"ხერსონის ოლქის სამხედრო შტაბზე დანადგარ HIMARS-ის რაკეტით განხორციელებული იერიშის შედეგად, დაიღუპა რუსეთის 22-ე საარმიო კორპუსის გენერალ-მაიორი ნასბულინი. გარდა ამისა - მე-20 მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, პოლკოვნიკი გორობეცი, ამავე დივიზიის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კოვალი, არტილერიის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი გორდეევი. მთლიანობაში დაღუპულია 150-ზე მეტი სამხედრო, მათ შორის 5 ოფიცერი", - იუწყებოდა ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერი სერგეი ბრატჩუკი, თავის ტელეგრამის არხში.
ასევე ნახეთ უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხერსონის რეგიონში ვოლგოგრადის დივიზიის რუსი მეთაური დაიღუპაუკრაინის არმიის ასეთი გააქტიურება დაემთხვა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შემოდგომისთვის ქვეყნის ოკუპირებული სამხრეთ რაიონების გათავისუფლების შესახებ არმიის ხელმძღვანელობისთვის გაცემულ ბრძანებას.
რუსეთის საოკუპაციო არმიას კი უფრო მოკლევადიანი გეგმა აქვს. მისი ძირითადი ძალები კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის რამდენიმე პატარა ქალაქის, სევერსკისა და დოლინის აღებაზე, რითაც რუსეთს გზას გაეხსნება კრამატორსკისა და სლავიანსკისკენ, რომლებსაც ბრიტანეთის დაზვერვა სამხედრო ოპერაციის ამ ეტაპზე, რუსეთის მთავარ სამიზნედ მიიჩნევს. მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებაში დასავლური მოდიფიკაციის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარების მომრავლება, მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის არმიის შეტევით პოტენციალს.
ამერიკული HIMARS-ები და ფრანგული Caesar-ები რუსული „სმერჩებისა“ და „ისკანდერების“ წინააღმდეგ
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ივლისის დასაწყისიდან, უკრაინელმა სამხედროებმა სულ მცირე 10 ზუსტი იერიში განახორციელეს რუსეთის სამხედრო მასალების საწყობებსა და სხვა ობიექტებზე მაკეევკაში, მელიტოპოლში, შახტიორკსში, პაპასნაიასა და სხვა დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე, ფრონტის უშუალო სიახლოვეს მდებარეობენ.
ზოგიერთი განადგურებული საწყობი და ობიექტი ფრონტის ხაზიდან 5-75 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. უცხოელი და უკრაინელი ექსპერტები უკრაინის არმიის ამ იერიშებს პირდაპირ უკავშირებენ, უკრაინის შეიარაღებაში ამერიკული მობილური სარაკეტო დანადგარ HIMARS-ების გამოჩენას. ამ შეიარაღების პირველი პარტია - ოთხი ერთეული სარაკეტო დანადგარი ფრონტზე 23 ივნისს ჩაიტანეს. უკვე გადაწყვეტილია, რომ აშშ უკრაინას გამოუყოფს 400 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს, რომლის ფარგლებში უკრაინის არმია კიდევ HIMARS-ის კლასის 4 ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარს მიიღებს.
ასევე ნახეთ ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინელები კიდევ 350 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენამის შესახებ ჟურნალისტებს 8 ივლისს განუცხადა აშშ-ის სამხედრო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობა არ ვრცელდება. მან თქვა ასევე, რომ დამატებითი HIMARS-ების მიწოდების შემდეგ, უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებული ამ ზემობილური სარაკეტო სისტემის რაოდენობა 12-ს მიაღწევს.
ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარ HIMARS-ს 80 კილომეტრის რადიუსში შეუძლია მიზნის განადგურება, მაგრამ გარკვეული მოდიფიკაციის დანადგარისა და შესაბამისი საბრძოლო მასალის შემთხვევაში სროლის სიშორე შესაძლოა 300-500 კილომეტრამდე გაიზარდოს.
