“კარტოგრაფების საქმის” ერთ-ერთ მოწმესთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანთან კითხვები პროკურორებსა და ბრალდებულების ადვოკატებს ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზმა სასამართლოს პირდაპირ და ირიბად, არაერთხელ უთხრა, აქ მხოლოდ დავითგარეჯთან დაკავშირებით 2012 წელს გაკეთებული განცხადების გამო ვარ და სხვა საკითხებზე პასუხები არ მაქვსო, მისი პასუხებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი.
მიხეილ ბოტკოველმა სასამართლოზე თქვა, რომ:
- “კარტოგრაფების საქმის” გამოძიებისას საპატრიარქოს გარეჯის თემაზე სამსჯელოდ სტუმრობდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სასულიერო პირებს ეხმარებოდნენ “საკითხის უკეთესად გარკვევაში”. მათი ვინაობა და შეხვედრების დრო დეკანოზმა ვერ გაიხსენა.
- საქართველოს პატრიარქი დავითგარეჯის საკითხის გადასაწყვეტად წერილებს სწერდა როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ისე კავკასიის მუსლიმთა სულიერ ლიდერს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდებულების დაცვის მხარის შუამდგომლობა, საპატრიარქოს არქივიდან გამოეთხოვათ და საქმისთვის დაერთოთ ეს მიმოწერა.
- ქართულ მხარეს ბერთუბანზე “ამბიცია” და “პრეტენზია” არასოდეს ჰქონია, ვინაიდან ის ღრმად არის შეჭრილი აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. დეკანოზ მიხეილ ბოტკოველის ეს განცხადება ეწინააღმდეგება 2012 წელს მისსავე განცხადებას, სადაც საუბრობს ბერთუბნის მონასტრის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის აუცილებლობის შესახებ.
ბოტკოველის ნათქვამიდან, ასევე ირკვევა, რომ საპატრიარქოში არ აქვთ მკაფიო წარმოდგენა, შეთანხმებულია თუ არა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის ის მონაკვეთი, რომელიც დავითგარეჯის სიახლოვეს გადის. მათი ცოდნა საზღვრის შეთანხმების სირთულეებთან დაკავშირებით, ძირითადად გარეჯელი ბერის, მამა კირიონის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება, რომელიც “კარტოგრაფების საქმის” ერთ-ერთი საკვანძო მოწმეა.
მიხეილ ბოტკოველი, როგორც 29 სექტემბერს გამართულ სასამართლოს სხდომაზე გაირკვა, “კარტოგრაფების საქმის” მოწმე გახდა 2012 წელს გაკეთებული განცხადების გამო, რაც, როგორც ირკვევა, წარმოადგენდა საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას, იმავე პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ნინო კალანდაძის განცხადებაზე. 2012 წლის მაისში კალანდაძემ თქვა, რომ გარეჯის კომპლექსის ნაწილი საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არ შედის საქართველოს საზღვრებში.
“ჩვენ დიდი იმედი გვქონდა გუშინდლამდე, რომ საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლები მოლაპარაკების გზით აღმოჩნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში. სამწუხაროდ, ვიგებთ გუშინ საღამოს, რომ ეს ტერიტორიები არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, როგორიცაა ბერთუბანი, ჩიჩხიტური და მისი მიმდებარე ეკლესიები აღმოჩნდა ფაქტობრივად საზღვარს იქით, სადაც დღეს ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება. ეს ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის, პირდაპირ წარმოუდგენელია, მოხდა ხელის გაშვერა კომუნისტებისკენ”, - ასე გამოეხმაურა მაშინ დეკანოზი ნინო კალანდაძის განცხადებას და როგორც დღეს განმარტა სასამართლო სხდომაზე, ეს იყო არა პირადად მისი, არამედ საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია.
დეკანოზმა სასამართლოზე თქვა, რომ მაშინ ეკლესია იმედგაცრუებული იყო არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებითაც.
