აშშ აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლაზე: საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია

ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ლუკაშენკა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას 29 სექტემბერს ბიჭვინთაში შეხვდა

საქართველოსა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია. ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა 28 სექტემბერს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, როგორია რეაქცია ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკას ჩასვლაზე.

პრაისის განცხადებით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმ ვალდებულებებზე, რომლებიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო, თავისი ძალები გაიყვანოს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აფხაზეთში ლუკაშენკას ვიზიტის დამგმობი განცხადება და დამატებითი დეტალებისთვის საქართველოს მთავრობას უნდა მიმართონ.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს
ასევე ნახეთ საქართველოს პრეზიდენტი მკაცრად გმობს ოკუპირებულ აფხაზეთში ალიაქსანდრ ლუკაშენკას ჩასვლას

ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკას „ვიზიტი“ დაგმეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პროტესტის ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი. ოპოზიციურმა პარტიებმა "ქართული ოცნების" მთავრობის რეაქციას სუსტი უწოდეს და მკაცრი ზომების მიღება, მათ შორის მინსკიდან ელჩის გამოწვევა მოითხოვეს.

28 სექტემბერს, ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას. ერთი დღით ადრე, ლუკაშენკა სოჭში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.

ასევე ნახეთ ბჟანია: "აფხაზეთი მზადაა ბელარუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს"

ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა 28 სექტემბერს, ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას თქვა, რომ მათ „უფროს ძმასთან, ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინთან" გვიან ღამემდე განიხილავდა აფხაზეთის პრობლემას და მივიდნენ ერთ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება" და მას უნდა დაეხმარონ, რათა ხალხმა ნორმალურად იცხოვროს. ლუკაშენკას განცხადებითვე, აფხაზეთში მისი ჩასვლა არ უკავშირდება რაიმე განსაკუთრებულ სიტუაციას, რადგან სიტუაცია ნორმალური აქვთ, გეოპოლიტიკა არ აწუხებთ, მშვიდობიანი, კეთილი და შრომისმოყვარე ხალხია, თანხმობაში ცხოვრება უნდათ და მათი ურთიერთობების ფუნდამენტი უნდა გახდეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. როგორც ლუკაშენკამ თქვა, სურთ არა მხოლოდ "მეგობრობის ხიდის გადება", არამედ "ძალიან სერიოზული ურთიერთობების დალაგება".

ასევე ნახეთ ვინ არის „დესანტი“ და „გენერალი“, ვინც ლუკაშენკას ბიჭვინთაში ახლდა?

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მოკავშირე ლუკაშენკას არ აქვს აღიარებული საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა. მას ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ ეს დასავლეთისგან მოსალოდნელი სანქციების გამო არ გააკეთა. ლუკაშენკას ნათქვამი აქვს ისიც, რომ საქართველოს რეგიონები შესაძლოა, აღიაროს, თუ ეს აუცილებელი იქნება და ამას პუტინი ეტყვის.

ასევე ნახეთ ლუკაშენკამ თქვა, რა შემთხვევაში აღიარებს აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს"