ფონდი 100 მილიარდი ევროს მოცულობით, რომლის შექმნასაც ივნისში მხარი დაუჭირეს გერმანელმა კანონმდებლებმა ბუნდესტაგში, მიზნად ისახავს გერმანული არმიის სერვისებისა და ჯარისკაცების მდგომარეობის შთამბეჭდავ გაუმჯობესებას. ყველაზე მეტი ფულის გამიზნულია ე.წ. „ჰაერის განზომილებისთვის".
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პაციფისტური მიდგომებით გამორჩეულ გერმანიაში, რომელიც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნებას ბოლომდე ცდილობდა და დიდხანს გაურბოდა თავდაცვის ხარჯებისთვის ნატოს მიერ დადგენილ 2%-იან სტანდარტს, ახლა უკვე მოსახლეობა მტკიცედ უჭერს მხარს კანცლერის ინიციატივას და ქვეყანაში რეზერვისტების ენთუზიაზმიც იზრდება.
- რისთვის ემზადება გერმანია?
- რას შეცვლის და რას მოასწავებს ბუნდესვერის უპრეცედენტო გაძლიერება?
- რატომ ღელავს რუსეთი?
უკრაინაში ომი სულ რაღაც 3 დღის დაწყებული იყო, როცა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მკვეთრად გაზრდიდა თავდაცვის ხარჯს და ბუნდესვერის საფუძვლიან გაძლიერებაზე 100 მილიარდი ევრო დაიხარჯებოდა. 2022 წლის 3 ივნისს, სპეციალური ფონდის შექმნისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებას ბუნდესტაგმა დაუჭირა მხარი.
იმისათვის, რომ პროცესი დაიძრას, საჭიროა გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის - ბუნდესრატის დასტურიც, ხმათა ასევე 2/3-ის უმრავლესობით.
ასევე ნახეთ პუტინმა მაკრონთან და შოლცთან საუბარში მარცვლეულის ექსპორტის განახლება სანქციების შემსუბუქებას დაუკავშირა
კანცლერი შოლცი, თებერვალში, ბუნდესტაგში გამოსვლისას, აცხადებდა, რომ გერმანიის არმია ძლიერდება არა მხოლოდ ნატოელი მოკავშირეებისთვის, არამედ უშუალოდ გერმანიისთვის, სამომავლო უსაფრთხოების გამოწვევებთან გასამკლავებლად.
გერმანული წყაროები იუწყებიან, რომ არმიის გაძლიერების სახელისუფლებო ინიციატივა დიდი მხარდაჭერით სარგებლობს ხალხში.
როგორც ბუნდესვერის რეზერვისტების ასოციაციის პრეზიდენტი პატრიკ ზენსბურგი აცხადებს გერმანული არხის SWR-ის რადიოგადაცემაში, ჯარში სრულიად ახალი რეზერვისტების ნაკადის მოზღვავებაა, რომლებსაც სხვადასხვა სახით სამხედრო სამსახურში ჩადგომა სურთ.
კონკრეტულად რას გეგმავს ბერლინი?
ბუნდესტაგის ოფიციალურ ვებსაიტზე დასახელებულია 5 ძირითადი მიმართულება, რომლებზეც 100 მილიარდი ევრო მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს:
33,4 მილიარდი ევრო - „საჰაერო განზომილება“:
დაგეგმილია, მათ შორის - ამერიკული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების F-35-ებისა და ელექტრონული საბრძოლო შესაძლებლობებით აღჭურვილი ვერტმფრენების CH-47F-ებისა და Eurofighter ECR-ების შეძენა. ასევე დაგეგმილია Heron TP-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების, ანტისაჰაერო და ადრეული შეტყობინების სისტემების შესყიდვა. 2023 წლიდან ფონდი დააფინანსებს ევროპული საავიაციო პროექტის Future Combat Air System (FCAS) შექმნას
20.7 მილიარდი ევრო - „განზომილება ლიდერობა/გაციფრულება“:
დაინერგება გაშიფრული კავშირის სისტემა არა მხოლოდ ბუნდესვერის შიდა მოხმარებისთვის, არამედ საერთაშორისო კავშირისთვის, რათა გერმანელი სამხედროები უსაფრთხოდ დაუკავშირდნენ „მეგობრებს ამერიკაში, ჰოლანდიასა თუ საფრანგეთში, დაშიფრული რადიოკავშირის საშუალებით“. დაგეგმილია ტაქტიკური რადიოქსელის შეძენა როგორც საველე მოხმარებისთვის, ასევე მივლინებებისთვის. ბუნდესვერი ფონდის ფულით გეგმავს საკუთარი თანამგზავრული კავშირის უზრუნველყოფასაც.
16.6 მილიარდი ევრო - „განზომილება მიწა“:
იგეგმება ინვესტირება Puma-ს ტიპის თანამედროვე საბრძოლო ჯავშანმანქანების მანქანებსა და Marder-ისა და Fuchs-ის შემდგომი თაობის ტანკებში. ფონდის ფული დაიხარჯება ტანკებისთვის საჭირო სახმელეთო საბრძოლო სისტემის (MGCS- Main Ground Combat System) შექმნაზე.
8.8 მილიარდი ევრო - „განზომილება ზღვა“:
ფული გამიზნულია, მაგალითად, სამხედრო ხომალდების - კორვეტ K130-ისა და ფრეგატ F126- ისთვის და ასევე 212-ის ტიპის წყალქვეშა ნავისთვის. დაგეგმილია წყალქვეშა ხედვის სისტემა Sonix-ის, წყალქვეშა ნავებისა და ხომალდების საწინააღმდეგო რაკეტების, მრავალფუნქციური საბრძოლო კატერების მომარაგება.
აქვეა კიდევ 422 მილიონი ევრო - ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად და ასამოქმედებლად აუცილებელი კვლევებითვის.
„ბუნდესვერი სავარაუდოდ იქცევა უმსხვილეს არმიად ნატოს ევროპულ სისტემაში“, - თქვა ივნისის დასაწყისში, ისევ ბუნდესტაგის წინაშე, ამჯერად უკვე ბიუჯეტის წარდგენისას გამოსულმა ოლაფ შოლცმა, როცა ის მადლობას უხდიდა ყველას, 100-მილიარდიანი ფონდის მხარდაჭერისთვის.
მან თქვა, რომ ახლა „უწინდელი დრო“ აღარ არის, „როცა ხალხს პარიზში, ვარშავაში, ლონდონში, ვაშინგტონში თუ პრაღაში ეშინოდა და აშფოთებდა ბუნდესვერის, გერმანიის არმიის, ასეთი გაძლიერება“ და რომ ახლა გერმანიის ამ ნაბიჯს ყველა აღფრთოვანებითა და შვებით ხვდება.
თუმცა ჯერჯერობით განსაკუთრებული მისასალმებელი საერთაშორისო განცხადებები არ გამოქვეყნებულა. შესაძლოა ამ საკითხზეც გამახვილდეს ყურადღება 9 ივნისს, როცა ბერლინში ნატოს გენერალური მდივანი და გერმანიის კანცლერი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ვიზიტის შესახებ 8 ივნისს გახდა ცნობილი.
გერმანიის გადაწყვეტილებას 100 მილიარდით დააფინანსოს საკუთარი არმია „მსოფლიო მასშტაბის სენსაცია“ უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა, რომლის აზრითაც „ეს ნიშნავს გერმანიის 1945 წლის პოლიტიკის რადიკალურ შეცვლას და ევროპაში ძალების ბალანსის რადიკალურ განახლებას“, რის გამოც მთელი მსოფლიო, წესით, „ყურებზე“ უნდა იდგეს“. ბერლინის მიმართ წინააღმდეგობის ტალღის არარსებობა კი მიანიშნებს იმაზე, რომ უბრალოდ „არავის სჯერა ოლაფ შოლცის“.
უკრაინის გაღიზიანება გამოწვეულია იმითაც, რომ გერმანია მნიშვნელოვნად აგვიანებს დაპირებული მძიმე ტექნიკის კიევისთვის გადაცემას. თუმცა გერმანიას, საფრანგეთთან ერთად, კიევმა, ომის მსვლელობისას, რუსეთის ამბიციების გაზრდის ხელშეწყობისთვისაც არაერთხელ უსაყვედურა.
ასევე ნახეთ გერმანიის კანცლერი უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას ჰპირდება
წარუმატებელი დიპლომტია
Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, 7 ივნისს, ანგელა მერკელმა თქვა, რომ რუსეთი დღეს ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას, ხოლო თავად მას დღემდე აფიქრებს საკითხი - შესაძლებელი იყო თუ არა მეტის გაკეთება, რათა აღკვეთილიყო ეს ტრაგედია უკრაინაში.
მერკელი არც ბოდიშს იხდის და არც საკუთარ თავს საყვედურობს პუტინის რუსეთთან უსასრულო დიპლომატიური მიდგომებისა და 2008 წელს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე უკრაინისთვის და საქართველოსთვის უარის თქმის გამო. ის ამბობს, რომ უარის თქმის საფუძველი ჰქონდა, ხოლო არ შეიძლება დიპლომატია შეცდომად ჩაითვალოს მისი წარუმატებლობის გამო.
ასევე ნახეთ მერკელმა ახსნა, რატომ დაუბლოკა საქართველოს და უკრაინას ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმამანამდე, აპრილში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად ბუჩაში მიიწვია, რათა თავისი თვალით ენახათ „თუ სადამდე მივიდა რუსეთისადმი დათმობის პოლიტიკა“.
რუსეთი, რომელიც უკრაინასთან ომში თავად დაემსგავსა ნაცისტურ გერმანიას, ბოლო დღეებში აქტიურად მიანიშნებს, რომ გერმანია მეორე მსოფლიო ომის ეპოქის ამბიციებს ავლენს. 100-მილიარდიანი ფონდის შექმნის კონტექსტში წარსული გერმანელებს საგარეო უწყების წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამაც კი გაახსენა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბუნდესვერის ევროპის უძლიერეს არმიად გადაქცევა გერმანიის „დომინანტური ამბიციების“ მანიშნებელია და გერმანიის ევროპელი პარტნიორებისთვის განსჯის საგნად უნდა იქცეს.
რუსი ექსპერტები აცხადებენ, რომ გერმანია, რომელიც თვითმფრინავებს არ აწარმოებს, უახლოესი 15-20 წლის განმავლობაში თვითმყოფად, ძლიერ არმიას ვერ შექმნის. მაგრამ 100-მილიარდიანი განაცხადი მათთვის იმის მანიშნებელია, რომ გერმანია ნატოს დაშლას მოელის და ევროპაში პირველობის ადგილისთვის იჭერს თადარიგს.
ძალიან დაგვიანებული დახმარება
უკრაინა მკაფიო უკმაყოფილებას არ მალავს მის გამო, რომ ჯერჯერობით ისევ ვერ მიიღო ბერლინის მიერ დაპირებული მძიმე ტექნიკა და კერძოდ - „Gepard“-ის ტიპის თვითმავალი საზენიტო ქვემეხები.
აპრილის შემდეგ, ვადები მუდმივად იცვლება და ბოლო ინფორმაციით, დაპირებულს უკრაინა ივნისის ბოლოს მიიღებს. ხოლო დამატებით მოთხოვნილ დაჯავშნულ Marder-ებსა და Leopard-ის ტიპის ტანკებს ის კიევს არც კი ჰპირდება.
ასევე ნახეთ გერმანია უკრაინას თვითმავალ საზენიტო დანადგარებს გადასცემსSpiegel-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანია უარს ამბობს ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე, რადგან კონტრშეტევის შემთხვევაში, ეს ტანკები შესაძლოა რუსეთის ტერიტორორიაზე აღმოჩნდეს და ბერლინი ცდილობს, თავი აარიდოს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორიის ასოციაციებს.
თუმცა გერმანული გამოცემა Bild-ი წერდა, რომ ამ ტიპის ტექნიკა თავად გერმანიის არმიას არ ჰყოფნის, მათ შორის - წვრთნების ჩასატარებლად. გერმანიის ელჩი უკრაინაში ანკა ფელდგიუზენი ადგილობრივ მედიას ეუბნება, რომ "სადგომზე გაჩერებული" Marder-ები მწყობრიდან არის გამოსული და შეკეთებას საჭიროებს.
სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ამჟამინდელი გერმანული არმია მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას და ხშირად გერმანელი ჯარისკაცები საჭირო ნივთების დეფიციტს განიცდიან.