Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ უკრაინაში საომრად რუსეთის იზოლატორებში ეჭვმიტანილებისა და ბრალდებულების გადაბირება მიმდინარეობს


რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში დაიწყეს უკრაინაში საომრად ეჭვმიტანილებისა და ბრალდებულების გადაბირება. თანხმობის შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების სანაცვლოდ, ამ კატეგორიის მოქალაქეების მიმართ შეწყდება სისხლის სამართლის საქმეები, - განაცხადა უფლებადამცველმა და ფონდ "რუს სიდიაშჩაიას" დამფუძნებელმა, ოლგა რომანოვამ. ასეთი გადაბირების რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევას, რომანოვას თქმით, ადგილი ჰქონდა მოსკოვის მახლობლად მდებარე რამდენიმე საგამოძიებო იზოლატორში.

პროექტ Gulagu.net-ის დამფუძნებელმა, ვლადიმირ ოსეჩკინმა, დაადასტურა ასეთი პრაქტიკის არსებობა. მისი თქმით, პროექტის ცხელ ხაზზე შევიდა დაკავებულთა გადაბირების შესახებ ინფორმაციები როგორც მოსკოვიდან და მოსკოვის ოლქიდან, ასევე სანქტ-პეტერბურგიდან, რიაზანიდან, ტვერიდან და ბრიანსკიდან.

ივლისის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის კოლონიებში უკრაინაში ომისთვის პატიმრების გადაბირება მიმდინარეობს და ამ საქმიანობით დაკავებულია კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი".
აგვისტოს შუა რიცხვებში "ვაგნერის" წარმომადგენლები ეწვივნენ 21 რუსულ კოლონიას ქვეყნის 13 რეგიონში.
ორგანიზაცია "ვერსტკისა" და ფონდ "რუს სიდიაშჩაიას" ცნობით, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის "ვაგნერის" წარმომადგენლები რუსეთში 13 რეგიონის 21 კოლონიაში იმყოფებოდნენ პატიმრების გადასაბირებლად.

ყველა დაწესებულებაში გადამბირებლები პატიმრებს დაქირავებულთა რიგებში გაწევრიანებას და უკრაინაში საბრძოლველად წასვლას სთავაზობდნენ. ამისათვის მათ ყოველთვიური ხელფასის სახით 200 ათას რუსულ რუბლსა და ექვს თვეში შეწყალებას ჰპირდებოდნენ.

რუსეთი უკვე წლებია კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში. "ვაგნერის" მფლობელად მიჩნეულია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი, პუტინის „პირად მზარეულად“ წოდებული ევგენი პრიგოჟინი. ის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია.

XS
SM
MD
LG