"დიდება უკრაინას!" - "ოცნების" უარი და გამოსავლის ძიება საერთაშორისო ფორუმზე თბილისში

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია, 2014 წლიდან, უკვე მეექვსედ გაიმართა. წელს ის მიეძღვნა უკრაინას, რუსეთის შეჭრისა და საომარი აგრესიის ფონზე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ შეუერთდა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას - „დიდება უკრაინას!“ და სტუმრების ნაწილი კვლავ „რადიკალებად“ და „მტრებად“ მოიხსენია.

ამერიკელი თუ ევროპელი პოლიტიკოსები, ექსპერტები და საზოგადოებრივი აზრის ლიდერები 2-დღიან საერთაშორისო კონფერენციაზე, უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული პრობლემების გარდა, საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობდნენ.

რადიკალები, მტრები...

თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ერთ-ერთ სპიკერად მიწვეულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მონაწილეობაზე უარი 5 სექტემბერს იმით ახსნა, რომ არ სურდა „რადიკალურ ჯგუფებთან“ ერთად „რადიკალური დღის წესრიგის“ გაზიარება, რადგან დეპოლარიზაციის მიზანთან შეუსაბამოა „რადიკალიზაციის ნორმალიზება“. 6 სექტემბერს კი, ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ, შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის მიცემა, ახალისებს რადიკალიზმს“.

ასევე ნახეთ "რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შევუწყობ" - პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში
ასევე ნახეთ "თუკი ვინმე აღვივებს პოლარიზაციას საქართველოში, ყველა იქაა" - კობახიძე კონფერენციის მონაწილეებზე

5 და 6 სექტემბერს კონფერენციის მიმართ დამოკიდებულებაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო პარტნიორებიც ახსენა.

თქვენ ხედავთ "მაკკეინის კონფერენციას" და, ვინ არიან დამსწრე პირები?! თუკი ვინმე აღვივებს საქართველოში პოლარიზაციას, ყველა არის იქ წარმოდგენილი, აბსოლუტურად ყველა. რატო ხდება რადიკალიზმისა და პოლარიზაციისკენ მიმართული ნაბიჯების ნორმად წარმოჩენა, მე არ ვიცი. ამაზეც გვექნება რეაქცია“, - უთხრა 6 სექტემბერს, კობახიძემ ჟურნალისტებს და ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ქვეყნის მტრად მოიხსენია. წინა დღით, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში მან აღნიშნა, რომ - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირება უკვე ნიშნავს დაინტერესებას „ქვეყნის არევით, ომში ჩართვით და ა.შ.“

ყველა, ვინც დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობს, ქვეყნის მტერია „ქართული ოცნების“ გენმდივნისთვის, დედაქალაქის მერ კახა კალაძისთვის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს 5 სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებული კითხვა-პასუხის დროს განუცხადა.

„კრიმინალების მფარველები“, „ანტიევროკავშირი“, „უცხოელი ნაცები“ - ეს ეპითეტები „ქართულ ოცნებას“ - განსაკუთრებით, მაგრამ - არა მხოლოდ, ანა ფოტიგასა და ვიოლა ფონ კრამონის მისამართით აქვს გამოყენებული. თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე ევროპარლამენტარებს უარი უთხრეს პატიმრების - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელის, ნიკა გვარამიას მონახულებაზეც.

„ქართული ოცნების“ სცენარით, „რადიკალური ოპოზიციის" "ლობისტებსა“ და "მფარველებს" სურთ, რომ ხელისუფლება რევოლუციის გზით შეიცვალოს და შემდეგ, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. ამ სცენარზე განსაკუთრებით ბევრს ლაპარაკობენ "ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" წასული დეპუტატები - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

მეორე ფრონტის გახსნის თემას „დესტრუქციული დეზინფორმაცია“ უწოდა 5 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, როცა ის ორბელიანების სასახლეში კონფერენციის მონაწილეებს მასპინძლობდა. სტრატეგიულ პარტნიორებზე საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს სურს „შავის თეთრად წარმოჩენა“, „უნდობლობის დათესვა“ საქართველოსა და უკრაინას შორის.

საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი სამადლობელი ტექსტი კონფერენციის მონაწილეებს უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა გააცნო.

საერთაშორისო კონფერენციის ფონზე, 6 სექტემბერს, საშემოდგომო სესიის პირველსავე დღეს, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. ოპონენტები შიშობენ, რომ უკანონო ფარული მოსმენა უფრო გაადვილდება და საქართველოს ამ ცვლილებას უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩაუთვლიან საერთაშორისო პარტნიორებიც, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესში.

ასევე ნახეთ პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია - პარლამენტმა ე.წ. მოსმენების კანონი საბოლოოდ დაამტკიცა

ვინ და რაზე მსჯელობდა?

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია, 2014 წლიდან, უკვე მეექვსედ გაიმართა. წელს ის მიეძღვნა უკრაინას, რუსეთის შეჭრისა და საომარი აგრესიის ფონზე. კონფერენცია 5-6 სექტემბერს „მაკკეინის ინსტიტუტის“, „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტისა“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.

დისკუსიები 11 პანელის ფარგლებში გამართეს:

  • დასავლეთის პასუხი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე;
  • შეჭრა და მისი გეოპოლიტიკური შედეგები;
  • რეგიონი მღელვარებაში;
  • შედეგები ევროპის მომავლისთვის;
  • დემოკრატია ავტორიტარიზმის წინააღმდეგ;
  • საით საქართველო?
  • საუბარი აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან და „მაკკეინის ინსტიტუტის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ეველინ ფარკასთან;
  • საინფორმაციო ომები;
  • რუსეთი: საით მიდის ეს?
  • ავტორიტარიზმისა და კორუფციის/კლეპტოკრატიის საფრთხეები;
  • საით აშშ?

