დეგნანი: ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არ შეესაბამება სიმართლეს

კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში უპასუხა შეკითხვას, რომელიც ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას შეეხებოდა. მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, რას ნიშნავს განმარტების მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მოსამართლე საუბრობს თავის განცხადებაში, დეგნანმა უპასუხა, რომ ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ წლების განმავლობაში ვეხმარებით საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში. ეს არის ცენტრალური საყრდენი იმ სამუშაოსი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ აქ, რათა დავეხმაროთ საქართველოს კანონის უზენაესობის გაძლიერებაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მრავალ პარტნიორთან, რომელიც გვყავს საქართველოს სასამართლოს სისტემაში ამ მიზნის მისაღწევად, რადგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დამატებით კითხვაზე კი, რატომ იქნებოდა არასასურველი მოსამართლის პროგრამაში მონაწილეობა, როგორც ამას ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ვერ ისაუბრებს მოსამართლის სახელით, აშშ-ის პროგრამები კი ღიაა.

ვერ ვისაუბრებ მოსამართლის სახელით. შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენი პროგრამები ღიაა და ისინი ხელმისაწვდომია სასამართლოს სისტემაში მრავალი პროფესიონალისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩამოვიდნენ აშშ-ში მოსაზრებისა და საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაცვლისთვის თავიანთ კოლეგებთან. ძალიან წარმატებული პროგრამები, სასწავლო ვიზიტები განხორციელდა და ვფიქრობ, ამას დიდი სარგებელი აქვს როგორც ქართული სასამართლო სისტემის წარმომადგენლებისთვის, ასევე მათი ამერიკელი კოლეგებისთვის. ეს არის ძალიან დადებითი და ეს პროგრამები ქართველი მონაწილეებისთვის ღიად რჩება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

საქმე ეხება ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც საუბარია აშშ-ის საელჩოსთან მოსამართლის კომუნიკაციაზე.

ლაშა ჩხიკვაძე წერს, რომ საელჩოში შეხვედრაზე მას აუხსნეს, რომ ელჩი დაინტერესებული იყო გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიზეზით და ასევე შეიტყო ის, რომ აშშ-ში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტში მისი მონაწილეობა "არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული" იყო.

ასევე ნახეთ გვარამიას მოსამართლე: აშშ-ის საელჩომ ამ საქმეზე ანგარიში მომთხოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ასევე ნახეთ წულუკიანი: მივესალმები მოსამართლის მიერ ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.