Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ამერიკული HIMARS-ით ხერსონში გაანადგურეს რუსების პოზიციები


ნოვა კახოვკაში აფეთქების ამსახველი ფოტო სოციალური ქსელებით გავრცელდა
ნოვა კახოვკაში აფეთქების ამსახველი ფოტო სოციალური ქსელებით გავრცელდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ დაადასტურა მანამდე რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობები, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სარაკეტო-საარტილერიო იერიში მიიტანეს რუსეთის მიერ კონტროლირებული ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკაზე.

სარდლობის ინფორმაციით, განადგურებულია 52 რუსი სამხედრო, ჰაუბიცა, ნაღმმტყორცნი, შვიდი ერთეული საავტომობილო და ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალების საწყობი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების ცნობებით, ნოვა კახოვკაში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფო და ბაზარი და დაშავებულია 70-ზე მეტი ადამიანი.

უკრაინის არმიის მიერ ხერსონის ოლქში, რუსეთის სამხედრო შტაბზე ამერიკული სარაკეტო სისტემით, HIMARS-ით განხორციელებული შეტევის შედეგების შესახებ ტელეგრამ-არხით იუწყება ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი სერჰი ბრატჩუკი. მისი ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 150-ზე მეტი რუსი სამხედრო, მათ შორის რუსეთის არმიის 22-ე კორპუსის მეთაური, გენერალ-მაიორი ნასბულინი. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

ამერიკული სარაკეტო სისტემის, HIMARS-ის გამოყენებით, რუსეთის სამხედრო ძალების პოზიციის განადგურების შესახებ იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიც. მისი ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ შახტარსკის რაიონში განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა რუსეთის 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მეთაურის ყველა მოადგილე, გარდა ერთისა, რომელიც მძიმედ დაიჭრა. ამავე წყაროს თანახმად, ლიკვიდირებულია რუსეთის 58-ე არმიის სარაკეტო-საარტილერიო სამსახურის უფროსი, ვალენტინ დანილოვიც.

აშშ-მა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, HIMARS-ის მიწოდება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

XS
SM
MD
LG