პროკურორი დაინტერესდა, რაზე დაყრდნობით გააკეთა მიხეილ ბოტკოველმა 2012 წლის განცხადება.
დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი: როგორც კი დავითგარეჯის ირგვლივ... გაჩნდა პრობლემები მიმოსვლასთან დაკავშირებით და მომლოცველებს და სასულიერო პირებსაც შეექმნათ პრობლემები ჩიჩხიტურთან ასვლასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ დადგა ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან აქტუალურად საპატრიარქოში. ჩვენ კონსულტაციები გვქონდა იქ მყოფ სასულიერო პირებთან, ვთხოვდით, რომ მაქსიმალურად სიმშვიდე დაეცვათ, ვეუბნებოდით არ დაეძაბათ სიტუაცია და გვქონდა კომუნიკაცია ხელისუფლებასთანაც. ვთხოვდით, აქტიურად ჩართულიყვნენ ამ საქმეში, რადგანაც ამ მხარის ასე მიტოვება და დავითგარეჯთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნების გაჩენა, ქართველი ერისთვის, საქართველოს ეკლესიის ადმინისტრაციისთვის და ჩვენი მომლოცველებისთვის იყო კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ გვესმოდა, რომ ისინი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, მახსოვს, რომ მაშინდელ პრეზიდენტსაც [მიხეილ სააკაშვილს - რ.თ] ჰქონდა ამ საკითხზე განცხადება გაკეთებული. მან პრაქტიკულად გამორიცხა, უფრო სწორად, ძალიან ორაზროვანი განცხადება გააკეთა მან. ის ამბობდა, რომ თითქოს მთების გარკვეული ნაწილი სტრატეგიული დანიშნულებიდან გამომდინარე აზერბაიჯანული მხარის ინტერესში იყო, რომ მათ საკუთრებაში ყოფილიყო. საქმე იმაში იყო, რომ ამ ქედის ზუსტად საზღვარზე დგას ის სადაო ძეგლები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ამიტომ გაუგებარი იყო, თუ ამ ნაწილს ვაძლევდით აზერბაიჯანულ მხარეს, ეს ნაწილი ვინ იცის ჩვენი როგორ იქნებოდა. ასეთი ბუნდოვანი განცხადებები იყო გაკეთებული და, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც საფუძველი გახდა ასეთი პოზიციის. ქალბატონი ნინოს [ნინო კალანდაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი პრესსპიკერი - რ.თ.] ამ განცხადებამ საერთოდ წყალი გადაასხა ყველაფერს.
ამ საკითხებზე საუბარი დაიწყო, მე თუ სწორად მახსოვს, 2005 წლიდან, 2006 წლიდან. აქამდე ასეთი შეზღუდვები არ იყო და იქაური სასულიერო პირები ამაზე არ საუბრობდნენ. როგორც კი გაჩნდა ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ხშირად ვსაუბრობდით ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ რაც შეგვეძლო, ვრეაგირებდით ამაზე, ვცდილობდით ეს დაძაბულობა კონფლიქტში არ გადაზრდილიყო.
ასევე ნახეთ რა ჩვენი საქმეა საზღვრები? - დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა სასამართლოს ჩვენება მისცაპროკურორი: რა არის თქვენთვის, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენლისთვის ცნობილი, 2004, 2005, 2006 წლებს ვგულისხმობ, ორმა სახელმწიფომ შეათანხმა თუ არა საზღვრის რომელიმე ისეთი მონაკვეთი, რაც მონასტერს ეხება, ჩიჩხიტურს პირობითად, ან მის მიმდებარედ, თუ არის თქვენთვის ცნობილი? იმ პერიოდს ვგულისხმობ.
დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი: რაც ამ საკითხმა ასეთი აქტუალობა შეიძინა, ამის მერე ინტენსიურად ხდებოდა მამა კირიონის მოსმენა საპატრიარქოში. ის ხშირად მოდიოდა, მან რამდენჯერმე წარმოადგინა რუკები. რა თქმა უნდა, რაც ეს პრობლემა გაჩნდა, ჩვენ ყველა დავინტერესდით, თუ რა იყოს ამის მიზეზი და რატომ მოხდა ასეთ დოკუმენტზე ხელმოწერა. მე რაც მაქვს ინფორმაცია, ძველი მოლაპარაკებების დროს, შევარდნაძის დროს, 1995 წელი იყო თუ 1996 წელი, რუკა არსებობს ამისი, სადაც სავარაუდოდ საზღვარი უნდა გასულიყო თხემის იქით, ჩვენი ეკლესიისთვის სასარგებლოდ, რადგანაც დაუბრკოლებლად იქნებოდა შესაძლებელი მომლოცველების ასვლა თხემზე, იქ ხელის შეშლა რომ არ მომხდარიყო. შემდეგში, 2006 წლის შეთანხმება აბსოლუტურად განსხვავდება იმ შეთანხმებისგან, რა შეთანხმებაზეც იყო ადრე ლაპარაკი. აღმოჩნდა, რომ საზღვარი გადის ზუსტად თხემზე და დატოვებულია სიცარიელე, სადაც არის ჩიჩხიტური. თხემს აქეთ არის გადმოტანილი საზღვარი და არა თხემს იქით, როგორც იგეგმებოდა, საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
ასევე ნახეთ “არ მახსენდება, საქართველოს რაიმე პოზიცია დაეთმოს” - გელა დუმბაძემ “კარტოგრაფების საქმეზე” მეორედ მისცა ჩვენებადავითგარეჯთან საქართველოსა და აზერბაიჯანს საზღვრის მონაკვეთები შეთანხმებული ამ დრომდე არ აქვს. მიხეილ ბოტკოველმა სასამართლო სხდომაზე გაიხსენა ისიც, რომ სახელმწიფოც და საპატრიარქოც მუშაობდა ვერსიაზე, თუკი აზერბაიჯანი დავითგარეჯთან საზღვრის გავლებას საქართველოსთვის მისაღები პოზიციით არ დათანხმებოდა, ემსჯელათ ადგილმონაცვლეობაზე და ამ ტერიტორიების სანაცვლოდ სხვა ადგილების გადაცემაზეც.
“როდესაც იძაბებოდა სიტუაცია გარეჯის ირგვლივ, იყო ასეთი საუბრები, რომ თუ სხვა ალტერნატივა არ გვექნებოდა და აზერბაიჯანული მხარე დაჟინებით მოითხოვდა ამ ტერიტორიების მათ შემადგენლობაში დატოვებას, ეს უკიდურესი გამოსავალი იქნებოდა, ორი უბედურებიდან რომ ერთი უნდა აირჩიო”, - თქვა დღეს დეკანოზმა სასამართლო სხდომაზე.
დეკანოზმა დღეს სასამართლოს უთხრა ისიც, რომ ნანახი აქვს რუკები საქართველოსთვის საზიანო პოზიციით, რომელსაც ბრალდებულების ხელმოწერა ახლავს თან. მისთვის ეს რუკები არის იმის დასტური, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დავითგარეჯის საკითხს მეზობელ ქვეყანასთან საქართველოსთვის მიუღებელი პოზიციით ათანხმებდნენ.
"[2006 წელს] რატომ გადმოიწია საზღვარმა აქეთ და ჩაატარეს პირდაპირ თხემზე, რაც, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის ქართულ ძეგლებს. გამოძიებაც სწორედ ამას ედავება მათ, რომ მათი მონაწილეობით არის სწორედ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გაკეთებული, ამაზე მიდის აქ მსჯელობა. ეს ხელმოწერა ნანახი მაქვს, იქ ათასი რუკა აქვთ, ნამდვილად ვერ დავაკონკრეტებ, რომელი რუკა იყო, ყოველ შემთხვევაში, ჩემი თვალით მაქვს საპატრიარქოში რუკა ნანახი, სადაც ივერი მელაშვილი აწერს ქართული მხარის სახელით ხელს. გამოძიებაც სწორედ ამას ედავება მათ, რომ მათი მონაწილეობით არის სწორედ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გაკეთებული, ამაზე მიდის აქ მსჯელობა", - თქვა დეკანოზმა სასამართლოზე. ბრალდებულ ივერი მელაშვილის განმარტებით, რუკები, რომლებზეც სასულიერო პირი საუბრობს, მხარეთა შორის გაცვლილი ვარიანტებია განსახილველად და სამსჯელოდ და არა შეთანხმებული პოზიციის ამსახველი დოკუმენტაცია.
