სუს-ის პირველი კომენტარი: სოსო გოგაშვილის დაკავება გარდაუვალი იყო

სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ მათი უწყების ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე - სოსო გოგაშვილი დაკავებულია. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე დაუდასტურებელი იყო.

ასევე ნახეთ გავრცელებული ინფორმაციით, სოსო გოგაშვილი დააკავეს

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად გარდაუვალი გახდა მისი დაკავება", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სუს-ში.

ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, როგორ შედიან ნიღბიანი სამართალდამცავები გოგაშვილის სახლში, მისმა ცოლმა გადაიღო. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ეს ნიღბიანი სამართალდამცავები გოგაშვილს ფიზიკურად შენობაში შესვლის პირველსავე წამებში აკავებენ.

ჩხრეკა ჩატარდა არა მხოლოდ სოსო გოგაშვილის სახლში, არამედ მის შვილთანაც. მისი შვილის სახლიდან ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის, ლეპტოპი.

"მოსამართლის განჩინებაა, რომ ამ მისამართზე ჩატარდეს ჩხრეკა, რათა აღმოჩენილი და ამოღებული იქნეს კანონსაწინააღმდეგო ნივთები. კონკრეტულად, ელექტრომოწყობილობები, ნოუთბუქი და ა.შ..." - უთხრა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა, გაიოზ დიდიამ ნინი გოგაშვილს.

ასევე ნახეთ სოსო გოგაშვილის შვილის სახლიდან ლეპტოპი და სხვა მოწყობილობები ამოიღეს

13 ივლისს ტელეკომპანია „იმედისა“ და "მაესტროს" ეთერში გავიდა გიორგი გაჩეჩილაძის, „უცნობის“, გადაცემა. მან საზოგადოებას მოასმენინა "მთავარი არხის" რედაქციაში ფარული მიყურადების გზით მოპოვებული ჩანაწერი და ეს იმით ახსნა, რომ სურდა ემხილა, როგორი არაეთიკური ხალხი მუშაობს კრიტიკულ მედიაში. ჩანაწერის გავრცელებით გამჟღავნდა წყაროც, რომელიც სამ ნაციონალურ მაუწყებელს სუს-ის მიერ ფარულად ჩაწერილ დოკუმენტებს აძლევდა.

ორწუთიან საუბარში ისმის 4 ადამიანის ხმა, ოთხივე "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" თანამშრომელია. ირკვევა, რომ იგეგმება გადაცემა იმაზე, თუ როგორ ათავისუფლებდა „ქართული ოცნება“ მსჯავრდადებულებს წინასაარჩევნოდ, არჩევნებში მათი და მათი ახლობლების ხმების სანაცვლოდ. ჩანაწერში გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია, პროდიუსერი ეკა სარია და ჟურნალისტები გიორგი გვიშიანი და ლაშა კვესელაძე საუბრობენ დოკუმენტებზე, რომლებიც გაბუნიას სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა მისცა. ჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ სოსო გოგაშვილი არა მხოლოდ გაბუნიას წყაროა, არამედ ჩანაწერებს აძლევს "ფორმულაში" გიორგი თარგამაძეს, "ტვ პირველში" კი - ნოდარ მელაძეს.

"ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია და ამავე გადაცემის თანამშრომლები განიხილავენ სოსო გოგაშვილის მიერ მათთვის მიწოდებულ მასალას სათაურით - "საიდუმლო ფაილები პირდაპირ სუს-ის კომპიუტერებიდან - პირობითი მსჯავრდადებულების გრძელი სია, რომლებსაც "ქართული ოცნება" სასჯელისგან ათავისუფლებს და მათ შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს", - ასე წარადგინა ჰქონდა "უცნობის" გადაცემაში ამ ჩანაწერებს.

უცნობია, გოგაშვილის დაკავება უკავშირდება თუ არ ამ ჩანაწერების გავრცელებას.

ასევე ნახეთ ისევ გვისმენენ… ნიუსრუმებშიც

ამ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ სოსო გოგაშვილი ფეისბუკის გვერდზე წერდა, რომ 2021 წლის ოქტომბერში შეიტყო საპარლამენტო არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებების შესახებ, "დიდი ფიქრის შემდეგ“ კი გადაწყვიტა, "ეს სამუდამოდ დაემთავრებინა" და თავადაც ეგო პასუხი იმ ყველაფერზე, "რა უკანონობის მონაწილეც" იყო.

ასევე ნახეთ სოსო გოგაშვილი "ოცნებას": აქამდე თქვენ მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