ბოლო კვირებში რუსი სამხედროები ირანში ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების მართვას ეუფლებიან, ინფორმაციას CNN ამერიკელ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც სადაზვერვო ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთის ოფიციალური პირები ირანში, რუსეთისთვის ირანული წარმოების უპილოტო აპარატების გადაცემის შეთანხმების ფარგლებში, სწავლებას გადიოდნენ“, - ამბობს CNN -ის რესპონდენტი, რომლის თანახმად ეს მოწმობს, რომ რუსეთი მართლაც აპირებს ირანული წარმოების დრონების შეძენას.
ივლისში CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია ირანში რუსეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ. ვიზიტის მიზანი ირანული წარმოების შაჰედ-191 და შაჰედ-192 უპილოტო საფრენი აპარატების გაცნობა იყო. დრონებს მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტების გადატანა შეუძლია.
ამის შემდეგ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკული მონაცემებით, ირანი მზად არის რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი მიჰყიდოს, უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში გამოსაყენებლად.
უკრაინის ომში უპილოტო აპარატები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. უკრაინა საჰაერო თავდასხმებისთვის წარმატებით იყენებს თურქულ Bayraktar-ებსა და ამერიკულ დრონებს მაშინ, როცა რუსეთი ადგილობრივი წარმოების „ორლანებით“ სარგებლობს საჰაერო დაზვერვისა და ელექტრონული ომის საწარმოებლად.
ამ დრომდე შეერთებული შტატები უარს ამბობდა უკრაინისთვის უფრო მძლავრი Grey Eagle დრონების მიწოდებაზე, რათა მოსკოვს ეს ომის ესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად არ აღექვა.