რუსეთს მოუწოდეს გაიწვიოს "ბიჭვინთის" აგარაკის გადაცემის შეთანხმებაზე ხელმოწერა

ფოტო არქივიდან

რუსეთის ოკუპირებული აფხაზეთის დაახლოებით 60-მდე მცხოვრებმა რუსეთის „ელჩს“ მიხაილ შურგალინს წერილით მიმართა. „აფხაზეთის ქალების“ სახელით მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ ისინი ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ეწინააღმდეგებიან.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს „აფხაზი ხალხის, აფხაზეთის, მის კანონებთან და კონსტიტუციასთან სახელმწიფოებრივ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის“.

განცხადების ავტორების სიტყვით „მთავრობის“ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის რატიფიცირებაც „პარლამენტს“ არ მოუხდენია „უკვე ახლა იწვევს საზოგადოებაში დაძაბულობას“.

„ქალებს არ გვსურს, რომ ვითარება უკონტროლო გახდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებასა და მთავრობას შორის ძალისმიერი დაპირისპირება წარმოიქმნას, რომ ჩვენს საზოგადოებაში ანტირუსული განწყობები გაჩნდეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი ქალები, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებენ, რასაც „უცხო სახელმწიფოსთვის აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილის გადაცემის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწოდება“ ითვალისწინებს.

„აღასანიშნავია, რომ, სანამ შეთანხმება რატიფიცირებული არაა, რუსეთის ხელისუფლებას აქვს სიბრძნის გამოვლენის შანსი რათა გაიწვიოს თავისი ხელმოწერა. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული შეთანხმება ორ მეგობარ სახელმწიფოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების გართულების მიზეზად არ იქცევა“ მომართვათ თქვენ, მიხაილ ალექსანდროვიჩ, მოწოდებით თქვენი უფლებამოსილება გამოიყენოთ, რათა აღნიშნული შეთანხმება გაუქმდეს უახლოეს მომავალში“,- ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები „ელჩს“ შეხვდნენ. სამოქალაქო აქტივისტმა ნაირა ამალიამ განაცხადა, რომ „შეხვედრამ ნორმალურ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროში ჩაიარა“.

რუსეთის "ელჩი" ოკუპირებული აფხაზეთში მოქმედმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა "აიააირამ" და "აიდგილარამ" სააგენტო "რია ნოვოსტისთან" საუბარში ყოფილი სახელმწიფო აგარაკის "ბიჭვინთის" რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე გამოთქმული მოსაზრებების გამო გააკრიტიკეს.

რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ „ბიჭვინთის“ ობიექტის გადაცემის გარშემო არსებული ვითარება „ზედმეტად პოლიტიზებულია“. მისი სიტყვებით „ამ თემაზე პოლიტიკურმა სპეკულაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთქმედების შემდგომ განვითარებას".

შურგალინის თქმით, „ბიჭვინთის“ ამბავი აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის მოწინააღმდეგეებისთვის შთაგონებაა . ამ კონტექსტში მან „ენგურს მიღმა“ მყოფებიც (საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე - რედ.) მოიხსენია. შურგალინის თქმით, ისინი, "ამ სიუჟეტს სიამოვნებით ატრიალებენ თავისი ინტერესებისთვის".

ასევე ნახეთ „ბიჭვინთა პირველი ნაბიჯია, რიგში ენგურჰესი დგას“ - აფხაზური ოპოზიცია

„ელჩმა“ დაამატა, რომ „ბიჭვინთის“ საკითხზე შეთანხმების რატიფიცირების გაჭიანურება აისახება რუსეთის მისწრაფებაზე ინვესტიცია ჩადოს ისეთ პროექტებში როგორებიცაა „აეროპორტის მშენებლობა, ტურისტული ობიექტები, აფხაზეთის რკინიგზის რეკონსტრუქცია“.

ასევე ნახეთ სოხუმში აკრიტიკებენ „რუსეთის ელჩს“ „ბიჭვინთასთან“ დაკავშირებული პოზიციის გამო

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ დოკუმენტი 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა.

შეთანხმებას „პარლამენტის“ მხრიდან რატიფიცირება სჭირდება. შეთანხმების საგანს წარმოადგენს ბიჭვინთაში არსებული ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე კაგებეს მე-9 სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო ქალაქის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი.

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიჭვინთის ნაკრძალის 186 ჰექტარი მიწის 49 წლით იჯარით და მასთან ერთად, ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც.