რუსეთის მოქალაქეების საქართველოსკენ ლტოლვისა და ქვეყანაში დამკვიდრების მზარდი სტატისტიკური მაჩვენებლების გამო შეზღუდვების დაწესებას ითხოვს პარტია „ლელო“ და ინიციატივას ქვეყნის უსაფრთხოების მიზნებით ხსნის. პარალელურად, ვრცელდება ელექტრონული პეტიციაც, რომელსაც 4 აგვისტოს 19:00 საათის მონაცემებით უკვე 15 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავდა.
- რა პირობებია რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოსა და სხვა ქვეყნებში?
საქართველოში
ვინაიდან უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მარწუხები სულ უფრო უჭერთ, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი სხვა ქვეყნებში გამგზავრებას ცდილობს და საქართველოა ერთ-ერთი, სადაც მათ ხელსაყრელი პირობები ხვდებათ - საქართველოში შემოსვლა და ცხოვრება საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, „საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 (ერთი) წლის ვადით ყოფნის უფლება“, სხვა ათეულობით ქვეყანასთან ერთად, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებსაც აქვთ. ერთი წლის შემდეგ, თუკი საქართველოდან ცოტა ხნით გავლენ და ისევ დაბრუნდებიან, ახალი ერთწლიანი ვადის ათვლა 0-დან დაიწყება.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და არ არის უპრიანი 2022 წლის მაჩვენებლების შედარება 2020-2021 წლებთან, როცა, პანდემიის გამო, ვიზიტორთა რიცხვი ისედაც მნიშვნელოვნად იყო შემცირებული.
შსს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით:
- პანდემიამდე, 2019 წელს, ისევე როგორც 2018 წელს, ვიზიტორების ჩამონათვალში რუსეთი იყო მესამე ადგილას (აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ);
- 2020-2021 წლების ივნისში, რუსეთიდან ვიზიტორებს სიდიდით მეორე მაჩვენებელი ჰქონდათ, თურქეთის შემდეგ და ასე შენარჩუნდა 2022 წლის მარტამდე;
- რუსეთმა ჩამონათვალში პირველი ადგილი დაიკავა 2022 წლის აპრილიდან და ასე გაგრძელდა - როგორც მაისში, ასევე ივნისში.
შს სამინისტროს ცნობით, ივნისში საქართველოში რუსეთის დაახლოებით 135 457 მოქალაქე შემოვიდა. მარტში მათი რიცხვი 45 068 იყო.
ხრიკები საქართველოში შემოსასვლელად
რუსული საიტები რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ასწავლიან ხრიკებს - თუ როგორ უნდა დაიმალოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლის ფაქტები და როგორ უნდა მოატყუონ საქართველოს სახელმწიფო, რათა თავი აარიდონ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის დაწესებულ ჯარიმას, ანდა საქართველოში შეშვებაზე უარის მიღებას:
- „თუკი თქვენ რუსეთიდან ხართ, უმჯობესია, თუკი აფხაზეთში მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტით გაემგზავრებით, ხოლო საქართველოში უკვე - საზღვარგარეთის პასპორტით შეხვალთ [სადაც აფხაზეთში დასმული შტამპი არ იქნება]".
- „თუკი თქვენ ბელარუსიდან ხართ, შეეხვეწეთ მესაზღვრეებს ადლერში, რომ არ ჩაგირტყან შტამპი პასპორტში (არის ვარიანტი, რომ ცალკე ფურცელზე დაგისვან შტამპი) ანდა შეცვალეთ [შტამპიანი] დოკუმენტი საქართველოში შემოსვლის წინ".
ერთ-ერთი რუსული გამოცემა მომავალ ვიზიტორებს არწმუნებს, რომ „ეს რჩევები პრაქტიკაში ნაცად მაგალითებს ეყრდნობა“.
რა ხდება სხვაგან?
უვიზო რეჟიმის პირობებში, საქართველოს მსგავსი ხელსაყრელი პირობებით რუსეთის მოქალაქეები იმ ქვეყნებშიც კი არ სარგებლობენ, რომლებიც მტკიცე მოკავშირეებად მიიჩნევიან:
- სომხეთში წელიწადის განმავლობაში ხოლოდ 180 დღით იტოვებენ. ამ ვადის შედეგ, ისინი ვალდებული არიან გავიდნენ ქვეყნიდან ან მოიპოვონ ბინადრობის ნებართვა;
- 90-დღიანია აზერბაიჯანში დარჩენის ხანგრძლივობა და ვიზიტორები 15 დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ მიგრაციის სამსახურში. ქვეყანაში ყოფნის გახანგრძლივება შესაძლებელია 2 თვით, აუცილებელი და მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო;
- მოლდოვაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში - 90 დღით დარჩენაა შესაძლებელი. ვადის გასაგრძელებლად, საქმეში საემიგრაციო სამსახური ერთვება;
- სერბეთში, ბოცვანასა და ნამიბიაში წელიწადის განმავლობაში 30 დღეზე ხანგრძლივად არ იტოვებენ;
- ბოსნია-ჰერცეგოვინაში ტურისტებს სთხოვენ ტუროპერატორის ბეჭდიან ცნობას და 30 დღით ტოვებენ; ახლობლების, მეგობრების მონახულება კი - მაქსიმუმ 90 დღით შეიძლება;
- ისრაელში, ბრაზილიაში, გვატემალაში, ნიკარაგუასა და პერუში რუსებისთვის ყოველ 180 დღეში შესაძლებელია 90 დღით დარჩენა;
- ვიეტნამს 15-დღიანი ვადა აქვს დაწესებული.
უკრაინამ რუსეთს უვიზო რეჟიმი გაუუქმა.
როგორც ირკვევა, რუსეთის მოქალაქეებს სრული და ხელსაყრელი თავისუფლება არც მოსკოვის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში აქვთ:
- აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის საჭიროა ე.წ. შს სამინისტროს ორგანოებში დარეგისტრირება, ტერიტორიაზე შესვლიდან 3 დღის ვადაში; ხოლო სასტუმროში მყოფებს არეგისტრირებს სასტუმრო;
- ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მოქალაქეებს უწყვეტად მხოლოდ 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ.
რუსეთის მოქალაქეები სულ უფრო ნაკლებად სასურველი სტუმრები ხდებიან ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც მათ ისედაც შენგენის ვიზის აღება მოეთხოვებათ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუს ჟურნალისტს უთხრეს, რომ „მოქალაქეებს შენგენის ვიზას უკვე, ფაქტობრივად, აღარ აძლევენ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის საკონსულოები“.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა ფინანსური და ეკონომიკური სანქციები. პერსონალური, სავიზო სანქციები ვრცელდება რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების და მათი უახლოესი ნათესავების წინააღმდეგ.
შეზღუდვების მოთხოვნა და ბრალდებები
საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები კარგად ადაპტირდნენ, ხსნიან საწარმოებს, არ აქვთ ენის პრობლემა მომსახურებისას, სადაც სერვისს რუსულად სთავაზობენ. უკრაინული დროშები და სიმღერები აღიზიანებთ და ქართველებისგან კეთილგანწყობას ზოგჯერ დაჟინებით ითხოვენ.
ასევე ნახეთ TI: სულ რაღაც ოთხ თვეში საქართველოში 6400-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა ასევე ნახეთ კვლევა: საქართველო ეკონომიკურად უფრო დამოკიდებული გახდა რუსეთზეასევე ნახეთ „ლელო" რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისათვის ვიზების შემოღებას მოითხოვს
რუსეთის მიერ მისი მოქალაქეების - თანამემამულეების სხვა ქვეყნებში შეჭრის საბაბად გამოყენების საფრთხეს საქართველოშიც ხედავენ. პარტია „ლელო“ როგორც რუსეთის, ასევე (უკრაინასთან სამხედრო აგრესიაში ირიბად ჩართული) ბელარუსის მოქალაქეებისთვის დროებითი სავიზო რეჟიმის ამოქმედებას ითხოვს.
მათი პოზიციით, ასევე უნდა შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის და ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი და ასევე - ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.
„უმთავრესი მიზეზი, რატომაც შეზღუდვებს მოვითხოვთ, არის ის, რომ, ერთი მხრივ, არსებობს ეროვნული უსაფრთხოების რისკი და, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ღია და ოფიციალურ კონფრონტაციაშია შესული დასავლელ პარტნიორებთან და ყველა ძირითად დასავლურ პოლიტიკურ ინსტიტუტთან.
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც აღარცკი აპროტესტებს თუნდაც იმავე ოკუპაციასა და მისი გაფართოების მცდელობებს... არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკური ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გაზარდოს და პოლიტიკური სტატუსი დაასტაბილუროს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანი, გროგოლ გეგელია.
ის ამბობს, რომ პარტია, მათ შორის პარლამენტში, ყველა შესაძლო მექანიზმს გამოიყენებს საკითხის ბოლომდე გასატანად. საგანგებო განცხადება გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოშიც.
თუმცა ოპოზიციასა თუ სხვა ჯგუფებში არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმის შემოღება თუ კონტროლის სხვა მექანიზმების დაწესება, არაეფექტიანი იქნება მოქმედი ხელისუფლების პირობებში. გამოითქმება ეჭვი, რომ კონტროლიც შერჩევითად აღსრულდება ისევე, როგორც ეს დღემდე ხდებოდა რუსეთის არასასურველი მოქალაქეების შემოშვებისა თუ უკრაინის მოქალაქეების უკან გაბრუნებისას.
ასევე ნახეთ პაპუაშვილის თქმით, საქართველოში შემოსულ რუსებზე კამპანია ქსენოფობიას აღვივებს ასევე ნახეთ ოხანაშვილის თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების შეთავაზება ომში ჩართვის ინტერესს ემსახურება„ქართული ოცნება“ რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვის დაწესების ინიციატივას ოპოზიციის მიმართ ბრალდებებით გამოეხმაურა. ისინი საგანგებოდ იხსენებენ იმ ფაქტსაც, რომ ცალმხრივი უვიზო რეჟიმი რუსეთთან წინა ხელისუფლების პირობებში დაწესდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა „დესტაბილიზაციისა და ომში ჩართვის ინტერესს ემსახურება“.
„ახლა საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად გადავდგათ ნაბიჯები, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს. ჩვენ ვმოქმედებთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და არა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან არის შემოტანილი. არავის სხვა ინტერესი არ გააჩნია - სურთ დესტაბილიზაცია და ომში ჩაერთოს ქვეყანა, ყველა კონკრეტული შემოთავაზება ემსახურება ამ ინტერესს“, - თქვა ოხანაშვილმა.
„ეს კამპანია უკავშირდება იმას, რომ ჩამოშალონ საქართველოში, მაგალითად, ტურიზმის სფერო", - ეს სიტყვები ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის.
ასევე ნახეთ რუსეთის მოქალაქეებს 1 ივლისიდან ვიზა სჭირდებათ უკრაინაში შესასვლელადეკონომიკური თვალსაზრისით, ზოგადად, სავიზო რეჟიმი ტურისტების მოზიდვის კუთხით შემაფერხებელი ფაქტორია და, ლოგიკურად, თუკი თანაბარი არჩევანია - ტურისტი წავა იქ, სადაც სავიზო ბიუროკრატიას აარიდებს თავს; მაგრამ როგორც ეკონომიკის ექსპერტი, აკაკი ცომაია ამბობს, უკრაინაში ომისა და საქართველოში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, „უსაფრთხოების საკითხებთან ტურიზმის საჭიროებების შედარება ამ შემთხვევაში სრულიად უადგილოა“ და „აშკარად საჭიროა კონტროლის დაწესება“. სხვა საკითხია, რომ დღევანდელ პირობებში ამ კონტროლის სათანადოდ აღსრულების იმედი არც მას აქვს.