ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანთა საზოგადოებრივი კავშირი „აიააირა“ (თავმჯდომარე „აფხაზეთის გმირი “ ვიანორ აშბა) დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ელჩს მიხაილ შურგალინს სააგენტო „რია ნოვისტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული პოზიციის გამო აკრიტიკებს, რომელიც ყოფილი სახელმწიფო აგარაკის „ბიჭვინთის“ შესახებ „რუსეთ- აფხაზეთის შეთანხმებას“ შეეხება. ამის თაობაზე რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ წერს.
რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ „ბიჭვინთის“ ობიექტის გადაცემის გარშემო არსებული ვითარება „ზედმეტად პოლიტიზებულია“. მისი სიტყვებით „ამ თემაზე პოლიტიკურმა სპეკულაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთქმედების შემდგომ განვითარებას".
შურგალინის თქმით, „ბიჭვინთის“ ამბავი აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის მოწინააღმდეგეებისთვის შთაგონებაა . ამ კონტექსტში მან „ენგურს მიღმა“ მყოფებიც (საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე - რედ.) მოიხსენია. შურგალინის თქმით, ისინი, "ამ სიუჟეტს სიამოვნებით ატრიალებენ თავისი ინტერესებისთვის".
„ელჩმა“ დაამატა, რომ „ბიჭვინთის“ საკითხზე შეთანხმების რატიფიცირების გაჭიანურება აისახება რუსეთის მისწრაფებაზე ინვესტიცია ჩადოს ისეთ პროექტებში როგორებიცაა „აეროპორტის მშენებლობა, ტურისტული ობიექტები, აფხაზეთის რკინიგზის რეკონსტრუქცია“.
საზოგადოებრივი გაერთიანება „აიააირა“ მიიჩნევს, რომ რუსი დიპლომატი „ფაქტების აშკარა გაყალბებითა და დამახინჯებითაა“ დაკავებული და არ გამორიცხავენ, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს „ელჩის უფლებამოსილების გადახედვის“ მოთხოვნით მიმართონ.
„არაკომპეტენტურობა და ახლომხედველობა, რომლითაც აფხაზეთის ამჟამინდელი ხელისუფლება, თქვენთან, აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩთან მიხაილ ალექსანდროვიჩ შურგალინთან ერთად, ცდილობს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის საკუთრებაში გადაცემის აუცილებლობა გაამართლოს, ხელს უწყობს ანტირუსული განწყობების ჩამოყალიბებას და აფხაზურ საზოგადოებას რუსეთთან ურთიერთობის გადახედვისკენ უბიძგებს. ჩვენს მიერ ეს აფხაზეთის და მისი ხალხისთვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ განიხილება, ამასთან დაკავშირებით ვიტოვებთ უფლებას მივმართოთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინს, როგორც აფხაზურ-რუსული სამოკავშირეო და სტრატეგიული ურთიერთობების ერთადერთ გარანტორს აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის შურგალინ მიხაილ ალექსანდროვიჩის უფლებამოსილების გადახედვის თხოვნით, - ნათქვამია განცხადებაში.
„აიააირა“-ს განცხადებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეთა 80% ყოფილი სახელმწიფო აგარაკის „ბიჭვინთის“ ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგია.
მანამდე ადგილობრივმა აქტივისტმა ქალებმა „რუსეთის ელჩს აფხაზეთში“ შეხვედრის თხოვნით მიმართა არსებული ინფორმაციით შეხვედრა დღეს 29 აგვისტოს უნდა შედგეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ დოკუმენტი 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა.
შეთანხმებას „პარლამენტის“ მხრიდან რატიფიცირება სჭირდება. შეთანხმების საგანს წარმოადგენს ბიჭვინთაში არსებული ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე კაგებეს მე-9 სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო ქალაქის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიჭვინთის ნაკრძალის 186 ჰექტარი მიწის 49 წლით იჯარით და მასთან ერთად, ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც.