Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“არ მახსენდება, საქართველოს რაიმე პოზიცია დაეთმოს” - გელა დუმბაძემ “კარტოგრაფების საქმეზე” მეორედ მისცა ჩვენება


"კარტოგრაფების საქმის" სასამართლო განხილვა ნელა, მაგრამ გრძელდება - ამ დროისთვის სასამართლოს დაკითხული ჰყავს ათამდე მოწმე. 

დღეს „კარტოგრაფების საქმეზე” სასამართლომ მეორედ დაკითხა დიპლომატი, საგანგებო დავალებათა ელჩი და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის ყოფილი მრჩეველი, გელა დუმბაძე. იგი ამ პოზიციას 2005 წელს იკავებდა და ამავე სტატუსით ესწრებოდა საზღვრის დამდგენი კომისიების შეხვედრას 2005 წელს ბაქოში.

გელა დუმბაძე სასამართლომ პირველად 2021 წლის მაისში დაკითხა. მეორე ჩვენებაში ხაზგასმით და რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვრის შეთანხმებისას მეზობელ ქვეყანასთან პოზიციები არ დაუთმია და ამის თქმის საფუძველს აძლევს როგორც ის შეხვედრა, რომელსაც მრჩევლის სტატუსით ესწრებოდა, ასევე მისი კოლეგების პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმის რწმენა. დუმბაძემ ასევე თქვა, რომ „კარტოგრაფების საქმის” ბრალდებულის ივერი მელაშვილის, როგორც სანდო კადრისა და პროფესიონალის სიტყვა ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და ქმედითი, თუმცა არცერთი კომისიის წევრი დამოუკიდებლად და ხელმძღვანელების გადაწყვეტილების გარეშე არ მოქმედებდა და გამონაკლისი ამ მხრივ არც ივერი მელაშვილი ყოფილა.

გელა დუმბაძეს პროკურორებმა 7 ივლისის სასამართლო სხდომაზე რამდენჯერმე, სხვადასხვა ფორმულირებით ჰკითხეს, დათმო თუ არა საქართველომ 2005 წელს პოზიცია ბაქოში სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიების შეხვედრაზე. ბრალდების მხარე თვლის, რომ საქართველოს 1996 წელს უკეთესი პოზიცია ჰქონდა საზღვრის რიგ მონაკვეთებთან დაკავშირებით და 2005 წელს ეს პოზიცია ქვეყნისთვის საზიანოდ შეცვალა. პროკურორებს დუმბაძემ განუმარტა, რომ მას კარტოგრაფიული მიმართულებით განათლება არ აქვს, არც საზღვრის დამდგენი კომისიების მუშაობაში ყოფილა აქტიურად ჩართული და ვერც რუკებზე კომისიის მუშაობას შეაფასებს, თუმცა იმ შეხვედრაზე, რომელსაც ის თითქმის 20 წლის წინ ესწრებოდა, გარემო იყო საქმიანი და ორივე მხარე ცდილობდა საკუთარი ინტერესების დაცვას.

„იქ არის ჩემი ხელმოწერა. იქ რომ ადგილი ჰქონოდა რაიმე პოზიციის დათმობას, მე ამას ხელს არ მოვაწერდი”.

„არ ჩანს, რომ საქართველომ რამე დათმო, არ მახსენდება რაიმე დათმობა”.

„ეს არ იყო შეხვედრა, სადაც ახალი საკითხი წარმოიშვა და იქვე გადაწყდა. ეს იყო დიდი პროცესის ნაწილი და ასეთი რამეები ასე მარტივად არ წყდება”.

„მე ჩემი კოლეგების გულანთებულობის და პროფესიონალიზმის და პატრიოტიზმის ყოველთვის დიდი რწმენა მქონდა. ვინმეს პოზიცია რომ დაეთმო, ამას ვინმე აღნიშნავდა. აზერბაიჯანელებსაც დაეტყობოდათ, რომ გამარჯვებას მიაღწიეს. ასეთი არაფერი ყოფილა”.

„აზერბაიჯანული მხარე არის საკმაოდ მძიმე მოლაპარაკებებში და როგორც ყველა ღირსეული მხარე, ის იცავდა თავის პრინციპებს. არ არის მარტივი მათთან მოლაპარაკება”.

