გაუჩინარებული რუსი პატიმრის დედა შიშობს, რომ მის ვაჟს აიძულებენ, უკრაინაში იბრძოლოს

დმიტრი გოროდილოვი

მსჯავრდადებულ დმიტრი გოროდილოვს, რომელიც 13-წლიან სასჯელს იხდის კარელიაში, დედასთან კონტაქტი არ ჰქონია 4 ივლისის შემდეგ. დედამისი შიშობს, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს მის იძულებას, უკრაინაში საომრად წასვლაზე დათანხმდეს.

რუს პატიმარს, დმიტრი გოროდილოვს ჩვევად ჰქონდა: დედამისს, მარინას, კვირაში ორჯერ ურეკავდა - ორშაბათობით და პარასკეობით - რუსეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ პეტროზავოდსკის ციხიდან, სადაც ის 13-წლიან სასჯელს იხდის ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო.

ბოლო ასეთი ვიდეოკონტაქტი 4 ივლისს შედგა, მაგრამ კავშირი ცუდი იყო.

"მითხრა, "კარგი, მაშინ პარასკევს დავრეკავო" და გათიშა, მაგრამ აღარ დაურეკავს", - უთხრა მარინა გოროდილოვამ რადიო თავისუფლების North.Realities-ს.

თავიდან მარინას არ უნერვიულია. მაგრამ ორი დღის შემდეგ ერთმა მეგობარმა დაურეკა. მეგობრის ვაჟიც პატიმარია, რომელიც იმავე დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს, სადაც დმიტრი. მეგობარმა მარინას უთხრა, რომ მისი ვაჟი, 44 წლის ევგენი ერემენკო, უკრაინაში ბრძოლებისას მოკლეს.

"ორი დღე შოკში ვიყავი. არ ვიცოდი, რა მექნა", - თქვა მარინამ.

მარინამ 30 წლის დმიტრის ადგილსამყოფლის შესახებ, რომელიც ადრე რუსეთის არმიაში მსახურობდა, მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს, ციხეს, რეგიონული გამოსასწორებელი სისტემის თანამდებობის პირებსა და პროკურორებს. (მიმართვების ასლები North.Realities-მა მოიპოვა)

"მე გამოძიება ვითხოვე. სიმართლე დავწერე: ეჭვი მაქვს, რომ ჩემი შვილი სადღაც სარდაფში ჰყავთ გამომწყვდეული იმ მიზნით, რომ აიძულონ ხელი მოაწეროს უკრაინაში საომრად წასვლის კონტრაქტს. მე მივწერე მათ [ერემენკოს] შესახებ, რომ ის იმავე ციხეში იყო, სადაც ჩემი შვილი და შემდეგ უკრაინაში დაიღუპა", - ამბობს მარინა.

ასევე ნახეთ „პუტინის მზარეულის“ სისხლიანი მენიუ

საბრძოლო შემადგენლობის გაძლიერება

მარინა გოროდილოვამ თავისი შვილის ძებნა სასჯელაღსრულებით სისტემაში დაიწყო დამოუკიდებელი რუსული მედიისა და უფლებადამცველების მრავალრიცხოვანი ცნობების შემდეგ იმის შესახებ, რომ რუსეთის უშიშროების თანამშრომლები და კერძო სამხედრო კომპანიები - 24 თებერვალს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მეზობელ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ - აქტიურად ეწეოდნენ პატიმრების გადაბირებას უკრაინაში საბრძოლველად.

პატიმრების ნათესავებმა დამოუკიდებელ საინფორმაციო საიტს, IStories-ს ივლისში განუცხადეს, რომ პატიმრების გადაბირება ხდებოდა ცნობილ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერში" გასაერთიანებლად, რომელსაც, როგორც ამბობენ, პუტინის უახლოესი თანამოაზრე, ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობს.

ამასობაში, ონლაინ სატელევიზიო არხს, "ვოტ ტაკ", 1 სექტემბერს მოჰყავს რუსეთის სამხრეთში, როსტოვის რეგიონში მდებარე ქალაქ ბატაისკის გამოსასწორებელი კოლონიის პატიმართა სიტყვები, რომლებიც ამბობენ, რომ პრიგოჟინი თავად ეწვია ციხეს ვერტმფრენით და პატიმრებს ციხის მთავარ მოედანზე შეხვდა.

პატიმრების გადაბირება ნაწილია რუსეთში ფართო კამპანიისა, რომლის მიზანი უკრაინაში რუსი სამხედროების რიცხვის გაზრდაა. კრემლის არმიამ მძიმე დანაკარგები განიცადა კიევის მხრიდან მოსალოდნელზე ძლიერი წინააღმდეგობის გამო.

