატიულ ვარიანტებზე. სხვათა შორის, ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში განიხილება აზერბაიჯანიდან არა მხოლოდ გაზისა და ნავთობის, არამედ ასევე ელექტროენერგიის ექსპორტიც, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ახლო მომავალში საუბარი მიდის თავად ევროკავშირის შიგნით ენერგიის მოწოდების ოპტიმიზაციაზე, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში განიხილება ახალი მომწოდებლებიც, სადაც შეიძლება აზერბაიჯანიც მოიაზრებოდეს. ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს ინფრასტრუქტურის და კავშირის განვითარებას, ამ შემთხვევაში შეიძლება სწორედ საქართველოს გავლით, და ამიტომაც ვახსენე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს-მეთქი. მაგრამ გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება ნულამდე დაიყვანონ რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულება, ასეთი გადაწყვეტილება პრაქტიკულად უკვე მიღებულია“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.
მაგრამ, როგორც ჩანს, საკუთარი გადაწყვეტილება მიღებული აქვს რუსეთსაც. რუსეთის არმია ბოლოდროინდელი მარცხის შემდეგ ერიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან პირდაპირ ბრძოლაში შესვლას და, პანიკისა და შიშის დასათესად, აგრძელებს ენერგოობიექტებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებას.
11 ოქტომბერს რუსეთის მხრიდან განმეორებით განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, უშუქოდ იყო დარჩენილი ლვოვის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ნაწილი.
ლვოვის მერის, ანდრეი სადავოის, თანახმად, იერიშების შედეგად ქალაქის 30%-ს ელექტროენერგია არ ჰქონდა. ამის გამო შეფერხდა სასმელი წყლის მიწოდება ქალაქის ორ დიდ რაიონში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ წყლის გარკვეული მარაგები შექმნან.
ვითარება უკიდურესად რთულია დნეპროპეტროვსკის ოლქში, სადაც რუსეთის სარაკეტო დარტყმებმა ორ ენერგეტიკულ ობიექტზე გამოიწვია ნგრევა. ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ თავის ტელეგრამის არხში მოსახლეობას აცნობა, რომ ოლქში „ამოქმედდება ელექტროენერგიის ტოტალური ეკონომიის რეჟიმი“, რათა შესაძლებელი გახდეს საავადმყოფოების, ტრანსპორტისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური ინფრასტრუქტურის მუშაობა.