Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბიჭვინთა პირველი ნაბიჯია, რიგში ენგურჰესი დგას“ - აფხაზური ოპოზიცია


"ენგურჰესის" კაშხალი
"ენგურჰესის" კაშხალი

ოკუპირებული აფხაზეთში რუსეთის „ელჩს“ მიხაილ შურგალინს, ადგილობრივი ვეტერანთა სამოქალაქო ორგანიზაცია „აიააირას“ შემდეგ ოპოზიციური სამოქალაქო გაერთიანება „აიდგილარაც“ აკრიტიკებს.

საქმე რუსი დიპლომატის პოზიციას ეხება, რომელიც მან „რია ნოვოსტისთან“ საუბარში გამოხატა ყოფილი სახელმწიფო აგარაკის, „ბიჭვინთის“ რუსეთისთვის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით.

„აიდგილარა“ „ელჩს“ „თავის გამონათქვამებსა და მსჯელობაში “ კორექტულობისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მიუთითებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში „არ არის და ვერ იქნება ანტირუსული განწყობები“.

„თქვენ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციას წარმოადგენთ, მის ხელისუფლებასა და ხალხს, რომელსაც ჩვენთან განუზომელ პატივს სცემენ, არავითარი სარგებელი არ აქვს იმ რიტორიკას სადამდეც ვითარებაა მიყვანილი,-“ ნათქვამია მიმართვაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ბიჭვინთის“ ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა არ შეესაბამება არც აფხაზეთის და არც რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს. შეთანხმებაში ჩადებული ნორმები კი, „აფხაზეთის კონსტიტუციასთან“ წინააღმდეგობაშია.

„დარწმუნებული ვართ მოქმედების მსგავსი ალგორითმი მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რიგშია ობიექტები ენგურჰესი, საკალმახე მეურნეობა და ქვეყნის სხვა აქტივები“,- ნათქვამია განცხადებაში.

„აიდგილარა“ კვლავ მოუწოდებს დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტს“ასლან ბჟანიას პარლამენტიდან გაიწვიოს სარატიფიკაციო დოკუმენტი.

„თქვენი არაკომპეტენტური მოქმედებები აფხაზურ საზოგადოებაში უარყოფით და საშიშ პროცესებს აყალიბებს. ჩვენ ვალდებული ვართ ამაზე მიგითითოთ, ნუ ჩაგვითრევთ ამაში. ძალიან ბევრი უბედურება, ტკივილი და დანაკარგი განვიცადეთ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მისაღწევად“,- მიმართავენ ოპოზიციურო მოძრაობის წარმომადგენლები დე ფაქტო პრეზიდენტს.

როგორც მანამდე საზოგადოებრივი გაერთიანება „აიააირას“ წარმომადგენლებმა განაცხადეს რუსი დიპლომატი „ფაქტების აშკარა გაყალბებითა და დამახინჯებითაა“ დაკავებული და არ გამორიცხავენ, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს „ელჩის უფლებამოსილების გადახედვის“ მოთხოვნით მიმართონ.

რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ „ბიჭვინთის“ ობიექტის გადაცემის გარშემო არსებული ვითარება „ზედმეტად პოლიტიზებულია“. მისი სიტყვებით „ამ თემაზე პოლიტიკურმა სპეკულაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთქმედების შემდგომ განვითარებას".

შურგალინის თქმით, „ბიჭვინთის“ ამბავი აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის მოწინააღმდეგეებისთვის შთაგონებაა . ამ კონტექსტში მან „ენგურს მიღმა“ მყოფებიც (საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე - რედ.) მოიხსენია. შურგალინის თქმით, ისინი, "ამ სიუჟეტს სიამოვნებით ატრიალებენ თავისი ინტერესებისთვის".

„ელჩმა“ დაამატა, რომ „ბიჭვინთის“ საკითხზე შეთანხმების რატიფიცირების გაჭიანურება აისახება რუსეთის მისწრაფებაზე ინვესტიცია ჩადოს ისეთ პროექტებში როგორებიცაა „აეროპორტის მშენებლობა, ტურისტული ობიექტები, აფხაზეთის რკინიგზის რეკონსტრუქცია“.

ენგურჰესი ყველაზე მძლავღი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში. ის ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. კაშხალი, წყალმიმღები და გვირაბის ნაწილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განლაგებული; გვირაბის ნაწილი, მართვის ბლოკი და ჰიდროელექტროსადგურის შენობა კი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორაზეა მოქცეული.
ენგურჰესის საშუალო წლიური გამომუშავება სამი მილიარდ 700 მილიონი კილოვატ/საათია.

XS
SM
MD
LG