Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოსმენების კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას" - აშშ-ის საელჩო


აშშ-ის საელჩო საქართველოში ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება და წერს, რომ ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციას აშორებს.

"პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა", - წერია საელჩოს განცხადებაში.

გუშინ, 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და პარლამენტის პირველსავე საშემოდგომო პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს საშუალებას აძლევს მოუსმინოს უფრო მეტ მოქალაქეს უფრო მარტივად.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც დაჩქარებულად შეიმუშავეს, აკრიტიკებდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია, ისე საერთაშორისო პარტნიორები და ვენეციის კომისია.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე შეაფასეს კრიტიკულად. როგორც ისინი აცხადებდნენ, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. არასამთავრობოების თანახმად, მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას.

XS
SM
MD
LG