საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ უკანონო არაფერი მომხდარა და რეისი არასანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანია "ირან ეარ კარგომ" (Iran Air Cargo) შეასრულა.
ამ საკითხზე გაჩაღებული დისკუსიის ფონზე, 9 სექტემბერს, ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ირანულ კომპანია „საფირანს“, რომელიც, აშშ-ის ინფორმაციით, კოორდინირებას უწევდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, დამატებითი დანადგარებისა და თანმხლები პირების ტრანსპორტირებას რუსეთში.
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ეფექტიანობა ძალების გაერთიანებასა და „შავ ხვრელებთან“ ბრძოლას მოითხოვს.
რას ადასტურებს თბილისი?
„4 სექტემბერს ირანულმა ავიაკომპანიამ "ირან ეარ კარგომ" ნამდვილად შეასრულა რეისი ერევანი - მოსკოვის მიმართულებით და საქართველოს საჰაერო სივრცეში სულ 10 წუთი დაჰყო“, - განაცხადა 8 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, მას შემდეგ, რაც ირანული თვითმფრინავის შესახებ ინფორმაცია უცხოურ და ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.
სამთავრობო უწყება თვლის, რომ გავრცელდა „დეზინფორმაცია საქართველოს საჰაერო ცის „უკანონო გამოყენების" შესახებ“ და საკუთარი არგუმენტებიც მოჰყავს:
- "ირან ეარ კარგო" არ არის სანქცირებული და რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ასევე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით;
- საქართველო და სომხეთი არიან ევროკონტროლის - ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები. და, შესაბამისად, ამ კონკრეტულ რეისზე, ისევე როგორც სხვა რეისებზე საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ნებართვა ევროკონტროლმა გასცა.
რა ინფორმაცია ვრცელდება?
ეკონომიკის სამინისტრო მხოლოდ 4 სექტემბრის რეისზე ამახვილებს ყურადღებას. საერთაშორისო მედია კი, ავიარეისების მონიტორინგის ჰოლანდიური კომპანიის (Gerjon) ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ Iran Air Cargo-მ (აგვისტოსა და სექტემბერში) მოსკოვისკენ სამი რეისი შეასრულა - 21 აგვისტოს, 29 აგვისტოსა და 4 სექტემბერს. ვრცელდება ცნობები, რომ ამ პროცესს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) აკონტროლებს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ირანულ ავიაკომპანიას ტვირთის რუსეთისკენ გატარებაზე უარი უთხრა აზერბაიჯანმა. ბაქო ამ ფაქტის შესახებ დუმს.
ასევე ნახეთ WP: ირანმა რუსეთს გაუგზავნა უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია ასევე ნახეთ CNN: რუსები ირანული დრონების მართვას სწავლობენირანი უარყოფს, თუმცა სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედია იტყობინება, რომ ირანმა უკვე მიაწოდა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთს და მათ გამოყენებას რუს სამხედროებსაც ასწავლის.
ახალი სანქციების დაწესება
9 სექტემბერს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სანქციების დაწესების შესახებ თეირანში დაფუძნებულ კომპანია „Safiran Airport Services“-ისთვის, რომელიც, ვაშინგტონის ცნობით, ჩართული იყო რუსეთში სამხედრო თვითმფრინავებით ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, დამატებითი დანადგარებისა და თანმხლები პირების ტრანსპორტირებაში.
სანქციები ასევე დაუწესდა აპარატების მწარმოებელ სამ ირანულ კომპანიასაც. გადაწყდა, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე ამ კომპანიების ყველა აქტივი გაიყინება და აიკრძალება ნებისმიერი სახის გარიგება სანქცირებულ კომპანიებთან. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აფრთხილებს არაირანულ და არარუსულ იურიდიულ პირებსაც, რომ ხელი არ უნდა შეუწყონ რუსეთისთვის ირანული უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა სამხედრო ტექნიკის გადაცემას.
ასევე ნახეთ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვისთვის აშშ-მ სანქციები დაუწესა ირანულ ფირმებსაშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 9 სექტემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ ფლობს ინფორმაციას კონკრეტულ თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა; თუმცა ელჩი თავის კომენტარში ხაზს უსვამს მაქსიმალური ყურადღების აუცილებლობას სანქცირებული ტვირთის მიმართ.
„ეს არის მაგალითი, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი უზრუნველვყოთ, რომ არცერთი ქვეყანა და მათ შორის - საქართველო, არ წარმოადგენდეს უკანა კარს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად... ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ არ არსებობს მსგავსი „შავი ხვრელები“, - უთხრა ჟურნალისტებს კელი დეგნანმა, ირანულ კომპანიასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ. ელჩის თქმით, „სანქციები მაშინ არის ყველაზე ეფექტიანი, როდესაც ჩვენ ყველანი დავხურავთ ქსელს“.
ირანული თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ფაქტს ქვეყნის ინტერესებისთვის „კატასტროფულ დარტყმას“ უწოდებს „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელმაც ამ თემას, 9 სექტემბერს, სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა. ხოშტარიას თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ტყუის, მაგალითად, როცა აცხადებს, რომ „Iran Air Cargo” სანქცირებული კომპანია არ არის.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ბაზაში, Iran Air-იცა და Iran Air Cargo-ც სანქცირებული კომპანიების სიაში გვხვდება.
Iran Air Cargo წარმოადგენს Iran Air-ის შვილობილ კომპანიას, რომელიც ძირითადად ტვირთებს ეზიდება.
2011 წლის ივნისის ინფორმაციით, ირანის სახელმწიფო ავიახაზებს, Iran Air-ს აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის რევოლუციური გვარდიის (Iranian Revolutionary Guard) „მატერიალური მხარდაჭერისა და სერვისებისთვის“. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ეს გასამხედროებული დაჯგუფება ხელს უწყობდა ტერორიზმს და ირანთან დავა შეეხებოდა ასევე ბირთვული იარაღის საიდუმლო დამზადების განზრახვას.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) დოკუმენტს ტვიტერის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი და იქვე, საქართველოსთან დაკავშირებულ შეკითხვასაც სვამს.
„ჩანს, რომ აშშ-ის სანქციების ქვეშაა ირანის თვითმფრინავი, რომელსაც უცნობი ტვირთი გადაჰქონდა რუსეთში და გაიარა სომხეთისა და საქართველოს საჰაერო სივრცე. მე მესმის, რატომ დართო ამის ნება სომხეთმა. მაგრამ რატომ [გააკეთა ეს] საქართველომ?“, - წერს ლუკ კოფი.
დღის ბოლოს განცხადება გამოაქვეყნა „საქაერონავიგაციამ“, სადაც ნათქვამია, რომ ირანული „ავიაკომპანია [Iran Air] არ არის ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში“.
უწყება ასევე აცხადებს, რომ „ირანული ავიაკომპანია Iran Air-ი, სამგზავრო საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, სატვირთო ავიარეისებს ახორციელებს მსოფლიოს 71 მიმართულებით, მათ შორის ევროპის ქვეყნებში”.
4 სექტემბერს შესრულებულ კონკრეტულ რეისთან დაკავშირებით კი, „საქაერონავიგაცია“ აცხადებს, რომ ეს რეისი არ საჭიროებდა „საავიაციო ხელისუფლების ნებართვას“.
„ევროკონტროლიდან შემოსული ფრენის გეგმის შესაბამისად, ავიაკომპანიის ბორტის ფრენის დაწყების საწყისი წერტილია აეროპორტი ზვარტნოცი, ერევანი, სომხეთი (კოდი: UDYZ), რომელიც სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტს წარმოადგენს. ჩიკაგოს კონვენციის თანახმად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ამა თუ იმ სახელმწიფოს რეესტრში მყოფი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გადაფრენა ხორციელდება ფრენის გეგმის საფუძველზე და არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას“, - ნათქვამია „საქაერონავიგაციის“ განცხადებაში.