საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარებს, რომლებიც გუშინ, 8 ივნისს, საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობდნენ, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში დაბრკოლებების შექმნაში ადანაშაულებს. მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ხელოვნური ბარიერების შექმნის ინტერესი გაჩნდა.
"აპრილის ბოლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, რომლის შემადგენლობაშიც შედიან 46 ქვეყნის წარმომადგენლები, რეზოლუციაში, სადაც საუბარია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების და მოვალეობების შესრულებაზე, წერია, რომ საქართველოში "გამოხატვის თავისუფლება და მედიაგარემო არის დაცული"...
როდესაც ერთი თვის წინ ასეთი ცალსახად პოზიტიური დასკვნა გამოდის ევროპის მხრიდან და როდესაც ერთი თვის თავზე ჩვენი ევროპელი კოლეგები გამოდიან და აბსოლუტურად შებრუნებულ, კატასტროფულ სიტუაციას ხატავენ და ამგვარად უტევენ საქართველოს ხელისუფლებას, იმ რეალობას, რომელიც საქართველოშია და ამ რეალობის საწინააღმდეგო ფეიკს ავრცელებენ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ეს არის საქართველოზე შეტევა...
ერთი ადამიანის [ნიკა გვარამიას] დაკავება შეუძლებელია ამგვარად ცვლიდეს დამოკიდებულებას, იქიდან გამომდინარე, რომ არავინ საუბრობს მის დანაშაულება/უდანაშაულობაზე, უბრალოდ საუბრობენ იმ ფეიკებზე, რაც თვითონ მოიგონეს. სინამდვილეში შეიცვალა ერთი რამ, გაჩნდა ინტერესი საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ახლა მიდის.
რა დროს ამ რეზოლუციის პროექტის და ამ დებატების დარეგისტრირება იყო კონკრეტული ერთი მიმართულებით?.. როდესაც ყველამ იცოდა ეს, "ნაცმოძრაობამ" საქართველოში, მათმა ლობისტებმა თუ დავალებების მიმცემებმა საქართველოს გარეთ, რომლებმაც ჩვენზე კარგად იციან ასეთი დებატები ამ დროს, განსაკუთრებით ამ კონტექსტში, არის შემაფერხებელი, მხოლოდ დაბრკოლების შემქმნელი. პირდაპირ დავარქვათ მავნებლობა იმ პროცესის მიმართ, რომელსაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჰქვია", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
გუშინ, 8 ივნისს, ევროპარლამენტში დებატები გაიმართა რეზოლუციის გარშემო, რომლის თემაა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევები და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევები.
დებატები გახსნა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა (EPP, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, სლოვაკეთი), რომელიც რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთი ავტორია. ლექსმანის თქმით, სამწუხაროდ ბოლო წლებში საქართველოში მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვებს ვამჩნევთ.
„მიმაჩნია, რომ ეს ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში და ჰქონდეთ ევროპული მომავალი. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია, გაატაროს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის საჭირო რეფორმები და შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლის პროცესი", - თქვა მან.
ამ დებატების გამართვამდე ერთი დღით ადრე, 7 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას წერილით მიმართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერდა, რომ მედიის საკითხზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მიიჩნევს, რომ „ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი“.
ასევე ნახეთ პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს სწერს, რომ ახლა მედიის საკითხის განხილვაზე მნიშვნელოვანი ფართო კონტექსტიასაქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ პასუხს ელოდება.
ასევე ნახეთ
"იმუშავეთ იმავე სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე" - ევროპარლამენტის პოლიტჯგუფების განცხადება უკრაინა-მოლდოვის კანდიდატობას მხარს უჭერს ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციაევროპარლამენტარები თბილისისგან ცვლილებებს მოითხოვენ - "შედეგები გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის ევროპული საშვის მისაღებად"ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი: ბიძინა ივანიშვილი დესტრუქციულ როლს თამაშობს მარკეტა გრეგოროვა საქართველოს მთავრობას: "სტანდარტები უნდა დაიცვათ!" ანა ფოტიგა: მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას