Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი მოუწოდებს მოხელეებს, შეწყვიტონ მედიაში უკრაინის სარდლობის სამხედრო ტაქტიკის განხილვა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალურ პირებს მოუწოდა, შეწყვიტონ ჟურნალისტებთან საუბარი რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად შემუშავებულ სამხედრო ტაქტიკაზე, ხოლო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ინფორმაციის გაჟონვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

11 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკის აღნიშნული კომენტარი მოჰყვა კვირის დასაწყისში ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის ავიაბაზაზე აფეთქებების სერიის მიზეზთან დაკავშირებით მიმდინარე სპეკულაციებს.

არაერთი თანამგზავრით გადაღებულ სატელიტურ სურათებზე ჩანს, რომ აფეთქებების შედეგად დასავლეთ ყირიმის ქალაქ ნოვოფიოდოროვსკში, "საკის" სამხედრო-საავიაციო ბაზაზე სულ მცირე რვა რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა. ინციდენტმა დიდი მღელვარება გამოიწვია საზღვაო კურორტზე მყოფ დამსვენებლებში.

რუსეთის განცხადებით, აფეთქება დაუდევრობას მოჰყვა. მაგრამ ანონიმმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ამერიკულ გამოცემებს აცნობეს, რომ აფეთქება ყირიმში მდებარე ობიექტზე უკრაინის სამხედრო ძალებმა განახორციელეს.

"მსურს ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან მომენტს სამხედრო სფეროს, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის და სხვა მოხელეების გასაგონად, რომლებიც კომენტარს აკეთებენ ფრონტზე მიმდინარე მოვლენებზე, სამხედრო სარდლობის თავდაცვის გეგმაზე, კონკრეტული ოპერაციების მომზადებაზე. არსებობს მარტივი, ზოგადი წესი: ომში ნამდვილად არ არის ხმამაღალი და ამბიციური განცხადებების დრო. ჩვენი თავდაცვის გეგმების შესახებ რაც უფრო ნაკლებ კონკრეტულ დეტალებს გაახმოვანებთ, მით უკეთესი იქნება ამ თავდაცვის გეგმების განხორციელებისთვის", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 აგვისტოს, ღამით უკრაინის მოქალაქეებისადმი გაკეთებულ მიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ რომელ ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე საუბრობდა.

10 აგვისტოს ამერიკული გამოცემა Washington Post-ი უკრაინის ხელისუფლების დამოუკიდებელ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ანექსირებულ ყირიმში ნოვოფიოდოროვსკის რუსულ სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებები უკრაინის სპეციალური ძალების ოპერაციის შედეგია.

გამოცემა არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელ ქვედანაყოფზეა საუბარი, თუმცა მანამდე დასავლური გამოცემები წერდნენ, რომ სპეციალურ დავალებათა უკრაინული ძალები რუსული არმიის ზურგის სიღრმეში, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე ოპერაციების ორგანიზებით არიან დაკავებული.

Washington Post-თან საუბარში, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი არ აზუსტებს, კონკრეტულად როგორ განხორციელდა ნოვიფიოდოროვსკზე თავდასხმა.

თავის ფეისბუკპოსტში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აღნიშნავს, რომ უშიშროების სამსახური იძიებს იმ მოხელის ვინაობას, რომელმაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ყირიმში მომხდარი აფეთქების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. "მსგავსი ხასიათის გაჟონვა არღვევს უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმებს, ვინაიდან მოწინააღმდეგე ახდენს საკუთარი მოქმედებების კორექტირებას და ამ ინფორმაციას ჩვენს საწინააღმდეგოდ იყენებს", - წერს ანა მალიარი.

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა, ანონიმურობის პირობით, გამოცემა "ვაშინგტონ პოსტს" განუცხადა, რომ ნოვოფიოდოროვსკზე თავდასხმა, სავარაუდოდ, უკრაინამ განახორციელა, რაშიც შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღი არ გამოუყენებია.

XS
SM
MD
LG