კონფერენციაში მონაწილეთა შორის იყვნენ: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი; ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა და ვიოლა ფონ კრამონი; ლიტველი პარლამენტარი, ჟიგიმანტას პავილიონისი; აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი; ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი და ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი, ბენ ჰოჯესი და სხვა არაერთი ანალიტიკოსი თუ მკვლევარი, რომლებიც მსოფლიოში საზოგადოებრივ აზრს ქმნიან.

ასევე ნახეთ ანა ფოტიგა: პუტინი ჩვეულებრივი ომის დამნაშავეა! რატომ გვინდა მასთან მოლაპარაკება?

კონფერენციაში მონაწილეობისთვის საგანგებოდ ჩამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში - კარა მაკდონალდი. სიტყვით ის 5 სექტემბერს გამოვიდა სადისკუსიო პანელზე „დემოკრატია ავტორიტარიზმის წინააღმდეგ“.

„[ომი უკრაინაში] - ეს არ არის დიდი სახელმწიფოების დაპირისპირება. ეს შეეხება იმ სახელმწიფოებსა და ხალხებს, რომლებიც პატივს სცემენ საერთაშორისო წესრიგს, დამყარებულს დემოკრატიულ ფასეულობებზე და პრინციპებზე და მათ, ვინც ამას არ აკეთებს... საგარეო პოლიტიკაში, ჩვენი სწრაფვითა და მცდელობით, მხარს ვუჭერთ თვითგაუმჯობესებას, თვითრეფლექსიას, გახსნილობას ამისათვის და გამჭვირვალობას“, - თქვა კარა მაკდონალდმა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას. ხოლო შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, თქვა, რომ „ერთიანობის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აკისრია მთავრობას“ და რომ საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა და ყველა სერიოზულად უნდა მიუდგეს ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას.

კარა მაკდონალდმა კიდევ ერთხელ გამოხატა სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცე მხარდაჭერა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ, რომელსაც საქართველოს ომში ჩათრევის მძიმე ბრალდებებს უყენებენ „ქართული ოცნებიდან“ „სიმართლის სათქმელად“ წასული დეპუტატები.

2 სექტემბერს, ბევრისთვის მოულოდნელად, ელჩი დეგნანი შეაქო პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. „ოთხეულიდან“ პრემიერს უპასუხეს, რომ „სიმართლის თქმას“ გააგრძელებენ. დეპუტატმა ხუნდაძემ 6 სექტემბერს პარლამენტის სხდომაზე ისიც თქვა, რომ მხოლოდ ახლა იწყებენ „უფრო მაღალ რანგში, უფრო მყარად სიმართლის თქმას“.

ასევე ნახეთ კარა მაკდონალდი კელი დეგნანის შესახებ: ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს

„შეერთებული შტატები ამაყია, რომ მხარს უჭერს პარტნიორებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებიდან, საქართველოს ხალხის სახელით ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე მუშაობის პროცესში“, - ასეთი ტექსტი ახლავს 6 სექტემბერს, ამერიკის საელჩოს ტვიტერის არხზე გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც ასახავს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, კარა მაკდონალდის შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათ შორის არის - ISFED-ის ხელმძღვანელიც, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ აუკრძალა ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე საპარლამენტო მუშაობის პროცესში ჩართვა.

6 სექტემბერს მაკდონალდმა შეხვედრები გამართა ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტში. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საგარეო უწყებაში მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას შეხვდა; ხოლო პარლამენტში - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესა და მის პირველ მოადგილეს, გიორგი ხელაშვილს.

სანქციებზე

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია დროში დაემთხვა ცნობების გავრცელებას იმის შესახებ, რომ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მხარდაჭერილ პორტალზე -„ომი და სანქციები“ გამოქვეყნებულია იმ 12 ქართველის სია, რომლებიც თავიანთი საქმიანობისა და პოზიციის გამო შესაძლოა სანქცირებას იმსახურებდნენ. მათი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი ან ბიზნესპარტნიორია.

ამ სიაში მოხვედრილმა ქართველმა ბიზნესმენმა, ვანო ჩხარტიშვილმა ინფორმაციას ფეიკი უწოდა და თქვა, რომ მისთვის მიყენებული ზიანის გამო, ცილისმწამებლების წინააღმდეგ საერთაშორისო დავას გეგმავს.

ბიძინა ივანიშვილის დაცვის მხარემ, რომელიც Credit Suisse-სთან დავაში მის ინტერესებს წარმოადგენს, ახლო წარსულში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს ტრანზაქციები საეჭვოდ უფერხდებოდა და მარტიდან მასზე, ფაქტობრივად, გამოუცხადებელი სანქციები ვრცელდებოდა.

ასევე ნახეთ კობახიძე უკრაინის სანქცირების ჯგუფის სიაში ივანიშვილის შეყვანას აბსურდულ თემას უწოდებს

ასევე ნახეთ ვანო ჩხარტიშვილი გამოეხმაურა უკრაინული სამთავრობო საიტის, „ომი და სანქციების“ სიაში შეყვანას

ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 6 სექტემბერს თქვა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ასევე განმარტა, რომ აშშ სანქციების შესახებ წინასწარ არაფერს აცხადებს.

„სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ძალიან ეფექტიანი შეიძლება იყოს, როგორც ეს დავინახეთ რუსეთში და კიდევ დავინახავთ მომავალი თვეების განმავლობაში... აშშ-ის სანქციების პოლიტიკა არ ითვალისწინებს ინფორმაციის წინასწარ გამოცხადებას. ჩვენ არ ვაცხადებთ ამის შესახებ მანამდე, ვიდრე სანქციები დაწესდება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.