გიორგი მახარაძე, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი: როდესაც დავითგარეჯის ტერიტორიებს ამბობთ, კონკრეტულად დავითგარეჯის ტერიტორიებს გულისხმობთ?
დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი: რა თქმა უნდა, ვსაუბრობ იმ ტერიტორიებზე, რომელიც ოდითგანვე იყო საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში. არ ვსაუბრობ მე იმ ტერიტორიაზე, რომელიც არის სამი კილომეტრით დაშორებული
გიორგი მახარაძე, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი: ბერთუბანს გულისხმობთ?
დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი: ბერთუბანზე ჩვენ არ გვქონია პრეტენზია და ამბიცია. ის რამდენიმე კილომეტრით არის დაცილებული იმ რეგიონზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ის აშკარად ხვდებოდა აზერბაიჯანული სახელმწიფოს შემადგენლობაში, სამწუხაროდ.
გიორგი მახარაძე, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი: გავიგე, რომ ბერთუბანზე არ საუბრობთ, სხვა კონკრეტული ნაწილები ხომ არ შეგიძლიათ დაასახელოთ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის?
დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი: ჩიჩხიტური, აღდგომის ტაძარი და დიდი ლავრა.
გიორგი მახარაძე, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი: დღეს ამათგან რომელზე არის გადადგილება თქვენი ინფორმაციით შეზღუდული?
დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი: ჩიჩხიტურზეც და აღდგომის ტაძართან მიმართებაშიც, დღეს არ ვიცი, ამ წუთისთვის რა ვითარებაა, მაგრამ ზოგადად პირობითი სიმშვიდეა, ყოველ შემთხვევისთვის მამებისთვის იქ ასვლა პრობლემა არ არის, როგორც ვიცი. [ჩიჩხიტურის კოშკზე ასვლა ქართულ მხარეს შეზღუდული აქვს 2019 წლის შემდეგ - რ.თ.]
გიორგი მახარაძე, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი: ხომ არ იხსენებთ რაიმე ფაქტს, რომ საპატრიარქოს კომუნიკაცია ჰქონდა აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოებთან, ხომ არ გახსენდებათ ეგეთი გარემოება?
დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი: მე ვახლდი პატრიარქს ვიზიტის დროს აზერბაიჯანში. მე იმ შეხვედრას არ დავსწრებივარ, მაგრამ მახსოვს, პატრიარქმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან დააყენა საკითხი საინგილოში ქართული ტაძრების გახსნის თაობაზე და გარეჯის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით მახსოვს ის, რომ პატრიარქმა რამდენჯერმე მიწერა წერილი, როცა გარეჯის საკითხი გამწვავდა ამიერკავკასიის სულიერ ლიდერს [კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს - რ.თ.] და, თუ სწორად მახსოვს, აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვისაც უნდა ჰქონდეს მიწერილი წერილი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიზიტით ვიყავით, თუ არ ვცდები, 2012 წელს, ამ დროს აზერბაიჯანის და გარეჯის თემა იყო უკვე მტკივნეული და პატრიარქი ყველა საშუალებას იყენებდა ამისთვის… პატრიარქს ძალიან თბილი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანის სულიერ ლიდერთან, მისი მეშვეობით ხშირად მიგვიწვდენია ხმა პრეზიდენტთან, რომლისგანაც ყოველთვის ვიღებდით დადებითი პასუხებს, მაგრამ ეს სინამდვილეში აღარ სრულდებოდა.
ასევე ნახეთ „კარტოგრაფების საქმე“: აცდენები გამოკითხვის ოქმებსა და ზეპირ მონაყოლშიდეკანოზის ამ განცხადების შემდეგ ბრალდებულების დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, საპატრიარქოს არქივიდან ამოღებულ იქნას და საქმეს დაერთოს ის წერილობითი კომუნიკაცია, რაც საპატრიარქოს ჰქონდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურებთან, მათ შორის, პრეზიდენტთანაც დავითგარეჯის საკითხზე. სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მიხეილ ბოტკოველმა უკმაყოფილება გამოხატა სასამართლოს სხდომაზე ივერი მელაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის, კითხვების გამო, რომელიც საზღვრის დადგენის საერთაშორისო ნორმებსა და მიღებულ პრაქტიკას შეეხებოდა. დეკანოზმა თქვა, რომ სასამართლოში მისი 2012 წლის განცხადების ირგვლივ კითხვებზე საპასუხოდ იყო მოსული და “ლექციების მოსასმენად არ ეცალა”.
მშვენიერაძე დაინტერესდა, აღიარებს თუ არა საპატრიარქო საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებს 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, როცა ოფიციალურად დაიშალა საბჭოთა კავშირი? მან განმარტა, რომ ეს საკითხი, როგორ უყურებს საქართველოს საპატრიარქო საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებს, პირდაპირ კავშირშია იმასთან, როგორი განცხადება და პოზიცია ექნება საპატრიარქოს გარეჯის საკითხზე.
მშვენიერაძემ ბოტკოველს ასევე ჰკითხა, ხომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, ან ხომ არ უმსჯელიათ საპატრიარქოში დოკუმენტზე, აღმოსავლეთ ევროპასა და საბჭოთა კავშირში ახალი სახელმწიფოების აღიარების კრიტერიუმების შესახებ, რომელიც 1991 წლის დეკემბერშია მიღებული. და იცოდა თუ არა დეკანოზმა, რა კრიტერიუმებს აწესებდა ეს დოკუმენტი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში საზღვრების აღიარებისთვის?
ადვოკატმა იკითხა, როდესაც განცხადებებს ამზადებდნენ საზღვრების თაობაზე, იცოდა თუ არა საპატრიარქომ, რას ამბობს საზღვრებზე საერთაშორისო სამართალი?
გიორგი მშვენიერაძის ამ კითხვებს დეკანოზმა უარყოფითი პასუხები გასცა და დასძინა, რომ ის არ იყო არც ისტორიკოსი და არც მიწათმომწყობი, რომ ამგვარ კითხვებზე ეპასუხა.
დეკანოზი გააღიზიანა სასამართლო დარბაზში გამოკითხვის ხანგრძლივობამაც - კითხვებს ის დაახლოებით ორსაათ-ნახევრის განმავლობაში პასუხობდა. მას შემდეგ, რაც დეკანოზმა გაჭიანურებული დაკითხვის გამო უკმაყოფილება გამოხატა, მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ განუმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე "ადამიანების ბედი წყდებოდა" და შესვენების გამოცხადება შესთავაზა, რაზეც მღვდელმსახურმა უარი განაცხადა.
დღესვე, “კარტოგრაფების საქმეზე” სასამართლომ დაკითხა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ყოფილი მრჩეველი, მამუკა ბალავაძე. მან სასამართლოს უთხრა, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობის შინაარსობრივ მხარეში არასოდეს ჩარეულა და არც კითხვები გასჩენია ამ კომისიის წევრების კომპეტენციასა თუ პატიოსნებაზე.
კარტოგრაფების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომები თბილისის საქალაქო სასამართლოში 18, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება.
ასევე ნახეთ "კარტოგრაფების საქმე" - გამოძიების ქრონოლოგია