Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას ჰპირდება


ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი
ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო სისტემებით მომარაგებას დაჰპირდა. ამის შესახებ შოლცმა გერმანიის პარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა.

"უახლოეს კვირებში ჩვენ, ჰოლანდიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინას მსოფლიოს 12 ყველაზე თანამედროვე თვითმავალ ჰაუბიცას გადავცემთ", - განაცხადა შოლცმა და დასძინა, რომ უკრაინელი სამხედროების სწავლება გერმანულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Panzerhaubitze 2000-ზე რამდენიმე დღეში დასრულდება.

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ, შოლცის თქმით, ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე IRIS-T სისტემის გადაცემა.

"ამრიგად, ჩვენ უკრაინას მივცემთ შესაძლებლობას, დაიცვას მთელი ქალაქი რუსეთის საჰაერო რეიდებისგან", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გარდა ამისა, გერმანია უკრაინას მიაწვდის თანამედროვე რადარს, რომელსაც შეუძლია მტრის ჰაუბიცების, ნაღმმტყორცნებისა და სარაკეტო არტილერიის აღმოჩენა.

ბერლინის ამ ნაბიჯის ფონია წინა დღით აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ბაიდენმა 31 მაისს გამოცემა New York Times-ში გამოაქვეყნა ოფიციალური პოზიცია იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს აშშ უკრაინაში და რას - არა.

პრეზიდენტს კონკრეტული სარაკეტო სისტემა არ დაუსახელებია, თუმცა, თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS-ს.

ტელეკომპანია CNN, სააგენტოები Reuters-ი, AFP და სხვა მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ უკრაინა მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS M142-ს. ამ სისტემას სამიზნეების განადგურება შეუძლია დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე.

ამასთან, აშშ უკრაინას გადასცემს HIMARS-ის მხოლოდ ისეთ ჭურვებს, რომლებსაც სამიზნეების განადგურება შეუძლია დაახლოებით 80 კილომეტრის რადიუსში. თეთრი სახლის წარმომადგენლის თანახმად, უკრაინა მიიღებს სისტემებს, რომელთა გამოყენებას შეძლებს საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის შეტევების მოსაგერიებლად და არა რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ.

გამოცემა "ბილდის" ინფორმაციით, ბერლინის მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდების შემთხვევაში, მისი უკრაინაში ამოქმედება ნოემბრიდან გახდება შესაძლებელი

სისტემის გამოსაყენებლად აუცილებელია უკრაინელი სამხედროების მომზადება გერმანიაში.

საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM-ს 40 კმ დიაპაზონსა და 20 კმ სიმაღლეზე შეუძლია საბრძოლო თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ბალისტიკური რაკეტების, სარაკეტო არტილერიის, თვითმფრინავებისა და რადარების საწინააღმდეგო რაკეტების განადგურება.

XS
SM
MD
LG