აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატამ სამი ადამიანის დაკავების ორდერი გასცა

ფოტო არქივიდან: რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბილი გორი. 2008 წლის 9 აგვისტო

დღეს, 30 ივნისს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის, მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის, დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა.

24 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ, მოსამართლეების პიტერ კოვაჩის, რეინე ადელაიდე სოფი ალაპინი-განსუს და მარია დელ სოკორო ფლორეს ლიერას შემადგენლობით, პროკურორის 2022 წლის 10 მარტის შუამდგომლობის საფუძველზე დაასკვნა, რომ არსებობს იმის გონივრული საფუძველი, რომ ეჭვმიტანილებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ომის დანაშაულების ჩადენაში.

ეს დაკავების ორდერები უკავშირდება მათ ქმედებას 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს.

ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატის განცხადებაში წერია, რომ „არსებობს გონივრული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ეთნიკურ ქართველად აღქმული სამოქალაქო პირები დაკავებულ იქნენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. აღნიშნული პირები შემდგომში დაპატიმრებულ იქნენ, ექვემდებარებოდნენ არასათანადო მოპყრობას და იმყოფებოდნენ მძიმე პირობებში ცხინვალის საპატიმრო დაწესებულებაში (ე.წ. „იზოლატორში“ ან „კაპეზეში“). მოგვიანებით კი მოხდა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მათი ზეწოლის იარაღად გამოყენება პატიმართა და ტყვეთა გაცვლის დროს. გაცვლის შედეგად, დაპატიმრებული პირები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამხრეთი ოსეთი“.

წინასასამართლო პალატის თანახმად:

  • მიხაილ მინძაევი, რუსეთის მოქალაქე, დაბადებული ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთში, 1955 წლის 28 სექტემბერს, მსახურობდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 2005 წლიდან, სულ მცირე 2008 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში, იყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრი. მას, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობა ეკისრება ომის დანაშაულებზე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შელახვა, მძევლების აყვანა და სამოქალაქო პირების უკანონო გადაადგილება), რომლებიც ჩადენილია 2008 წლის 8 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდში.
  • გამლეტ გუჩმაზოვი, რუსეთისა და აგრეთვე, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1976 წლის 9 ივლისს სამხრეთ ოსეთში, საქართველოში, შესაბამის პერიოდში იყო იზოლატორის ხელმძღვანელი. მას, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობა ეკისრება ომის დანაშაულებზე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შელახვა, მძევლების აყვანა და სამოქალაქო პირების უკანონო გადაადგილება), რომლებიც ჩადენილ იქნა 2008 წლის 8 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდში.
  • დავიდ სანაკოევი, დაბადებული 1976 წლის 14 დეკემბერს ცხინვალში, საქართველოში, აღნიშნულ პერიოდში იყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, აგრეთვე ცნობილი, როგორც ომბუდსმენი. მას, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობა ეკისრება ომის დანაშაულებზე (მძევლების აყვანა და სამოქალაქო პირების უკანონო გადაადგილება), რომლებიც ჩადენილ იქნა 2008 წლის 8 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდში.
  • პალატის მითითებით, ეჭვმიტანილები უნდა დააკავონ, ეს თხოვნა შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლებას ან ნებისმიერ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა გადაეცეს, „რათა მათ ითანამშრომლონ სასამართლოსთან ეჭვმიტანილი პირების დაკავებისა და გადმოცემის თხოვნის აღსრულების მიზნით“.
ასევე ნახეთ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობა ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს

2016 წლის 27 იანვარს პირველმა წინასასამართლო პალატამ პროკურორს უფლებამოსილება მიანიჭა, დაეწყო გამოძიება სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ არსებული იმ დანაშაულების გამოსაძიებლად, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩადენილია სამხრეთ ოსეთში, საქართველოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში.

2022 წლის 10 მარტს საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა პირველი დაპატიმრების ორდერები გასცა.

ასევე ნახეთ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები წარმოადგინა
ასევე ნახეთ ჰააგის ტრიბუნალის დასაპატიმრებელთა სია - სად არიან ბრალდებულები და რას ინახავს რადიო თავისუფლების არქივი

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.