ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერი სერგეი ბრატჩუკი აცხადებს, რომ ხერსონის რეგიონში უკრაინის არმიის ამასწინანდელი იერიშის შედეგად, რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის 5 მაღალი რანგის ოფიცერი და ასევე ვოლგოგრადში დისლოცირებული მე-20 ცალკეული მოტორიზებული ბრიგადის მეთაური ანდრეი გორობეცი. მანამდე ის ჩეჩნეთში სამხედრო ბრიგადას ხელმძღვანელობდა და რესპუბლიკის მეთაურს, რამზან კადიროვსაც შეხვდა.
"ხერსონის ოლქის სამხედრო შტაბზე დანადგარ HIMARS-ის რაკეტით განხორციელებული იერიშის შედეგად, დაიღუპა რუსეთის 22-ე საარმიო კორპუსის გენერალ-მაიორი ნასბულინი. გარდა ამისა - მე-20 მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, პოლკოვნიკი გორობეცი, ამავე დივიზიის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კოვალი, არტილერიის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი გორდეევი. მთლიანობაში დაღუპულია 150-ზე მეტი სამხედრო, მათ შორის 5 ოფიცერი", - წერს ბრატჩუკი თავის ტელეგრამის არხში.
11 ივლისს უკრაინის ჯარები ხერსონის რეგიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ნოვაია-კახოვკაში საბრძოლო მასალის საცავს დაესხნენ თავს. რუსული მხარე ირწმუნება, რომ აფეთქდა მინერალის საამქრო და ასევე დაზიანდა ჰუმანიტარული დახმარების საწყობები. სამხედრო შტაბზე რუსული მხარის ცნობებში არაფერია ნათქვამი.
ვოლგოგრადის მე-20 მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის მონაწილეობა უკრაინის ომში ცნობილი გახდა მაისის ბოლოს. პოლკოვნიკი ანდრეი გორობეცი ქვედანაყოფს 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. ჯერ კიდევ 2016 წელს იგი სათავეში ედგა ჩეჩნეთის სოფელ ბორზოიში დისლოცირებულ მე-8 ცალკეულ მოტორიზებულ მსროლელ ბრიგადას.
რუსეთის ხელისუფლებას პოლკოვნიკ გორობეცის გარდაცვალება ოფიციალურად არ დაუდასტურებია. სამხედრო ოპერაციების დროს ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია.