უკრაინა რუსეთთან ომში წარმატებით იყენებს წინააღმდეგობის მეთოდს, რომელიც აღწერილია აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ შემუშავებულ “წინააღმდეგობის ოპერატიულ კონცეფციაში” (The Resistance Operating Concept - ROC). ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, წინააღმდეგობის ეს კონცეფცია შეერთებულ შტატებში შეიქმნა 2013 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და, ბევრ სხვა კომპონენტთან ერთად, მოიცავს ომში არა მხოლოდ სამხედროების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მონაწილეობას.
კონცეფცია
უკრაინის ხელისუფლება არ მალავს, რომ კიევი დგას მტრის ღრმა ზურგში სამხედრო ბაზებსა და საბრძოლო მასალის საცავებზე განხორციელებული თავდასხმების უკან. საუბარია იმდენად ღრმა ზურგზე, რომელიც აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის მოქმედების არეალს მიღმაა. ერთ-ერთი ასეთი აფეთქება, რომელიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმაც აღიარეს, ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის სამხედრო საწყობში მოხდა 2022 წლის 16 აგვისტოს.
სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მტრის ზურგსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი აფეთქებები და სხვა სახის სამხედრო-დივერსიული ოპერაციები ნაწილია კომპლექსური გეგმისა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან წარმატებით მიჰყვებიან.
”კომპლექსური თავდაცვის თვალსაზრისით, უკრაინის მთავრობას ყველაფერი რიგზე აქვს, - ამბობს გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი მარკ შვარცი, რომელიც წინააღმდეგობის ოპერატიული დოქტრინის შემუშავების დროს ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაური იყო, - ისინი იყენებენ ყველა რესურსს, მათ შორის ზოგიერთ ძალიან არატრადიციულ საშუალებას, რათა ძირი გამოუთხარონ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს“.
უკრაინა ცოცხალი ძალისა და შეიარაღების რიცხოვნებით საგრძნობლად ჩამორჩება რუსეთს, თუმცა ამის მიუხედავად წარმატებით ებრძვის მას სწორედ წინააღმდეგობის ოპერატიული დოქტრინის წყალობით. გენერალ შვარცის თქმით, „ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან გამკლავების საშუალება... უბრალოდ წარმოუდგენელია იმაზე დაკვირვება, თუ რა შეუძლია წინააღმდეგობის გაწევის სურვილსა და ნებას“.
ყირიმში რუსეთის პოზიციებზე განხორციელებული თავდასხმებისა და დაბომბვების სერიაში წინააღმდეგობის კონცეფციის გამოყენების ნიშნებს ხედავს გადამდგარი პოლკოვნიკი კევინ სტრინგერიც, რომელიც, CNN-ის ცნობით, წინააღმდეგობის ოპერატიულ დოქტრინაზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობდა:
„რადგანაც თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება ჩვეულებრივი გზით, უნდა გამოიყენოთ სპეციალური ოპერაციების ძალები, ამ ძალებს კი სჭირდებათ წინააღმდეგობის მხარდაჭერა - დაზვერვა, რესურსები, ლოგისტიკა - ამ რეგიონებში შესასვლელად“.
კონფლიქტის დაწყებისას უკრაინის მთავრობამ შექმნა არაერთი ვებსაიტი, რომლებიც უკრაინელებს უჩვენებენ და უხსნიან წინააღმდეგობის გაწევის სხვადასხვა გზას. საიტებზე აღწერილია არაძალადობრივი ქმედებების გამოყენების მეთოდები, მათ შორის მასობრივი ღონისძიებების ბოიკოტი, გაფიცვები და ა.შ. ამ ყველაფრის მიზანია ძირი გამოუთხაროს პრორუსული ხელისუფლების მართვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შეახსენოს მოსახლეობას უკრაინის სუვერენიტეტის შესახებ. წინააღმდეგობის დოქტრინა ასევე გულისხმობს ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას, ხანძრების გაჩენასა და ქიმიკატების დამატებას ბენზინის ავზებში მტრის მანქანების მწყობრიდან გამოსაყვანად.
დოქტრინა ასევე გულისხმობს ინფორმაციის გაცვლის ფართო კამპანიას კონფლიქტის ნარატივის გაკონტროლების მიზნით, ოკუპანტების მესიჯების გავრცელების დაბლოკვასა და მოსახლეობის ერთიანობის შენარჩუნებას.
რუსული ტანკების აფეთქებების ამსახველი ვირუსული ვიდეოები (პოპ ან მძიმე მეტალის საუნდტრეკებით), ისევე როგორც უკრაინელი ჯარისკაცების მიერ უპატრონოდ დარჩენილი ცხოველების გადარჩენის კადრები - ნებსით თუ უნებლიეთ ეს ყველაფერი ასევე წინააღმდეგობის ნაწილია, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს შექმნას მომგებიანი სათაურები დასავლურ მედიაში.
წინააღმდეგობის სათავეში დგას პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც თავისი ყოველდღიური ვიდეომიმართვებით, მოვლენების კომენტირებითა და ხშირი საერთაშორისო გამოსვლებით, განსაკუთრებულ როლს თამაშობს.
ტოტალური თავდაცვა, სამამულო ომი...
საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ საყურადღებო დასკვნები გააკეთეს როგორც დასავლეთმა, ასევე რუსეთმა. ამ უკანასკნელმაც მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატარა და თვისებრივად სხვა ჯარით დაიკავა ყირიმი 2014 წელს და დაიწყო ომი უკრაინასთან 2022 წელს. რაც შეეხება წინააღმდეგობის ოპერატიულ კონცეფციას, რომელზეც ამერიკელები მუშაობდნენ, ვახტანგ კაპანაძის თქმით, ამ ტიპის კონცეფციაზე უწევს ფიქრი ყველა ქვეყანას, ვისაც დიდი რესურსების მტერი უპირისპირდება:
„ამუშავებენ დამატებით გეგმას, რომელიც გულისხმობს ტერიტორიულ თავდაცვას, ქვეყნის მთელი რესურსის სამხედრო ყაიდაზე გადაყვანას, მასობრივ წინააღმდეგობას და ა.შ. ზოგი ამ კონცეფციას ტოტალურ თავდაცვას უწოდებს, ზოგი ტოტალურ წინააღმდეგობას, ზოგი სამამულო ომს და ა.შ.“
უკრაინის "საინფორმაციო წინააღმდეგობის" ჯგუფის კოორდინატორი ალექსანდრ კოვალენკოც, სამოქალაქო წინააღმდეგობის მეთოდებსა და პოტენციალზე საუბრისას, ამბობს, რომ წინააღმდეგობის ოპერატიულ კონცეფციაში ახალი არაფერია, რადგან ქვეყნის მოსახლეობის რესურსის სრულმასშტაბიანი გამოყენება ოკუპანტების წინააღმდეგ ნებისმიერი ომის კლასიკური სქემაა.
„აგრესორის საოკუპაციო მოქმედებებისადმი წინააღმდეგობა, ლოგიკურად, ყველაზე აქტიურად ვლინდება იმ ტერიტორიებზე, რომლებშიც საოკუპაციო ჯარი იმყოფება. ამჟამად, ასეთი რეგიონები, პირველ რიგში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებია. ასევე ძლიერი წინააღმდეგობაა ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზეც. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე საუბარი შედარებით რთულია, რადგან იმ დასახლებების უმეტესი ნაწილი, რომლებიც ახლა ოკუპირებულია, მისმა მცხოვრებლებმა, უმეტესწილად, დატოვეს. ეს დასახლებები პირწმინდად განადგურებულია. იგივე პოპასნაიას თუ ავიღებთ, გადამწვარი მიწა შეგვრჩება ხელში. ამიტომ, მე არ ვისაუბრებდი რაიმე განსაკუთრებულ ტაქტიკაზე, რადგან ეს ტაქტიკა არის საბაზისო: მოსახლეობის, განსაკუთრებით სამოქალაქო პირების წვრთნა, ქვეყნისთვის ნებისმიერი კრიტიკული სიტუაციის შესაბამისად გადამზადება და ა.შ. ჩერნიგოვის, სუმისა და კიევის ოლქები ოკუპაციის ქვეშ იყვნენ თვეზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში და წინააღმდეგობას ჰქონდა პარტიზანული ომის სახე. მონადირეებმა, მეტყევეებმა და ა.შ. ძალიან კარგად გამოიჩინეს თავი. ანუ, ადამიანებმა, რომლებსაც ხელში სანადირო ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირათ, თავი გამოიჩინეს ჩერნიგოვის ოლქის ტყეებში, კიევის ოლქში - მოაწყვეს რეიდები მცირე რუსულ საოკუპაციო ნაწილებზე, ჯგუფებზე“, - ამბობს ალექსანდრ კოვალენკო, რომლის თქმითაც, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში მოსახლეობა მეტად მასშტაბურად ავლენს თავს, რადგან, გარდა იმისა, რომ ხშირია კოლაბორანტებისა და მოღალატეების ლიკვიდაციის ფაქტები, თვითონ საოკუპაციო ძალებიც ვერ გრძნობენ თავს კომფორტულად უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში.
„ამის დასტურად გამოდგება პატრულების რაოდენობის გაზრდა 3-5 კაციდან 10-15 კაცამდე. რატომ გაზარდეს რაოდენობა? იმიტომ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა საპატრულო რაზმები გაუნადგურებიათ. და კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მუდმივი ინფორმირება ცალკეულ დასახლებებში, ამა თუ იმ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გარკვეულ ობიექტებზე რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაწილების არსებობის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ სწორედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იყენებენ რუსი ოკუპანტები თავიანთი ქვედანაყოფების, სამხედრო ნაწილების, საცეცხლე პუნქტებისა და საწყობების განსათავსებლად. სწორედ ამ ინფორმაციის წყალობით იზრდება არტილერიის, კერძოდ, მაღალი სიზუსტის რეაქტიული M142 HIMARS-ების, M270 MLRS-ების ეფექტიანობა“, - ამბობს ალექსანდრ კოვალენკო.
უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობის მიზეზები
საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე ჩამოთვლის იმ მიზეზებს, რომლებმაც განაპირობა რუსეთის ჯარების გეგმების კრახი და უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობა:
- მთელი ერი დახვდა მომზადებული. ერის ნება იყო ძალიან მაღალი, გაეწიათ წინააღმდეგობა, ებრძოლათ, არ დანებებულიყვნენ.
- უკრაინელი მებრძოლის ფაქტორი. რომ ავიღო საშუალო არითმეტიკული, უკრაინელი მებრძოლი გაცილებით მაღლა დგას თავისი შესაძლებლობებით რუს მოწინააღმდეგეზე. ინდივიდუალურ დონეზე - გენერლებით დაწყებული რიგითებით დამთავრებული, უკრაინელები სჯობნიან როგორც მოტივაციით, ასევე უნარებით, სულისკვეთებითა და საბრძოლო ხელოვნებით.
- განსხვავება ჯარების მართვასა და ომის წარმოებაში. უკრაინა 2014 წლიდან აქტიურად ცდილობს გადავიდეს ნატოს სტანდარტებზე. ნატოს სტანდარტებზე გადასვლა ასევე ნიშნავს სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის განსხვავებულ თანმიმდევრობას - ალგორითმს, ვიდრე ეს ხდება რუსულ შეიარაღებულ ძალებში. უკრაინელ სამხედროს აქვს ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობა, რაც აძლევს დიდ უპირატესობას მოწინააღმდეგეზე. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ასობით წლის განმავლობაში იყო დამკვიდრებული მიდგომა, რომ ინიციატივა დასჯადია და ამ მიმართულებით დიდად არაფერი შეცვლილა. ომის პირველ ეტაპზე რუსებმაც სცადეს მართვის დეცენტრალიზაცია, რაც საომარი მოქმედებების წარმოების ნატოს სტანდარტია. ყველაზე დაბალი დონის მეთაურს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად, შეუძლია ინიციატივის გამოჩენა. რუსები შეეცადნენ ამის გაკეთებას თავიდან. მაქსიმალურად დანაწევრებული იყვნენ საბატალიონო-ტაქტიკურ ჯგუფებად,- ეცადნენ თანამედროვე ომის წარმოებას, მაგრამ ამგვარ დეცენტრალიზებას სჭირდება მეთაური შესაბამისი სწორი სამხედრო განათლებით, რომელსაც არ ეშინია ინიციატივის ხელში აღების. რუსებს ასეთი მეთაურები არ ჰყავდათ. შესაბამისად, უკრაინელებისგან განსხვავებით, რუსებმა ეს სიახლე ვერ გამოიყენეს.
- აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთის მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას აძლევს უკრაინას მოწინააღმდეგის რაოდენობრივი უპირატესობა გაათანაბროს ხარისხობრივი უპირატესობით. სისტემები, რომლებსაც უკრაინა იღებს, ხარისხობრივად ბევრად აღემატება რუსულ შეიარაღებას.
მთავარსარდლების ფაქტორი
ვახტანგ კაპანაძის თქმით, უმნიშვნელოვანესია უმაღლესი მთავარსარდლების ფაქტორიც.
„პუტინი თავისი ქცევითა და ომის ვითომდა იგნორირებით, ცდილობს აჩვენოს, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება, რომ ეს ომი კი არა, ლოკალური ამბავია და რომ მას სამხედროები მიხედავენ და ა.შ. ზელენსკი კი აჩვენებს, რომ ეს არის სამამულო ომი და, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის ყველა ადამიანი - ქალი, კაცი და ქვეყნის ხელმძღვანელობა ვალდებულია იყოს ჩართული საომარ მოქმედებებში ან მხარში ედგეს ჯარს“, - ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
ომისადმი მთავარსარდლების განსხვავებული დამოკიდებულება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ რუსეთში. პოლიტოლოგ გლებ პავლოვსკის თქმით, პუტინი თითქოს აორთქლდა, თითქოს მხოლოდ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ კი არა, ქვეყანაც მართვის გარეშეა დარჩენილი, მაშინ როცა, პავლოვსკის თქმით, ზელენსკი მოქმედებს ძალიან რაციონალურად:
„თავს წარმოაჩენს თამაშის წამყვანად, ვითარების ბატონ-პატრონად. ამ ომში ყველაზე პატარა მოვლენასაც კი ზელენსკი თავის ნარატივში ატარებს, თავის კონცეფციაში რთავს. საყურადღებოა სისტემატური ანგარიში, როგორ ეფექტიანად იყენებენ მიღებულ შეიარაღებას. ჩემი აზრით, ზელენსკიმ შექმნა თანამედროვე 3D ომის იდეალური ტექნოლოგია. ეს არ არის ფრონტების ომი. ეს არის ერთდროულად რამდენიმეკომპონენტიანი ომი. ეს არც ჰიბრიდული ომია, როგორც ადრე ამბობდნენ. სულ სხვა ტიპის ომია. მიდის აქტიური პროპაგანდისტული ქმედებები, რომელიც ასევე გულისხმობს ყოველი საბრძოლო ოპერაციის უწყვეტ კომენტირებას ხელსაყრელ ჭრილში. რაც რუსეთის გენშტაბის ტრადიციონალისტებისათვის წარმოადგენს საომარი მოქმედებების თეატრს, ზელენსკისთვის ერთგვარი ფიტნეს-ლანდშაფტია, რომელსაც იგი მართავს“.
გლებ პავლოვსკის თქმით, ასეთ ვითარებაში, უკრაინა-რუსეთის ომი აუცილებლად მივა რუსეთისა და დასავლეთის საომარ დაპირისპირებამდე.
„არა მეტაფორულ, არამედ რეალურად დაპირისპირებამდე და ეს რუსეთისთვის აბსოლუტურად უპერსპექტივო ომი იქნება. პუტინი დღე და ღამე უნდა ფიქრობდეს ომის შეჩერებაზე, უკრაინის სამშვიდობო პროცესებში ჩართვაზე, მაგრამ ეს არ ხდება“.