თუ დემოკრატია უმრავლესობის მმართველობაა, ტირანია კი ერთი ადამიანის, ოლიგარქია სიტყვასიტყვით ადამიანების მცირე ჯგუფის მმართველობას ნიშნავს.
ყველაფერს თავისი სახელი ჯერ კიდევ არისტოტელემ დაარქვა. მისი განმარტებით, ოლიგარქია მცირერიცხოვანი ელიტის ძალაუფლება და მათი პოლიტიკურ-ეკონომიკური ბატონობაა. ძველბერძენი ფილოსოფოსის აზრით, ეს ელიტა კორუმპირებულია, და არ ადარდებს საერთო კეთილდღეობა. მხოლოდ საკუთარი, ვიწრო ინტერესები.
ყველა განსხვავებული, ყველა ერთნაირი
ინტერესები, როგორც წესი, ერთნაირია - მეტი ფული და მეტი პოლიტიკური ძალაუფლება. თანაც, სხვებისთვის წართმევის ხარჯზე. ამისთვის ოლიგარქები უბრალოდ პოლიტიკაზე კი არ ახდენენ ზეგავლენას, არამედ კონკრეტულად გადაწყვეტილების მიღებასა და კანონებზე.
ამის შედეგებიც ხშირად მსგავსია - სტატუს-კვო არ იცვლება, დემოკრატია უკან მიდის, სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტდება, იბლოკება რეფორმები, ეკონომიკური მოგება კი უსამართლოდ ნაწილდება.
ოლიგარქები პოლიტიკური ინსტიტუტების სისუსტის გამოვლინება უფრო არიან, ვიდრე მისი გამომწვევი მიზეზი. ისინი ოსტატურად იყენებენ ამ სისუსტეებს და ზრუნავენ იმაზე, რომ არ აღმოიფხვრას.
გავლენიანი მდიდარი ადამიანების აშშ-იც ეშინოდათ.
„ამ ქვეყანაში ან დემოკრატია გვექნება, ან სიმდიდრე კონცენტრირებული იქნება უმცირესობის ხელში. ორივე ერთდროულად შეუძლებელია”, - წერდა მოსამართლე ლუი ბრანდეისი მეოცე საუკუნის დასაწყისში.
აშშ კი დემოკრატიული სახელმწიფოა, მაგრამ ზოგი კრიტიკოსი მაინც აცხადებს, რომ მდიდარ ადამიანებს იქ მეტისმეტი გავლენა აქვთ პოლიტიკაზე. ამ აზრზეა პოლიტიკური კომენტატორი და ეკონომისტი რობერტ რაიხიც. მისი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ 2019 წელს, აშშ-ში მოსახლეობის 1% აკონტროლებს მთელი ქვეყნის სიმდიდრის 40%-ს.
თანამედროვე პოლიტიკურ ლექსიკონში სიტყვა „ოლიგარქი” სსრკ-ს დაშლის შემდეგ შემოვიდა. პირველი თანამედროვე ოლიგარქებიც, სწორედ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრემ, რუსეთმა გააჩინა.
არის სხვაობა რუს და ამერიკელ მილიარდერებს შორის? თომას გრემი, იელის უნივერსიტეტში რუსული კვლევების ხელმძღვანელი და ჯორჯ ბუშის დროს, აშშ-ის უშიშროების საბჭოს ყოფილი მრჩეველი რუსეთის საკითხებში, ამბობს, რომ კი. თან ძალიან დიდი.
„განსხვავება ისაა, რომ ჩვენ გვყავს ინსტიტუტები. დამოუკიდებელი სასამართლოების სისტემა. პოლიტიკაზე ზეგავლენა შეიძლება გაქვთ, მაგრამ ვერ გექნებათ პოლიტიკური ძალაუფლება თქვენი ქონების შესანარჩუნებლად”, - უთხრა მან CNN-ს.
მოკლედ, მისი აზრით, დემოკრატიულ ქვეყნებში ადამიანის სიმდიდრე იმაზე არაა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგი ურთიერთობა ექნება მას ხელისუფლებასთან.
ჯერ სამხრეები, მერე მილიარდები
რუსი ოლიგარქები გამდიდრდნენ 90-იანებში, როდესაც გადაინაწილეს დაშლილი სსრკ-ს ნავთობისა და გაზის მომპოვებელი, სამრეწველო და სატრანსპორტო კომპანიები. ჯამში მათ ხელში ჩაიგდეს 15 ათასზე მეტი საწარმო და ჩრდილოვანი სიმდიდრე, რომელიც მიმოფანტული იყო საბჭოთა კავშირის სატელიტ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
Forbes-ის თანახმად, 2001 წელს რუსეთში სულ რაღაც 8 მილიარდერი იყო 12.4 მილიარდი დოლარის ქონებით.
კგბ-ს ყოფილი ოფიცრის, ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლამ ოლიგარქების ახალი, სამხრეებიანი კასტა გააჩინა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია იგორ სეჩინი, პუტინის ყოფილი კოლეგა, დღეს კი ნავთობგიგანტის, „როსნეტფტის“ თავმჯდომარე.
ბოლო 20 წელიწადში 10-ჯერ და მეტად გაიზარდა რუსი ოლიგარქების რაოდენობა, მათი ჯამური ქონება კი - 34-ჯერ. 2021 წლისთვის 101 მილიარდერი 423 მილიარდ დოლარს ფლობდა. მაგრამ სიმდიდრის შენარჩუნების ან მოხვეჭის აუცილებელი პირობა რეჟიმის მიმართ ლოიალურობა იყო. ოლიგარქებმა ეს კონკრეტულ მაგალითებზე ისწავლეს.
2003 წელს ნავთობკომპანია „იუკოსის” მფლობელმა და იმხანად რუსეთის უმდიდრესმა მოქალაქემ, ვლადიმირ ხოდორკოვსკიმ ხელისუფლება საჯაროდ დაადანაშაულა კორუფციაში. მომდევნო 9 წელი მან ციხეში გაატარა.
მილიარდერ ვლადიმირ გუსინსკის წაართვეს ტელეკომპანია „ენტევე“, მოსკოვის ყოფილი მერი, ბორის ბერეზოვსკი კი 2013 წელს ლონდონში დაიღუპა, დღემდე ამოუხსნელი მიზეზით.
ბიძინა ივანიშვილი და სხვები
ბოლო ათი წელი ევროპელი პარტნიორებისთვის სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ოლიგარქების ზეგავლენა პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ხელს შეუშლიდა უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში.
2017 წელს, შვედურმა არასამთავრობო ორგანიზაცია Sida-მ დააფინანსა კვლევა, რომელსაც „ასოცირებულ ტრიოში” ოლიგარქიული მმართველობა უნდა გამოეკვლია. სამმა ექსპერტმა დაასკვნა, რომ ოლიგარქიულ მმართველობებს უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ბევრი აქვთ საერთო. გავლენიანი მილიარდერები ბლოკავენ რეფორმებს, უბიძგებენ პარლამენტს მიიღოს კანონები, რომლებიც მათ აძლევთ ხელს, ზრდის მათ ძალაუფლებასა და სიმდიდრეს.
საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ნელა-ნელა გამოიკვეთა ოლიგარქების სახელები.
უკრაინა
1) რინატ ახმეტოვი (ქვეყანაში უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის, SCM Limited-ის მფლობელი. „ბლუმბერგის“ თანახმად, 2021 წელს მისი ქონება იყო თითქმის 10 მილიარდი დოლარი);
2) იჰორ კოლომოისკი (ფლობს აქტივებს მეტალურგიაში, კვების მრეწველობაში, საბანკო სექტორში. 2020 წლის დეკემბერში ფლობდა 1 მილიარდი დოლარის ქონებას);
3) დმიტრო ფირტაში (ნავთობმაგნატი, 2017 წლისთვის მისი ქონება იყო 650 მილიონი დოლარი);
4) ვიქტორ მედვედჩუკი (ეს უკანასკნელი დააპატიმრეს ომის დაწყების შემდეგ).
მოლდოვა
ვლადიმირ პლაჰოტნიუკი (დემოკრატიული პარტიის ყოფილი არაფორმალური ლიდერი და სპონსორი. მისი რეალური ქონება უცნობია);
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი (2017 წლის მდგომარეობით, ხელისუფლებაში იყო სულ ცოტა 38 ადამიანი, ვინც ადრე მუშაობდა ივანიშვილის ან მასთან ასოცირებულ კომპანიებში);
მიტაცებული სახელმწიფო
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოში შექმნილ ვითარებას „მიტაცებულ სახელმწიფოს” უწოდებს. ეს „სიტუაციაა, როდესაც ქვეყნის შიგნით ან გარეთ არსებული ძალაუფლების მქონე ინდივიდები ან ჯგუფები კორუფციას იყენებენ იმისათვის, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა, სამართლებრივი გარემო და ეკონომიკა მოარგონ საკუთარ კერძო ინტერესებს“.
ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ გამოსავალია, ოლიგარქები იქცნენ რიგით ბიზნესმენებად. როგორ? ეს ნაწილობრივ ევროკავშირის რეკომენდაციებში იკითხება: სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, ანტიკორუფციული სამსახურების გამართვა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის ზრდა.
2021 წელს უკრაინამ მიიღო კანონი „ოლიგარქების წინააღმდეგ”, რომლის მიზანიც ზუსტად ის იყო, რასაც ახლა ევროკომისია სთხოვს საქართველოსა და მოლდოვას.
უკრაინაში ოლიგარქად დასახელების კრიტერიუმები შემდეგია:
- ისინი მონაწილეობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში
- აქვთ საგრძნობი ზეგავლენა მედიაზე
- ფლობენ მონოპოლიურ საწარმოს
- მათი აქტივების ღირებულება აღემატება 1 მილიონი ადამიანის საცხოვრებელ მინიმუმს (დაახლოებით 81 მილიონ დოლარს)
2019 წელს, მოლდოვაში ხელისუფლება ოპოზიციური პარტიებისგან შეკრულმა კოალიციამ გადაიბარა. ვლადიმირ პლაჰოტნიუკი ქვეყნიდან გაიქცა. 2021 წლის 28 აპრილს კი, მოლდოვის ახალმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. მისი გაცხადებული მიზანი „პოლიტიკური კლასის გაწმენდისთვის ბრძოლა” იყო.
უკრაინაც და მოლდოვაც ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან. საქართველოც კანდიდატი გახდება, თუ შეასრულებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას, რომელთაგან ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციაა.
თუმცა, „ქართული ოცნების” წევრებმა უკვე თქვეს, რომ მათი პარტიის დამფუძნებელი ოლიგარქი არ არის, ოლიგარქები კი მხოლოდ ოპოზიციონერთა რიგებში არიან. „დეოლიგარქიზაციისთვის” საქართველოს 6 თვე აქვს. მის პროგრესს ევროკომისია წლის ბოლოს შეაფასებს.