პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მორიგი განცხადებით მიმართავს. ტექსტი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ვებსაიტზე გამოაქვეყნდა.
სუბარი მიიჩნევს, რომ ელჩი ივანიშვილისგან საქართველოს ომში პირდაპირ არ მოითხოვდა და აღნიშნავს, რომ კელი დეგნანის განცხადება, რომ „ქართული ოცნების" დამფუძნებელი არ დაუშანტაჟებია, არაფრისმთქმელია.
„კელი დეგნანმა ისიც განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი არ დაუშანტაჟებია. მე პირადად ეჭვიც არ მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილთან მისული ამერიკის ელჩი საქართველოს ჩართვას რუსეთთან ომში პირდაპირი ტექსტით არ მოითხოვდა. დიპლომატიაში დაუწერელი კანონია, რომ ასეთი მოთხოვნა ირიბი ფორმით უნდა დააყენო. შესაბამისად, როდესაც ელჩი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ დაუშანტაჟებია, ეს ისეთივე არაფრისმთქმელია, როგორც მისივე განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს „საკმაოდ დიდი ხანია“ არ შეხვედრია.
ელჩისთვის ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება შეიძლება ისეთივე ე.წ. აღქმის საკითხია, როგორც მოსამართლეზე ზეწოლა. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, კელი დეგნანმა მოსამართლე ჩხიკვაძის საელჩოს თანამშრომლის მიერ დაბარება, მისთვის ელჩის სახელით კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნა და ამერიკაში ვიზიტით არგაშვება ისე დაადასტურა, რომ იქვე აღნიშნა, ეს მოსამართლეზე ზეწოლა არ იყოო. შეიძლება ის ბიძინა ივანიშვილსაც ზუსტად ისევე არ აშანტაჟებდა, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძეზე არ განუხორციელებია ზეწოლა, - აღნიშნავს სუბარი და განმარტავს, - ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოხატული. მაგალითად, თუ კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციით გამოხატა უკმაყოფილება და ამ უკმაყოფილებაზე მითითებით, ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება მოსთხოვა, ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს უკვე ცხადი შანტაჟია. ამ ყველაფერს ისიც თუ დაემატა, რომ შეხვედრაზე ელჩი ბიძინა ივანიშვილისგან, მაგალითად, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მთელი დაჟინებით ითხოვდა, ომისკენ მიმართული შანტაჟის ლოგიკური ჯაჭვი უკვე სრულად იკვრება".
სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ელჩი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ეს უკანასკნელი უკვე მძიმე შანტაჟის ქვეშ იყო მოქცეული. „იმ დროისათვის, მას [ივანიშვილს] შეჩერებული ქონდა არა მხოლოდ საბანკო გადარიცხვები, არამედ, აგრეთვე, ფერწერული ნამუშევრების გადატანა ნიუ-იორკიდან და ლონდონიდან და ვერტმფრენის ჩამოყვანა გერმანიიდან, რაზეც საერთაშორისო მედიაში უამრავი სტატიაც დაიბეჭდა. ასეთ პირობებში, ბიძინა ივანიშვილის არდაშანტაჟება ზუსტად ისეთივე სიმართლეა, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის ამერიკაში ვიზიტის „რუტინული მიზეზებით“ გაუქმება", - წერს სუბარი.
როგორც „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი აღნიშნავს, „ომთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციით უკმაყოფილების გამოხატვა, პოლიტიკაში დაბრუნების მოთხოვნა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე დაჟინება ბიძინა ივანიშვილისთვის იქნებოდა სრულიად საკმარისი ლოგიკური საფუძველი იმისათვის, რომ ელჩის საუბარი საქართველოს ომში ჩათრევისკენ მიმართულ შანტაჟად აღექვა. ბიძინა ივანიშვილის წერილიდან ეს აღქმა ძალიან მკაფიოდ იკითხება".
სოზარ სუბარი ელჩს სამი შეკითხვით მიმართავს:
„ა) ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას, გამოთქვა თუ არა მან უკმაყოფილება ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის გამო;
ბ) ამ უკმაყოფილების ნიადაგზე, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება;
გ) შეხვედრისას, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს რუსეთისთვის სანქციების დაწესება".
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს ასეთ კრიტიკულ დროს, პოლიტიკოსების ნაწილი განხეთქილების და დაპირისპირების შექმნას აშშ-სა და საქართველოს შორის. „როდესაც რევანშისტული რუსეთი თესავს ქაოსს და ნგრევას, საქართველომ და მისმა პარტნიორებმა ერთად იმაზე მეტად უნდა იმუშაონ, ვიდრე ოდესმე, რათა უზრუნველყონ მშვიდობა, უსაფრთხოება და დაუპირისპირდნენ რუსეთის აგრესიას“, - უთხრა კელი დეგნანმა „ამერიკის ხმას“.
ასევე ნახეთ დეგნანი: ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ხალხს28 ივლისს, სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არ ყოფილა ომში საქართველოს ჩართვაზე.
ასევე ნახეთ დეგნანი: საქართველოს "ომში ჩართვა" არ გვსურს, ლიდერებს ვუთხარით, რომ გვესმოდა მგრძნობიარე პოზიციის27 ივლისს გავრცელებული წერილით ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, 21 მარტს, აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
"რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა", - წერია ივანიშვილის სახელით გავრცელებულ წერილში.
ასევე ნახეთ ივანიშვილი ამბობს, რომ კელი დეგნანს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეხვდა