წულუკიანი ზურაბიშვილზე: ალბათ საჭიროა ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს

ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ადვოკატის აყვანა სჭირდება. მისი აზრით, პრეზიდენტმა 21 ივლისს გაკეთებული განცხადებით, აღიარა, რომ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას სცილდება.

„ალბათ საჭიროა ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს [სალომე ზურაბიშვილმა]. თქვა ის, რაც მას ძალიან შეასუსტებს. რეალურად, მეორე მხარეს მისცა არგუმენტები. გაამართლა რეალურად ის, რასაც ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რომ რასთანაც საქმე გვქონდა. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცილდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი არის წარუმატებელი. ეს არ არის მისი ფუნქცია, კონსტიტუცია ამას არეგულირებს სხვანაირად", - თქვა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერის აზრით, საქართველოს პრეზიდენტები საპარლამენტო მოდელში მიიჩნევენ, რომ მოქმედი კონსტიტუცია მათ საქმიანობას გასაქანს არ აძლევს.

„დასანანია, რომ ჩვენ ჯერ არ შეგვხვედრია საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც გაუგო საპარლამენტო მოდელს. ჩვენ ჯერ ვერ შევიძინეთ ისეთი პრეზიდენტი (და ეს არავის ბრალი არ არის გარდა ჩვენივე თავისა), რომ ვერ ვიყოლიეთ საქართველოს ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ესმის რა არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები ისეთ მოდელში, რომელიც საპარლამენტო მოდელია. რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით და ბევრი არ გვყოლია ჯერ საპარლამენტო მოდელში, ყველას აქვს გარკვეული კომპლექსი. მე ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი, იმიტომ, რომ ისინი თავს წარმოაჩენენ კანდიდატებად და უნდათ პრეზიდენტობა, მაგრამ, როდესაც ხდებიან პრეზიდენტები საპარლამენტო მოდელში, თვლიან, რომ ეს კონსტიტუცია მათ საქმიანობას გასაქანს სათანადოდ არ აძლევს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე ნახეთ „37-იდან 36 ელჩი დავნიშნე” - ზურაბიშვილმა დაასახელა დიპლომატი, რომლის დანიშვნას ხელს არ აწერს
ასევე ნახეთ ზურაბიშვილის კრიტიკის შემდეგ, წულუკიანმა მხარდაჭერა გამოუცხადა დიპლომატ დავით ბაქრაძეს

პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკმაყოფილოა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩის დავით ბაქრაძის მუშაობით, რის გამოც გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მის დანიშვნას დღემდე ხელს არ აწერს. როგორც პრეზიდენტი ამბობს, მისი ელჩობის დროს ვერც ვაშინგტონიდან თბილისში და ვერც თბილისიდან ვაშინგტონში ვერ მოხერხდა მაღალი რანგის ვიზიტები. ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, ელჩმა ვერ უზრუნველყო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის საქართველოს მილოცვის გადაცემა.

საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

როგორც ზურაბიშვილმა თქვა, 37-იდან 36 ელჩის დანიშვნას ხელი მოაწერა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ახლა რჩება ერთი, ბაქრაძის პრობლემა. „ამაზე შეაქვთ საკონსტიტუციოში და სთხოვენ, რომ ანტიკონსტიტუციურად იყოს მიღებული ჩემი უმოქმედობა ამ შემთხვევაში. ჯერ არ არის უმოქმედობა, იმიტომ, რომ 15 ივლისის წერილი არის და , ვნახოთ, როგორი მოქმედება მექნება ან უმოქმედობა", - დაამატა პრეზიდენტმა.

7 ივნისს გახდა ცნობილი, რომ მთავრობამ პრეზიდენტთან ელჩების დანიშვნაზე უფლებების გასამიჯნად საკონსტიტუციოს მიმართა.

ასევე ნახეთ მოთვინიერება თუ უფლებამოსილებების გამიჯვნა? - ელჩებზე უარი საკონსტიტუციო სასამართლოში
ასევე ნახეთ მთავრობამ პრეზიდენტთან ელჩების დანიშვნაზე უფლებების გასამიჯნად საკონსტიტუციოს მიმართა