რუსეთის პატრიარქი: უკრაინაში სიკვდილი "ცოდვებს ჩამორეცხავს"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი. 2017 წლის ფოტო

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა კირილმა თავის მიმდევრებს უთხრა, რომ სამხედრო სამსახურისას გაღებული მსხვერპლი "ყველა ცოდვას ჩამორეცხავს".

პატრიარქი ამ სიტყვებით გამოვიდა საკვირაო ქადაგებაში 25 სექტემბერს, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია და იზრდება კრიტიკული განწყობა კრემლის იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ითვალისწინებს ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების შესავსებად.

დასავლეთის ოფიციალური პირების შეფასებით, რუსეთმა 70 000-დან 80 000-მდე სამხედრო დაკარგა მას მერე, რაც თებერვალში პროვოცირების გარეშე შეიჭრა უკრაინაში. რუსეთის წარმომადგენლების განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაცია მხოლოდ რეზერვისტებს შეეხება და ომში 300 000 ადამიანს ჩართავს. თუმცა, რუსეთის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მობილიზაციის რეალური სამიზნეა 1 მილიონი პირი. თავის მხრივ, ცნობებს იმის შესახებ, რომ გაწვევა ეხება სამხედრო გამოცდილების არმქონე და დადგენილ ასაკზე მეტი ასაკის მამაკაცებსაც, კრიტიკა კრემლის მომხრე ძალების მხრიდანაც მოჰყვა.

კირილი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განუხრელი მხარდამჭერია, მან დალოცა საომარი ძალისხმევა და ნათქვამი აქვს, რომ რუსები უკრაინელების ხოცვით საგმირო საქმეს სჩადიან. თუმცა, ამავე დროს, კირილი მოუწოდებდა რუსებს, უკრაინელები მტრებად არ აღექვათ.

"ვიცით, რომ დღეს ბევრი ადამიანი იხოცება დამანგრეველი ბრძოლის ველებზე, - თქვა კირილმა მოსკოვთან ახლოს მდებარე ეკლესიაში 25 სექტემბერს და დასძინა, - ეკლესია ლოცულობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს, რაც შეიძლება ცოტა ძმამ დახოცოს ერთმანეთი ამ ძმათამკვლელ ომში".

ამასთან, რუსეთის ეკლესიის პატრიარქმა იქვე განაცხადა: "ეკლესია აცნობიერებს, რომ თუკი ვინმე, ვისაც ამოძრავებს მოვალეობის განცდა, ფიცის შესრულების აუცილებლობა, თავისი მოწოდების ერთგული რჩება და საომარი მოვალეობის შესრულებისას იღუპება, იგი, ეჭვგარეშეა, სჩადის ქმედებას, რომელიც მსხვერპლშეწირვას უტოლდება. და ამიტომაც გვწამს, რომ ეს მსხვერპლი ჩამორეცხავს ყველა ცოდვას, რომელიც ადამიანს აქვს ჩადენილი".

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას კირილი აღიქვამს დაცვად "დეკადენტური დასავლეთისგან" და აცხადებს, რომ "რუსეთი არავის დასხმია თავს".

უკრაინაში, მართლმადიდებელთა 34-მდე პროცენტი ეკუთვნის უკრაინის მთავარ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც 2019 წელს კონსტანტინოპოლის და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ოფიციალურად აღიარა გამოყოფილად მოსკოვის საპატრიარქოსგან.

2020 წლის გამოკვლევის თანახმად, უკრაინაში მცხოვრები მართლმადიდებლების დაახლოებით 14 პროცენტი თავს მიაკუთვნებს უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიას.