"ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" წასული დეპუტატები განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერენ, რომ გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა, უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ, პოლიციის იმიჯისა და რეპუტაციის შესალახად მოითხოვა. დიმიტრი ხუნდაძის, სოხარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის წერილს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ არის დადანაშაულებული დეზინფორმაციის გავრცელებასა და სახელმწიფო სტრუქტურების დასუსტების მიზანმიმართულ მცდელობაში, საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
"ოცნებიდან წასული" დეპუტატების წერილი ერთგვარი გამოხმაურებაა ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკაზე, რაც პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მოჰყვა ე.წ. მოსმენების კანონზე. პარლამენტარები ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ არც ეს კანონი და არც ადმინისტრაციულ კანონში ცვლილებები, რომელიც ასევე იყო კრიტიკის საგანი და რასაც ხელისუფლება აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიულ იარაღაც იყენებს, ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში უკან გადადგმული ნაბიჯი არ არის და ქვეყანაში წესრიგის უკეთ დაცვას ემსახურება.
ასევე ნახეთ "მოსმენების კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას" - აშშ-ის საელჩო"სიმართლის მთქმელი დეპუტატები" წერილში წერენ, რომ სასამართლოსა და პროკურატურის იმიჯის დაზიანების შემდეგ, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი მხარდამჭერი საელჩო აკეთებს წლების განმავლობაში, აუცილებელი იყო პოლიციის რეპუტაციის შელახვაც და ყოფილი შინაგან საქმეთა და შემდგომში პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სწორედ ამ მისიას ასრულებდა. პარლამენტარების თქმით, გახარიას შესვლას კლუბ "ბასიანში", ასევე პანკისის სპეცოპერაციას, გუნდის შიგნით მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
"გახარიას „ბასიანში“ შესვლას თავის დროზე გუნდშიც სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით კახა კალაძის მხრიდან, რომელიც თავის სამართლიან აღშფოთებას ყველაზე აქტიურად გამოხატავდა. რაც თავიდან ავანტიურისტული შეცდომა გვეგონა, სრულიად შეგნებული დანაშაული აღმოჩნდა. როგორც ჩანს, „ბასიანში“ შესვლის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში პოლიციის იმიჯის შელახვა და პოლიციელების მიმართ აგრესიის გაჩენა იყო და ეს დავალება გახარიამ პირნათლად შეასრულა.
პოლიციის იმიჯის შესალახად და დასაკნინებლად ჩატარდა პანკისის სპეცოპერაციაც, სადაც გახარიამ სპეცრაზმი არასწორ დროს შეიყვანა და არასწორი დავალებებით ამოქმედა. ყველას კარგად გვახსოვს უმძიმესი სურათი მძიმედ დაშავებული პოლიციელებითა და განადგურებული სპეცტექნიკით. რაც შეცდომა გვეგონა, ამ შემთხვევაშიც შეგნებული დანაშაული აღმოჩნდა, რომელიც ასევე პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა.
რატომ ასროლინა გახარიამ დამიზნებით რეზინის ტყვიები ჟურნალისტებზე და შტურმიდან მოშორებით მყოფ ადამიანებზე, ეს ცალკე განხილვას საჭიროებს. რა თქმა უნდა, მიზანი აქაც პოლიციის იმიჯის დაზიანება და მის მიმართ მოსახლეობაში აგრესიის გაჩენა იყო. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ, გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა სწორედ პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა", - წერენ დეპუტატები დღეს, 10 სექტემბერს გავრცელებულ წერილში.
ოთხეული მიიჩნევს, რომ "იქ, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურები სუსტდება, ხელისუფლებაც ადვილი მოსარყევი ხდება" და ამიტომ ხელისუფლება უკომპრომისო უნდა იყოს კრიმინალთან ბრძოლაში და არ შეეპუოს საელჩოს განცხადებებს.
ასევე ნახეთ "ოცნებიდან" წასულები: აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას პოლარიზაციისთვის და ხელისუფლების შეცვლისთვის იყენებსსაქართველოს პარლამენტმა ე.წ. მოსმენების კანონი 7 სექტემბერს დაამტიცა საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კანონს უარყოფითი შეფასება ჰქონდა ვენეციის კომისიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან.
ასევე ნახეთ მოუსმენენ მეტს და უფრო მარტივად - გაიგეთ რატომ და როგორ?