თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს - ეს ნიშნავს საქართველოს „დებიძინიზაციას“ ან „დეივანიშვილიზაციას“, - თქვა დღეს ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ, ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, დიმიტრი ყიფიანმა, ამ განცხადებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე თქვა, რომ მისი მილიარდერი კლიენტი „4 მარტიდან ფაქტობრივად სანქციების ქვეშაა” და „ექმნება ხელოვნური დაბრკოლებები”, თუმცა დეტალები არ განუმარტავს. მას მერე პირველი პრეცედენტი, რომელზეც ივანიშვილის ჯგუფმა საჯაროდ ილაპარკა, შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის ტრასტის ფონდის დაწესებული შეზღუდვებია.
პირველი მცდელობა
ბიძინა ივანიშვილის იურიდიული ჯგუფის, MKD-ს განცხადებით, ბანკმა 5 ივლისს ივანიშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროპული პარლამენტის რეზოლუციის გამო, ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები წარმოიშვა და ტრასტი სასამართლოს თანხმობის გარეშე მოქმედებებს აღარ განახორციელებს. ეს წერილი ბიძინა ივანიშვილის დაქირავებულმა იურიდიულმა კომპანიამ გაავრცელა - ბანკს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.
საუბარია ევროპული პარლამენტის რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას „იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით“, და მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შემოღების შესაძლებლობა.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტის კომიტეტში საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიშის პროექტი განიხილესჯერჯერობით „კრედიტ სუისი” ერთადერთი ბანკია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს შეზღუდვები დაუწესა. ამ შვეიცარიულ ბანკს ათ წელზე მეტია, ივანიშვილთან სასამართლო დავა აქვს - ბანკმა მას ნახევარ მილიარდზე მეტი უნდა გადაუხადოს, მისი თანამშრომლის თაღლითური საქმიანობის გამო, რომელიც ივანიშვილისთვის 607 მილიონამდე ზარალით დასრულდა. ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო პირველ ინსტანციაში მოიგო; ბანკი გასაჩივრებას აპირებს.
ასევე ნახეთ Credit Suisse-მა ივანიშვილს $607 მლნ ზარალი მიაყენა - Bloomberg-იCredit Suisse-ის პოლიტიკა ოლიგარქების მიმართ
შვეიცარიულმა ბანკმა არცთუ ისე დიდი ხნის წინ, რუსი სანქცირებული ოლიგარქების მიმართ ლმობიერი პოლიტიკის გამო განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა.
თებერვალში გამოცემა Financial Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ „კრედიტ სუისში“ სესხებს იღებდნენ რუსი ოლიგარქები, რომლებიც ამ ვალებს პირადი ქონებით - იახტებითა და თვითმფრინავებით უზრუნველყოფენ. ჯამში საუბარი იყო 2 მილიარდამდე დოლარის სესხზე.
ამ სესხების უზრუნველყოფით გამოცემულ ფასიან ქაღალდებს ბანკი სხვადასხვა ჰეჯფონდსა და ინვესტორზე ყიდდა. სტატიის გამოსვლის შემდეგ, „კრედიტ სუისმა“ ჰეჯფონდებს და ინვესტორებს სთხოვა, გაენადგურებინათ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა, რომ ბანკი ყველაზე მდიდარ რუს კლიენტებს სესხს პირადი იახტებისა და თვითმფრინავების უზრუნველყოფით აძლევდა.
Financial Times-ის მასალების გამოქვეყნების შემდეგ Credit Suisse-ის დამფუძნებელს ოფიციალური წერილით მიმართეს ამერიკის კონგრესის წევრებმა ზედამხედველობისა და რეფორმების კომიტეტიდან, მოთხოვნით, ბანკს ბრალდებებისთვის პასუხი გაეცა. „[კონგრესის რეფორმების] კომიტეტი განსაკუთრებით შეშფოთებულია იმით, რომ Сredit Suisse-ის დირექტივა, განადგურდეს დოკუმენტები მისი კლიენტების იახტებთან, კერძო თვითმფრინავებსა და სხვა აქტივებთან დაკავშირებით, დაემთხვა შვეიცარიის განცხადებას, რომ ის შეუერთდება შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და მსოფლიოს ქვეყნებს რუსეთზე სანქციების დაწესებაში”, - ნათქვამია წერილში. ამის შემდეგ ბანკის აქციები მკვეთრად დაეცა და ბანკს საკუთარმა მეწილემ უჩივლა იმის გამო, რომ „ინვესტორები შეცდომაში შეიყვანა”.
აპრილის ბოლოს „კრედიტ სუისმა” პირველი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ სანქციების გავლენით ბანკმა კლიენტებს 10.6 მილიონი აშშ დოლარის აქტივი გაუყინა.
ივანიშვილის ქონება შვეიცარიიდან - ვირჯინის კუნძულებამდე
ბიძინა ივანიშვილის Credit Suisse-ში გახსნილი ანგარიში ნახსენებია 2016 წლის ნინო ბაქრაძისა და დეივ ბლოსის ჟურნალისტურ გამოძიებაშიც - ამ ანგარიშზე მას ედო შემოსავლის ნაწილი ფარმაცევტული კომპანიიდან, რომლის 20% წილსაც ოფშორული კომპანიის, Lynden Management ltd.-ის გავლით მართავდა. ეს კომპანია ივანიშვილს პრემიერობის წლებშიც ჰქონდა, მაგრამ სახელმწიფო დეკლარაციაში, რომელიც თანამდებობის პირებს ქონების ჩამონათვალს სთხოვს, არ შეუტანია. ინვესტიცია ჩავარდა - 2015 წელს ერთ-ერთი მედიკამენტის კლინიკურმა ტესტმა ცუდი შედეგი აჩვენა და ივანიშვილმა 100 მილიონამდე დაკარგა.
ასევე ნახეთ ვინაა ოლიგარქი? მინიშნება - ძალიან მდიდარია და მართავს ხელისუფლებასბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსში „ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 419-ე ადგილზეა, მას $5.62 მილიარდი აქვს, ფორბსის ინდექსის მიხედვით - 4.8$ მილიარდი. ორივე გამოცემაში მოკლედაა მოთხრობილი, რომ ამ კაპიტალის უდიდესი ნაწილი ივანიშვილმა რუსეთში, მეტალურგიული წარმოებების პრივატიზებული აქტივების გაყიდვითა და სხვადასხვა დეველოპერულ პროექტში დაბანდებით იშოვა, თუმცა სად არის ახლა მისი კაპიტალი განაწილებული, დანამდვილებით არავინ წერს. მის ქონებას - ფულს, ფასიან ქაღალდებს, კერძო საკუთრებას ცნობისმოყვარე თვალებისგან იცავს არიდების მრავალსაფეხურიანი სქემა, რომელსაც მდიდრები და ძალიან მდიდრები მიმართავენ. ბიზნესინტერესები მათ იქ მიაქვთ, სადაც გადასახადები დაბალია, კონფიდენციალობა კი - მაღალი.
ასევე ნახეთ Pandora Papers: ბიძინა ივანიშვილი "სამოთხეში" 12 კომპანიას მალავსმაგალითად, შარშან, ბიძინა ივანიშვილის კიდევ 12 კომპანია „პანდორას დოკუმენტებმა” გამოააშკარავა. დეკლარაციაში არც ეს კომპანიებია დარეგისტრირებული. რეგისტრაციაში მილიარდერს შუამავალი კომპანია Alcogal-ი დაეხმარა. ამ კომპანიის წარმომადგენლებმა მაშინ მხოლოდ ერთ კომპანიაზე, Finesck-ზე ისაუბრეს - ითქვა, რომ ის დაკავშირებულია ბიზნესმენის ერთ-ერთ ფონდთან. ფონდი კი „შვილების კეთილდღეობისთვისაა” შექმნილი. სხვა კომპანიების საქმიანობაზე ბევრი არაფერია ცნობილი.
ამ წლის აპრილში ივანიშვილის ოფშორულ კომპანიებზე კვლევა „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომაც” გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ 2011 წლის წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, ივანიშვილს რუსულ კომპანიებთან გამოთხოვება არ უჩქარია: 2012-2019 წლებში სამი ოფშორული კომპანიის მეშვეობით ის, სულ ცოტა, 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა, დღესდღეობით კი, ამავე სქემით, სულ მცირე, ერთი კომპანია აქვს რუსეთში - შპს „აკვა-სფეისი“ (ООО Аква-Спейс).
ბოლო მეტ-ნაკლებად დეტალური მონაცემები, რაც ბიძინა ივანიშვილის საბანკო ანგარიშებზე გვაქვს, 2013 წლიდანაა - მაშინ მას, როგორც პრემიერ-მინისტრს, ანუ სახელმწიფო თანამდებობის პირს, ევალებოდა დეკლარაციის შევსება, სადაც საკუთარი და ოჯახის წევრების ქონება უნდა აღეწერა. დეკლარაციაში ვხედავთ, რომ მას 46 კომპანიის, ათასობით ფასიან ქაღალდში აქვს ფული ჩადებული - Apple Inc, Google Inc, ევროპის მსხვილი ბანკები, ავტომობილების მწარმოებლები.
მხოლოდ თავის სახელზე ბიძინა ივანიშვილს ხუთ ბანკსა და ერთ ფონდში, ცხრა ვალუტაში ჰქონდა ნაშთი - მათ შორის, 20.8 მილიონი დოლარი, 3.3 მილიონი ევრო, 2.2 მილიონი ფუნტი სტერლინგი. ასევე, ათასობით დოლარი, ევრო და ლარი შვილის, ბერა ივანიშვილისა და მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის ანგარიშებზე.
ყველაზე მეტი თანხა ივანიშვილს მაშინ ავსტრიულ Raiffeisen Bank-ში ედო. წელს ამ ბანკმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, რადგან მისი შემოსავლის მესამედი რუსეთიდან მოდიოდა.
როგორ უნდა გაყინო ოფშორებით დაბანდებული ფული?
საქართველოდან და ბელარუსიდან კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესებაზე „პალიტრასთან” ისაუბრა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში, მაიკლ მაკფოლმა. ის უწევს კოორდინაციას საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც სანქციებს დასაქვემდებარებელი პირების სიას ადგენს.
„განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანასა და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“.
ასევე ნახეთ მაკფოლის თქმით, მსჯელობა იწყება საქართველოდან და ბელარუსიდან კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესებაზეჯგუფი პერიოდულად ასაჯაროებს სამუშაო დოკუმენტებს. მისი სამოქმედო გეგმა სხვადასხვა სანქციას მოიცავს - რუსეთიდან გაზისა და ნავთობის იმპორტზე სანქციების დაწესებიდან დაწყებული, ინდივიდუალური შეზღუდვებით დამთავრებული. სწორედ ეს შეეხო რუს სახელმწიფო მოხელეებს, რუსეთისა და ბელარუსის ეროვნული ბანკების მმართველი საბჭოს წევრებსა და კომპანიების მმართველებს, რომლებიც აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცნენ.
„მაკფოლის ჯგუფს იურიდიული ძალა არ აქვს, მაგრამ არის სარეკომენდაციო ჯგუფი და მასში შედიან ადამიანები, რომელთა აზრი მნიშვნელოვანი იქნება ამერიკაში გადაწყვეტილებების მიმღებთათვის. დევიდ კრამერი იქნება თუ სხვა, მათ აქვთ ეს გამოცდილება, იმიტომ რომ იყვნენ “მაგნიტსკის აქტის” შემქმნელები და ეს მნიშვნელოვანი აქტია იმისთვის, რომ რუსი ოლიგარქები შეზღუდულები იყვნენ და არ შეძლონ დემოკრატიის განვითარების ხელშეშლა… ალბათობა იმისა, რომ მათ აზრს გაითვალისწინებენ, ძალიან მაღალია”, - ამბობს ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.
„მაგნიტსკის აქტი“ 2012 წელს, ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტია, რომელიც სანქციებს უწესებს სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავე რუს მოხელეებს. ოთხი წლის შემდეგ „მაგნიტსკის აქტმა“ უცხოელი მოქალაქეებიც მოიცვა.
„სანქცირება მიმდინარეობს იმ ლოგიკით, რომ მოიცვას ადამიანები, ვისაც შეუძლია, პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა მოახდინოს და მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ დემოკრატიის უკუსვლაში. თუ კარგად წაიკითხავენ ივანიშვილის ისტორიას, მიხვდებიან, შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს”.
ნინო ევგენიძის თქმით, დაცული არც ივანიშვილის ოფშორული კომპანიებია.
„ბრიტანეთი ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და ოფშორული ზონები ძირითადად ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშაა დარეგისტრირებული, ამიტომ გამაფრთხილებელი წინარე სანქციების რეჟიმი იქაც მოქმედებს”.
ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებში შედის ვირჯინის კუნძულებიც. მაისის ოფიციალური პრესრელიზით, კუნძულებმა 40 მილიონის აქტივი უკვე გაყინა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ევროკავშირის რეზოლუციაზე დაყრდნობითაც კი ცალკეული ქვეყნების მთავრობებს უკვე შეუძლიათ, ბიძინა ივანიშვილს სანქციები ინდივიდუალურად დაუწესონ.