"სამწუხაროდ, ნათესავებისა და მედიის მიერ გავრცელებულმა მრავალრიცხოვანმა პუბლიკაციებმა ვითარება არ გააუმჯობესა", - უთხრა North.Realities-ს ვლადიმირ ოსეჩკინმა, უფლებადამცველი ჯგუფის Gulagu.net-ის ხელმძღვანელმა, რომელიც რუსი პატიმრებისადმი მოპყრობას უწევს მეთვალყურეობას.

ოსეჩკინის ჯგუფი რეგულარულად აქვეყნებს ანგარიშებს რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან, სადაც პატიმრები ან მათი ნათესავები აღწერენ პატიმრების გადაბირების სავარაუდო მცდელობებს უკრაინაში საბრძოლველად.

ასევე ნახეთ რეჟისორმა მიხალკოვმა ციხის მწამებელი გმირად წარმოაჩინა

„ის უკრაინაში ხალხის ხოცვაზე ხელს არ მოაწერს“.

მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა ვერ უპასუხეს მის კითხვებს იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწია მის ვაჟს პეტროზავოდსკის მე-9 გამოსასწორებელ კოლონიაში, მარინა ამბობს, რომ ის ორჯერ, 20 და 29 აგვისტოს, მივიდა საპატიმროში და ცდილობდა, ვაჟის მონახულება მოეხერხებინა.

"შიგნით არ შემიშვეს. მეუბნებოდნენ "ის დასაჯეს". როგორც ჩანს, სამარტოო საკანში მოათავსეს", - უთხრა მარინამ North.Realities-ს.

მარინას ისტორია ეხმაურება მისი მეგობრის, პეტროზავოდსკელი პენსიონერის, ტატიანა კოტენიევას შემთხვევას, რომლის ვაჟი, ევგენი ერემენკო, იმავე ციხეში იხდიდა სასჯელს, სადაც მარინას ვაჟი და რომელიც შემდეგ, გადმოცემის თანახმად, უკრაინაში მოკლეს.

კოტენიევამ MediaZona-ს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მისმა ვაჟმა მას რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაურეკა, მას ციხის თანამშრომელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი ვაჟი დასჯილი იყო. ივნისის შუა რიცხვებში, მისმა ვაჟმა დაურეკა და უთხრა, რომ სხვა ციხეში გადაიყვანეს, - იუწყება MediaZona.

კოტენიევა ამბობს, რომ 14 აგვისტოს მასთან სახლში ორი უცნობი მივიდა და შეატყობინა, რომ ერემენკო უკრაინაში მოკლეს 24 ივლისს. მისი ცხედარი პეტროზავოდსკში დააბრუნეს და ოთხი დღის შემდეგ დამარხეს.

მარინა გოროდილოვა

North.Realities-მა დმიტრი გოროდილოვისა და ევგენი ერემენკოს საქმეებზე კომენტარის მოთხოვნა გაუგზავნა კარელიის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის რეგიონულ განყოფილებას, რეგიონულ პროკურორებს, რეგიონულ ადამიანის უფლებათა დამცველს, ლარისა ბოიჩენკოს და რუსეთის ფედერალური მთავრობის სახალხო დამცველს, ტატიანა მოსკალკოვას.

ამ მასალის გამოქვეყნებამდე მხოლოდ ბოიჩენკომ გვიპასუხა. ის ამტკიცებდა, რომ არანაირი საჩივარი არ მიუღია პატიმრების გადაბირების შესახებ უკრაინაში საბრძოლველად - არც პატიმრებისგან და არც მათი ნათესავებისგან.

მარინა გოროდილოვა ფიქრობს, რომ მისი შვილი, დმიტრი, შესაძლოა, ამჟამად სამარტოო საკანში იმყოფება იმ მიზნით, რომ მასზე ზეწოლა მოახდინონ და ხელი მოაწერინონ კონტრაქტზე უკრაინაში საბრძოლველად - ან გაჩუმება აიძულონ გადაბირების იმ მცდელობების შესახებ, რომლის მოწმეც გახდა.

მას არ სჯერა, რომ მისი ვაჟი მიიღებდა უკრაინაში გაგზავნის შეთავაზებას, რათა შეემცირებინათ 13-წლიანი სასჯელის ვადა, რომელიც მას 2018 წელს გამოუტანეს.

"ჩემი შვილი თავისი თავისუფლების სანაცვლოდ, უკრაინაში ხალხის ხოცვაზე ხელს არ მოაწერს", უთხრა მან North.Realities-ს. "ეს მე ზუსტად ვიცი. იქნებ აწამებენ? არ ვიცი, მაგრამ მე ჩემს შვილს ვიცნობ".

ასევე ნახეთ რუსი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ უკრაინაში საომრად რუსეთის იზოლატორებში ეჭვმიტანილებისა და ბრალდებულების გადაბირება მიმდინარეობს