ზალპური ცეცხლის მობილური რეაქტიული დანადგარების პირველი პარტია უკრაინაში 23 ივნისს ჩაიტანეს, მისმა გამოჩენამ, სამხედრო ექსპერტების თქმით, მნიშვნელოვნად გაზარდა უკრაინის არმიის როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი პოტენციალი.
„როდესაც მიდის დუელი ამერიკულ HIMARS-ებსა და რუსულ „სმერჩებსა“ და „ურაგანებს“ შორის, HIMARS-ის ერთ დანადგარს შეუძლია „სმერჩების“ მთელი დივიზიონის განადგურება“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, სერგეი გრაბსკი. „ვინაიდან რუსების მთელი დივიზიონის გადატენას სჭირდება ერთი საათი: ანუ საათია საჭიროა, რომ დივიზიონი მოემზადოს ზალპური ცეცხლისთვის. HIMARS-ს კი ერთ საათში შეუძლია ხუთი-ექვსი და შესაძლოა მეტი ზალპის გაშვება“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი.
HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარების რაკეტების დამიზნება ხდება GPS-ით, რაც ზუსტ დროში მიზნის ზუსტი განადგურების შესაძლებლობას იძლევა. უკრაინის არმიის შეიარაღებაში ასეთი იარაღის გამოჩენამ რუსეთის არმიას დიდი ლოგისტიკური პრობლემები შეუქმნა: მისი იარაღის საწყობები ამიერიდან უკრაინული რეაქტიული დანადგარების ზემოქმედების ზონაში აღმოჩნდა, რუსეთისთვის ასევე გართულებულია ფრონტისთვის საბრძოლო მასალების ავტოტრანსპორტით მიწოდებაც.
„უკრაინის შეიარაღებაში დასავლური მოდიფიკაციის ასეთი დამრტყმელი საშუალებების მომრავლების შედეგად რუსეთის არმიას მძიმე და სევდიანი დრო დაუდგა“, - ამბობს საგამომძიებლო ჯგუფ Conflict Intelligence Team-ის გამომძიებელი, კირილ მიხაილოვი.
„HIMARS-ი დაბომბავს წინასწარ მონიშნულ მიზანს და შემდეგ აგრძელებს თავის გზას. თუ ეს არის დიდი სტაციონარული ობიექტი, როგორც საბრძოლო მასალების საწყობი, რუსებს წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გააკეთონ და რა უნდა დაუპირისპირონ უკრაინელებს ასეთ ვითარებაში. ანუ, ახლა მათ ათობით, ასობით კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტზე უნდა მოძებნონ ოთხი პატარა სატვირთო მანქანა, რომლებიც გაჭირვებით გადაადგილდებიან და პერიოდულად ისვრიან“, - ამბობს კირილ მიხაილოვი.
ერთ დღეში განადგურებული დივიზიის მეთაური და მისი მოადგილე
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, 11 ივლისს, უკრაინელმა სამხედროებმა სწორედ HIMARS-ით განახორციელეს პირველი დიდი შეტევა რუსეთის მიერ კონტროლირებული ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკაზე.
ასევე ნახეთ უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ამერიკული HIMARS-ით ხერსონში გაანადგურეს რუსების პოზიციებიუკრაინის სარდლობის ინფორმაციით, განადგურებულია სულ მცირე 52 რუსი სამხედრო, რამდენიმე ერთეული ჰაუბიცა, ნაღმმტყორცნი, შვიდი ერთეული საავტომობილო და ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალების საწყობი.
ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერი სერგეი ბრატჩუკი აცხადებს, რომ ხერსონის რეგიონში უკრაინის არმიის ამასწინანდელი იერიშის შედეგად, რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის, 5 მაღალი რანგის ოფიცერი და ასევე ვოლგოგრადში დისლოცირებული მე-20 ცალკეული მოტორიზებული ბრიგადის მეთაური ანდრეი გორობეცი. მანამდე ის ჩეჩნეთში სამხედრო ბრიგადას ხელმძღვანელობდა და რესპუბლიკის მეთაურს, რამზან კადიროვსაც შეხვდა.
რუსები თავდაპირველად არ აღიარებდნენ ცნობას სამხედროთა შორის დანაკარგების შესახებ, მაგრამ მაღალი რანგის ოფიცრების, ვოლგოგრადის მე-20 გვარდიის მოტორიზებული მსროლელი დივიზიის მეთაურის, პოლკოვნიკ ალექსეი გორობეცის დაღუპვის ცნობამ ადგილობრივ მედიაში მალევე გაჟონა.
ამის შესახებ გამოცემა „ვოლგოგრად დნევნიკი“ იუწყება მის ქვრივზე, ანა გორობეცზე დაყრდნობით.
ასევე ნახეთ რუსეთში დაადასტურეს ვოლგოგრადის მოტომსროლელი დივიზიის უფროსისა და მისი მოადგილის უკრაინაში დაღუპვა"სარდლობიდან დაგვირეკეს და შეგვატყობინეს. დაკრძალვის თარიღი და ადგილი ჯერ არჩეული არ არის", - განაცხადა ანა გორობეცმა. გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობის დასადასტურებლად დნმ-ის ტესტი გახდა საჭირო.
უკრაინაში ასევე დაიღუპა მე-20 გვარდიის მოტორიზებული მსროლელი დივიზიის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ალექსეი ავრამენკო. ამის შესახებ 13 ივლისს ვოლგოგრადის გამოცემა V1.ru-ს მისმა კოლეგამ, გადამდგარმა ვიცე-პოლკოვნიკმა სერგეი ჩენიკმა უთხრა.
ოფიციალური რუსეთი მაღალი რანგის რუსი ოფიცრების დაღუპვის შესახებ ოფიციალურ ცნობას არ ავრცელებს. მაგრამ მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას ყოველკვირეულად აახლებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში 24 თებერვლიდან ამ დრომდე რუსეთმა დაახლოებით 38 000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. 15 ივლისის მონაცემებით, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მხრივ რუსეთის დანაკარგი კი, უკრაინული მხარის თანახმად, ასე გამოიყურება:
- 1672 ტანკი;
- 3866 საბრძოლო ჯავშანმანქანა;
- 842 საარტილერიო სისტემა;
- 247 (РСЗО) ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი;
- 109 საჰაერო თავდაცვის სისტემა;
- 220 თვითმფრინავი;
- 188 შვეულმფრენი;
- 2731 ერთეული საავტომობილო ტექნიკა;
- 15 გემი და კატარღა;
- 681 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და სხვა სახის ტექნიკა.
"ყველაზე დიდი ზარალი რუსეთის არმიამ კრამატორსკის მიმართულებით განიცადა", - ნათქვამია უკრაინის სამხედრო სარდლობის განცხადებაში.
მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში დანაკარგებზე ინფორმაციას არ ავრცელებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, უკრაინაში ინტერვენციის დაწყებიდან მხოლოდ მეორედ, 25 მარტს, გამოაქვეყნა მონაცემები რუსული ჯარების დანაკარგების შესახებ, რომლის მიხედვითაც, დაიღუპა 1,351 რუსი სამხედრო მოსამსახურე, კიდევ 3,825 - დაშავდა.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ HIMARS-ების პარალელურად უკრაინის არმიის შეიარაღებაში სხვა დასავლური მოდელის, კერძოდ, Caesar-ის კლასის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების გამოჩენამ შეიძლება კიდევ უფრო ძლიერი გავლენა მოახდინოს უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდგომ განვითარებაზე. ფრანგული მედიის ცნობით, ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე აქვთ მინიმუმ 18 ისეთი დანადგარი, რომლებიც 50 კმ-მდე მანძილზე ისვრის.
უკრაინის არმიამ ასევე მიიღო და აითვისა პოლონეთის თვითმავალი KRAB-ის კლასის ჰაუბიცები. უკრაინის არმიის მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ, ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინის არმიის განკარგულებაში უკვე იმყოფება ორი ათეული პოლონური თვითმავალი ჰაუბიცები, რომლებიც ასევე წარმატებით გამოიყენება წინა ხაზზე.