„თანამდებობრივად მხოლოდ პირთა ვიწრო წრეს აქვს წვდომა უმაღლესი დონის სახელმწიფო საიდუმლოებასთან. მაგრამ ვხედავ, რომ სოციალურ ქსელებში ზოგიერთი კორესპონდენტი ისე წერს სამხედრო ოპერაციის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების შესახებ, თითქოს ჰქონდეთ მათზე წვდომა და ჰქონდეთ მათი გავრცელების კანონიერი ნებართვა“, - წერს ტელეგრამის არხით გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი.
მიუხედავად იმისა, რომ ანა მალიარი არ აკონკრეტებს, თუ რა სახის და ვის მიერ გავრცელებული საიდუმლო ინფორმაცია აქვს მხედველობაში, უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტები და მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ შექმნილ ვითარებაში ხელისუფლება იძულებულია გააძლიეროს საიდუმლო ინფორმაციის დაცვა.
„ჩვენთან გამოცხადებულია სამხედრო მდგომარეობა, რომლითაც იზღუდება სიტყვის თავისუფლება. სწორედ ასეთი მიდგომის შედეგად მოხერხდა ხარკოვის მიმართულებით დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის გასაიდუმლოება“, - ამბობს საიტ „უკრაინსკაია პრავდას“ მიმომხილველი, იური პანჩენკო.
ვის პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს ანა მალიარი?
უკრაინის ხელისუფლებაში აცნობიერებენ, რომ საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შეიზღუდოს ბრძოლის ველიდან ცნობების, მით უფრო კარგი ცნობების გავრცელება.
შესაბამისად, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის გაფრთხილება იმაში მდგომარეობს, რომ იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების კანონიერი საფუძველი, „საზოგადოებრივი აზრის ლიდერები“ დაეყრდნონ მხოლოდ იმ ოფიციალურ პირებს და წყაროებს, რომელთაც საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა აქვთ და არა იმათ, ვინც ეს სხვისგან მოისმინა.
„თანამდებობრივად მხოლოდ შეზღუდულ პირთა ვიწრო წრეს აქვს წვდომა უმაღლესი დონის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე. ცხადია, ამ უფლებამოსილების ფარგლებში მე ვიცი, თუ ვინ და რა სახის ოპერაციას გეგმავდა აღმოსავლეთსა და სამხრეთში და ვინ იყო მომხრე და ვინ წინააღმდეგი. მაგრამ ვხედავ, რომ სოციალურ ქსელებში ზოგიერთი კორესპონდენტი ისე წერს სამხედრო ოპერაციის დაგეგმვასა და გადაწყვეტილებაზე, თითქოს ჰქონდეს წვდომა და კანონიერი ნებართვა მათ გავრცელებაზე.
ასევე ნახეთ როგორ (რატომ) სჯობნის უკრაინა რუსეთსცხადია, მე შემეძლო მიმემართა სამართალდამცველი ორგანოებისთვის, რათა მოეძებნათ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟონავი. მაგრამ ჯერჯერობით ისინი მხოლოდ ჭორებს ავრცელებენ. მახარებს, რომ ჯერჯერობით „საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს“ და ტელეგრამის არხებს არავინ ეუბნება, თუ რა იყო და რა არის სინამდვილეში. მაგრამ, თუ მოხდება ინფორმაციის არასანქცირებული გაჟონვა, ამაზე რეაგირებას კანონის შესაბამისად მოვახდენთ“, - წერს ტელეგრამის არხში ანა მალიარი, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის სამხედრო უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს, თუ ვის მიმართ და რა სახის ინფორმაციის გასაჯაროებაზე აქვს პრეტენზიები, უკრაინელი სამხედრო მიმომხილველები და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ანა მალიარს პირველ ყოვლისა მხედველობაში უნდა ჰყავდეს სხვადასხვა რანგის უკრაინელი მოხელეები, რომლებიც მედიას სამხედრო უწყებასთან შეუთანხმებლად აწვდიან მგრძნობიარე ინფორმაციას.
„საუბარი ჩემი აზრით ეხება სიტუაციას, რომელიც შეიქმნა ხარკოვის ოლქში განვითარებული შეტევის აქტიური ფაზის გარშემო. ზოგიერთი ფუნქციონერი, რომლებსაც შეხება აქვთ საოლქო ადმინისტრაციებთან, უკრაინის ჯარების მიერ ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების აღების შესახებ იტყობინებოდნენ. ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ამის შესახებ არავითარი ცნობა არ ჰქონდა გამოქვეყნებული და ითხოვდა, რომ შეზღუდულიყო ამა თუ იმ ქალაქის დაკავებისა თუ უკრაინული ჯარის წინსვლის შესახებ ცნობების გავრცელება. საქმე ისაა, რომ შეიარაღებული ძალები იმედოვნებდნენ, რომ მათი გადაადგილება მტრისგან დამალულია. ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნებით კი მტერს შეეძლო დაედგინა, თუ სად იმყოფებოდა უკრაინის არმია, რა მიმართულებით მოძრაობს და რა ქმედებებს გეგმავს. ამიტომ ამ ეტაპზე, როდესაც ხარკოვის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია და იგეგმება სხვა შეტევითი ოპერაციები, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აფრთხილებს სხვადასხვა დონის ფუნქციონერებს, მათ მიერ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისას გაითვალისწინონ საიდუმლოების ხარისხი, რომლის დარღვევისთვის შესაბამისი სასჯელი იქნება გამოყენებული“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხაილო სამუსმა, „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტმა.
„ნაადრევია მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფა“
უკრაინელი ექსპერტები იხსენებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის ხელისუფლება სხვადასხვა დონის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ჟურნალისტებთან საუბარი რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად შემუშავებულ სამხედრო გეგმებსა და მათი განხორციელების ტაქტიკაზე.
სულ ბოლოს ეს მოხდა აგვისტოს დასაწყისში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის ქალაქ ნოვოფიოდოროვსკში, „საკის“ სამხედრო-საავიაციო ბაზაზე აფეთქებების სერიის მიზეზზე გამოთქმულ ვარაუდებთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ ზელენსკი მოუწოდებს მოხელეებს, შეწყვიტონ მედიაში უკრაინის სარდლობის სამხედრო ტაქტიკის განხილვააფეთქებების შედეგად სულ მცირე რვა რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა. ინციდენტმა დიდი მღელვარება გამოიწვია საზღვაო კურორტზე მყოფ დამსვენებლებში.
რუსეთი ამტკიცებდა, რომ აფეთქება დაუდევრობას მოჰყვა. ამ ვერსიას არც უკრაინის ხელისუფლება უარყოფდა. მაგრამ ანონიმმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ამერიკულ გამოცემა Washington Post-ს უთხრეს, რომ აფეთქება ყირიმში მდებარე ობიექტზე უკრაინის სამხედრო ძალებმა განახორციელეს.
ამ ცნობას მაშინ უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება მოჰყვა.
თავის ფეისბუკპოსტში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აღნიშნავდა, რომ უშიშროების სამსახური იძიებს იმ მოხელის ვინაობას, რომელმაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ყირიმში მომხდარი აფეთქების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. „მსგავსი ხასიათის გაჟონვა არღვევს უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმებს, ვინაიდან მოწინააღმდეგე ახდენს საკუთარი მოქმედებების კორექტირებას და ამ ინფორმაციას ჩვენ საწინააღმდეგოდ იყენებს“, - წერდა იმხანად ანა მალიარი.
მაგრამ დღემდე უცნობია, დაადგინეს თუ არა უკრაინელმა სამართალდამცველებმა იმ უკრაინელი მოხელის ვინაობა, რომელმაც აფეთქებების შესახებ ცნობა ანონიმურად მიაწოდა მედიას.
თანაც, როგორი ცნობა: 10 აგვისტოს ამერიკული გამოცემა Washington Post-ი უკრაინის ხელისუფლების დამოუკიდებელ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ანექსირებულ ყირიმში ნოვოფიოდოროვსკის რუსულ სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებები უკრაინის სპეციალური ძალების ოპერაციის შედეგია.
რა არის ამ ინფორმაციაში დასამალი? ან რატომ არ შეიძლება სოციალურ ქსელებში იმაზე მსჯელობა, თუ რომელ სამხედრო სარდალს უფრო მეტი წვლილი მიუძღვის ხარკოვის მიმართულებით განხორციელებული წარმატებული კონტრშეტევითი სპეცოპერაციის დაგეგმვაში?
ყველაფერს თავისი დრო აქვს, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.
„ხარკოვის მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატების შემდეგ, სოციალურ ქსელებში აქტიურად ალაპარაკდნენ იმაზე, თუ ვის უფრო მეტი წვლილი მიუძღვის ამაში. ეს არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი თუ სახმელეთო ძალების სარდალი, გენერალი ალექსანდრ სირსკი. ჩემი აზრით, ამ საკითხის რკვევას არ აქვს ახლა კარგი საფუძველი, რადგან ნაადრევია მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფა. რუსეთზე გამარჯვების შემდეგ, ვფიქრობ, ჩვენ ისედაც გავიგებთ, თუ ვინ გეგმავდა ამ ოპერაციებს. და მიუხედავად ამისა, თუ ვინ გეგმავდა მათ, ნამდვილი შემოქმედი ამ გამარჯვებისა უბრალო უკრაინელი ოფიცრები და ჯარისკაცები არიან, რომლებიც თავიანთი ძალებით ჭედენ უკრაინის გამარჯვებებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ.
ომს მართლაც თავისი წესები აქვს.
ცნობები, რომ უკრაინელი სამხედროები რუსული ძალების პოზიციებს წარმატებით უტევენ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროთი ვრცელდებოდა, თუმცა, უკრაინის გენერალურმა შტაბმა საჯაროდ მხოლოდ დღეს, 9 სექტემბერს განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები აწარმოებენ წარმატებულ კონტრშეტევას ხარკოვის მიმართულებით და სამ დღეში წინ წაიწიეს თითქმის 50 კილომეტრით.
ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბმა ოფიციალურად პირველად ახსენა "წარმატებული კონტრშეტევა" ხარკოვშიწინა ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის სამხედრო ძალებმა კონტროლი დაამყარეს ხარკოვის ოლქის დაახლოებით 20%-ზე. უკრაინის არმია ამჟამად კონტრშეტევას აწარმოებს ოკუპირებულ ხერსონის ოლქშიც.
საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ასევე დონბასის მიმართულებითაც.