„ჩვენ თავისუფალი სამყაროს შვილები ვართ და ეს თავისუფლება ყოველთვის ჩანს შეხვედრებში. აზერბაიჯანის დიპლომატია მძიმეა”.

პროკურორი გიორგი მუჯირი გელა დუმბაძეს აჩვენებს რუკებს და სთხოვს მათ შორის არსებული განსხვავებების შესახებ აზრის გამოთქმას მას შემდეგ, რაც დუმბაძემ არაერთხელ თქვა, რომ კარტოგრაფიულ მასალაზე განმარტებებს ვერ გააკეთებდა. მოსამართლემ დაუშვებლად ცნო ეს კითხვა.
პროკურორი გიორგი მუჯირი გელა დუმბაძეს აჩვენებს რუკებს და სთხოვს მათ შორის არსებული განსხვავებების შესახებ აზრის გამოთქმას მას შემდეგ, რაც დუმბაძემ არაერთხელ თქვა, რომ კარტოგრაფიულ მასალაზე განმარტებებს ვერ გააკეთებდა. მოსამართლემ დაუშვებლად ცნო ეს კითხვა.

სასამართლო სხდომაზე გელა დუმბაძეს რამდენჯერმე მოუხდა იმის ახსნა, რომ ელჩის მრჩეველი არ ერევა არც იმ შეხვედრების შინაარსობრივ მხარეში, რომლებსაც ესწრება, ან რომლებსაც ორგანიზებას უწევს და არც ახლა აპირებდა იმაზე საუბარს, რაც მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება.

„კარგი დიპლომატის კომპეტენციაა, ისაუბროს იმაზე, რაც მან კარგად იცის. მე რაც შემიძლია ვთქვა, იყო საკმაოდ საქმიანი, პოზიტიური განხილვა, მხარეთა მხრიდან საკუთარი ინტერესების მაქსიმალურად დასაცავად. კარტოგრაფიული მასალაც იყო წარმოდგენილი და მიდიოდა სერიოზული მუშაობა. მრჩეველი ჩანაწერს აკეთებს [იმ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრება] საელჩოსთვის. სტანდარტული ჩანაწერია, შინაარსობრივი ჩაღრმავებები ნაკლებად კეთდება”, - თქვა სასამართლო სხდომაზე საგანგებო დავალებათა ელჩმა.

დუმბაძეს პროკურორებმა კითხვა მისი კოლეგის, ივერი მელაშვილის შესახებაც დაუსვეს. დაინტერესდნენ, რამდენად იყო ის კომპეტენტური იმ სფეროში, რომელშიც მუშაობდა და ჰქონდა თუ არა კარტოგრაფის განათლება.

„ივერი იყო ექსპერტი. ექსპერტობაში იგულისხმება ცოდნა, გამოცდილება, კონტექსტის და პრეისტორიის ცოდნა”.

„ბატონ ივერის ჰქონდა თავისი სიტყვა: აშკარა და ქმედითი. ის ჩემი თანამშრომელი იყო წლების განმავლობაში”.

„ბატონ ივერის ჰქონდა ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში. ბევრი თავმჯდომარე შეიცვალა, ბატონი ივერი რჩებოდა. ეს არის ფაქტი”.

ამ პასუხების შემდეგ პროკურორები დაინტერესდნენ კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, მალხაზ მიქელაძის კვალიფიკაციითაც და გელა დუმბაძეს ჰკითხეს, მას თუ ჰქონდა კარტოგრაფიული ცოდნა. გელა დუმბაძემ მათ განუმარტა, რომ მალხაზ მიქელაძე მაღალი რანგის დიპლომატია და მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით კითხვები არასდროს ჰქონია.

დღესვე მოწმის სახით სასამართლოში დაიკითხა ნათელა მირიანაშვილი. ის სომხეთსა და რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიების წევრების დამხმარე სამუშაო ჯგუფის წევრი იყო და აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

„კარტოგრაფების საქმეზე” მომდევნო სასამართლო სხდომა მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ 15 ივლისს ჩანიშნა.

„კარტოგრაფების საქმეზე“ გამოძიება 2020 წლის ზაფხულის მიწურულს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის მინისტრის წერილის საფუძველზე დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრია. სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად პროკურატურა ამ დრომდე იძიებს, ვისი დავალებით მოქმედებდნენ საქმის ბრალდებულები ქვეყნის საზიანოდ.

XS
SM
MD
LG