რუსეთში არ გამორიცხავენ, რომ მის მოქალაქეებს ევროკავშირი აუკრძალავს შენგენის ზონაში შესვლას. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასს“ უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა ივან ვოლინკინმა. მისი განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებს შენგენის ვიზას უკვე ფაქტობრივად, აღარ აძლევენ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთის და ჩეხეთის საკონსულოები, „რუსოფობი, ოდიოზური“ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან კი, არის მოწოდებები, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა საერთოდ აიკრძალოს. ამასთან, როგორც ვოლინიკინი ამბობს, მოსკოვში „ევროკავშირის პრაგმატიზმის და საღი აზრის“ იმედი აქვთ.
საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, ამჟამად რუსეთი სავიზო რეჟიმის გამარტივების მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებს 20-მდე სახელმწიფოსთან, მათ შორის ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან, ჩინეთთან და მალაიზიასთან.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა ფინანსური და ეკონომიკური სანქციები. პერსონალური, სავიზო სანქციები ვრცელდება რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების და მათი უახლოესი ნათესავების წინააღმდეგ.