Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის კომიტეტში საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიშის პროექტი განიხილეს


13 ივნისს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ევროპარლამენტარებმა განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ყოველწლიური ანგარიშის პროექტი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ევროპარლამენტის რეზოლუციას.

როგორც ანგარიშის ავტორმა, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა, ესტონელმა ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი) განაცხადა, ანგარიში დიდწილად ეყრდნობა ევროკომისიის შეფასებებს, რომლებიც მოჰყვა საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

მიკსერის თანახმად, ანგარიშის პროექტი მიესალმება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას, თუმცა იმისთვის, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, „საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს ევროკომისიის თვალსაზრისში ასახული ძირითადი პრიორიტეტები“.

„პროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა უმაღლესი სტანდარტები; მტკიცედ დაიწყოს ევროკომისიის თვალსაზრისში ასახული რეფორმების პრიორიტეტების შესრულება იმისთვის, რომ აჩვენოს მტკიცე პოლიტიკური ნება, ამბიციური ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად“, - განაცხადა მიკსერმა.

კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა ყურადღება გაამახვილა ასევე „ღრმა პოლარიზაციის“ გამოწვევაზე, რომელიც ახასიათებს საქართველოს პოლიტიკურ გარემოს და ანიშნა, რომ „[პროექტი] იმეორებს, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზამკვლევს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად“.

მიკსერის თანახმად, ანგარიშის ტექსტში ასევე ლაპარაკია რეალური სასამართლო რეფორმის განხორციელების აუცილებლობაზე „2021 წლის შემდგომი გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიაზე დაყრდნობით“ და „მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოასწორონ ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებები მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესში ყველა დონეზე და ეს შეეხება გენერალურ პროკურორსაც“.

ანგარიშის ავტორი აღნიშნავს იმასაც, რომ საჭიროა ასევე შემდგომი რეფორმები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამომსვლელმა ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წინაშე ახლა დგას მნიშვნელოვანი ამოცანა და აუცილებელია, რომ ერთიანი ძალებითა და სწრაფად მოხდეს იმ რეფორმების განხორციელება, რომლებსაც ევროკომისიის მიერ აღრიცხული და ევროკავშირის ევროპული საბჭოს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები უკავშირდება.

სხდომაზე აღინიშნა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის სამწუხარო ტენდენცია და ევროპელების დახმარების სურვილი, რომ ქვეყანამ რეკომენდაციების შესრულება წლის ბოლომდე, ევროკომისიის შემდგომ შეფასებამდე მოახერხოს.

ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ თქვა, რომ საქართველო „ერთი ადამიანის მძევალია“ და ჰყავს ოლიგარქი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახით.

„საქართველო ერთი ადამიანის მძევალია. თუკი „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რა არის დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის რეკომენდაციაში, მე დავეხმარები, რომ გაიგონ: ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას, ანდა დეივანიშვილიზაციას. ეს არის ის, რაც საქართველოს ხალხს სჭირდება იმისთვის, რომ აღარ იყოს ერთი ადამიანის მძევალი. პარლამენტში ჩვენ დავამტკიცეთ რეზოლუცია, რომელშიც ნახსენები იყო სანქციები. არ უნდა დავანებოთ თავი ამ საკითხის წინ წაწევასა და მასზე ფიქრს. ასევე ჩვენი რეზოლუციისკენ კიდევ ერთხელ ვიპყრობ ევროკომისიისა და სხვა ინსტიტუციების ყურადღებას“, - აცხადებს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წარმომადგენელი ევროდეპუტატი, რასა იუკნევიჩიენე.

ის ასევე ამბობს, რომ საქართველოში არის „ძალიან კრემლისტური პოლიტიკა“, რომელიც ხელს აძლევს კრემლს, დააბრკოლოს საქართველოს ევროკავშირში მომავალი გაწევრიანება.

იუკნევიჩიენეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის იმედი აქვს და ასევე იმედოვნებს, რომ მოესწრება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

გერმანელმა ევროპარლამენტარმა, მაიკლ გალერმა (EPP) სარკასტული უწოდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ თუკი დეკემბერში საქართველოში ომი დაიწყება, ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

როგორც საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის ავტორმა, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა, ესტონელმა ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა განაცხადა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ტექსტი საჭიროებს შევსებას და ეს შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარების დელეგაცია მომავალ კვირაში ჩავა საქართველოში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში. ევროპარლამენტის რეზოლუციისთვის ცვლილებების წარდგენის ბოლო ვადად 2022 წლის 8 სექტემბერი განისაზღვრა.

XS
SM
MD
LG