კარა მაკდონალდი კელი დეგნანის შესახებ: ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს

კარა მაკდონალდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში. თბილისი, საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას".

თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „დიდება უკრაინას" მონაწილეობის შემდეგ მედიასთან ილაპარაკა კარა მაკდონალდმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში.

„სასიამოვნოა კვლავ თბილისში დაბრუნება. აქ ვესწრები საერთაშორისო კონფერენციას „დიდება უკრაინას", რათა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ასევე საქართველოს მიმართ. პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სჯერა, რომ ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის არის 21-ე საუკუნის განმსაზღვრელი მოვლენა. ეს არ არის დიდი სახელმწიფოების დაპირისპირება, ეს ეხება იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მხარს უჭერენ მსოფლიო წესრიგს, რომელიც გაეროს ქარტიის სახით ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. ორ კვირაში მსოფლიოს ლიდერები ნიუ-იორკში შეხვდებიან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და ჩვენი, აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გაეროს ქარტიის მხარდაჭერა. არ არსებობს იმაზე უფრო მკაფიო და უტიფარი მაგალითი ავტორიტარიზმის საფრთხისა, ვიდრე რუსეთის ეს არაპროვოცირებული, არაკეთილსინდისიერი, გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში. ჩვენ გამსჭვალული ვართ მამაცი უკრაინელების მხარდაჭერის სულისკვეთებით. დღეს შევხვდი უკრაინელ დევნილებს, რომლებმაც ენითაღუწერელი სისასტიკე გამოიარეს რუსეთის ფილტრაციის ბანაკებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე პასუხისგება", - განაცხადა კარა მაკდონალდმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ.

„ქართველებისთვის ცნობილია ის, რაც გამოიარეს უკრაინელებმა, რადგან საქართველოს 20% ოკუპირებულია. ვფიქრობ აუცილებელია რამდენიმე საკითხის ხაზგასმა. ერთი საკითხია, საქართველოს ხალხის სოლიდარობა მის ურყევ გეზში ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით. ჩვენ სრულად ვემხრობით ამას. ამაში ჩვენ პარტნიორები ვართ და მზად ვართ ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა. ავტორიტარიზმს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობის ეშინია და სწორედ ერთიანობაა, რომელიც საქართველოს ხალხის მიერ დასახული მისწრაფებებისკენ სვლაში სჭირდება", - აღნიშნა მან.

მაკდონალდმა დადებითად ისაუბრა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შესახებ.

„ასევე მინდა ვახსენო და ნამდვილად შევაქო ჩვენი საელჩო საქართველოში. ამ ერთიანობის მისაღწევად ელჩი დეგნანი და მისი გუნდი შეხვდა საზოგადოების ფართო სპექტრს: სამოქალაქო სექტორს, ბიზნესლიდერებს, მთავრობას, პარლამენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს. ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავეს და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა. მთავრობას ამ ერთიანობის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ასე რომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება. არ ვიცით კიდევ როდის გაჩნდება ეს შანსი. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და გადადგით ნაბიჯები, სერიოზულად მიუდეგით 12 პუნქტის შესრულებას და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის", - თქვა კარა მაკდონალდმა.

ბოლო ხანს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ჩართვის მცდელობებზე. ეს პროცესი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ივნისში საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მანამდე კი, ევროპარლამენტმა დაამტკიცა კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.

ომში ჩართვის კონტექსტში აშშ-ის ელჩის სახელი არაერთხელ მოიხსენიეს "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა, რომლებმაც მიზნად გამოაცხადეს კულუარულად მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს, გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმად, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს მიზანი დღესაც აქტუალურია, თუმცა, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა, თუმცა, უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება.

ივანიშვილის განცხადებითვე, დღეს, როცა ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება მეტწილად გადაიტანოს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. ამ წერილში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, მისი თხოვნით შეხვდა 21 მარტს. ივანიშვილმა არ დაასახელა დეგნანთან შეხვედრის საფუძველი და შინაარსი.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ს საქართველოსთვის ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული

28 ივლისს, სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არ ყოფილა ომში საქართველოს ჩართვაზე.

„ქართული ოცნებიდან" წასულმა ოთხმა დეპუტატმა (სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნუდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა) ელჩ კელი დეგნანის მისამართით არაერთი განცხადება გაავრცელა. მაგალითისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა, 8 ივლისს, ერთ-ერთ წერილში, რომლის ადრესატიც, სწორედ, კელი დეგნანი იყო, აღნიშნა, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური (ეფესბე) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის.

მიხეილ ყაველაშვილის წერილის შესახებ შეკითხვას 8 ივლისს უპასუხა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. „ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე“, - აღნიშნა ელჩმა.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეგნანის განცხადება დეპუტატის მისამართით შეურაცხმყოფელია.

ასევე ნახეთ კობახიძე დეგნანის განცხადებაზე: „შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას, მიშა ყაველაშვილს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 სექტემბერს განსხვავებულად ილაპარაკა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ს საქართველოსთვის ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული

„ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე და პოლემიკაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ კრიტიკა და კრიტიკული კითხვების დასმა არ არის საკმარისი და საჭირო. უფრო მეტიც, მინდა ვთქვა და შევახსენო ყველას, რომ ამერიკას, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული, ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული ჩვენი ქვეყნისთვის, არაერთი მიმართულებით. მათ შორის მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკას, რომელიც არის N1 სახელმწიფო მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის საქმიანობაც.