გერმანიის მთავრობა აპირებს დაამტკიცოს უკრაინისათვის საზენიტო თვითმავალი დანადგარის Gepard-ის მიწოდება, ამ ტიპის იარაღის მწარმოებლის (Krauss-Maffei Wegmann (KWM) - საწყობიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Deutsch Welle, რომლის თანახმად ფუნდამენტური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ფორმალურად ის შეიძლება დღეს გამოცხადდეს.
საუბარია ბუნდესვერის ყოფილი არსენალში არსებულ შეიარაღებაზე. კომპანია KMW-ს ფლობს რამდენიმე ათეულ ასეთ დანადგარს. Gepard-ები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახმელეთო და საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ საბრძოლველად სხვა სახის სამხედრო ტექნიკასთან ურთიერთმოქმედებით.
რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინისთვის მძიმე სამხედრო ტექნიკის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ეს ნატო-ს კონფლიქტში ჩართვად მიიჩნიოს. ამ მიდგომამ გამოიწვია კრიტიკა ოპოზიციის და მმართველ კოალიციაში შემავალი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც უკრაინისთვის უფრო მტკიცე მხარდაჭერას ემხრობიან.
ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა გერმანიის მთავრობისგან მოითხოვა ნებართვა კიევისთვის 88 Leopard 1a5-ის ტანკის მიწოდებაზე.
გერმანულ გაზეთ Die Welt-ის თანახმად, იმ დოკუმენტების გათვალისწინებით, რომელთა გაცნობაც ჟურნალისტებმა შეძლეს, კონცერნს შეუძლია პირველი 22 ერთეული ტანკის გაგზავნა რამდენიმე კვირაში, ხოლო დანარჩენისა - წლის ბოლომდე. სააგენტო "როიტერის" ცნობით, Rheinmetall-მა ასევე ოფიციალურად მოითხოვა მთავრობისგან ნებართვა, რომ უკრაინას მიაწოდოს 100 ერთეული Marder-ის კლასის ქვეითი საბრძოლო მანქანა. თუმცა კონცერნის პრესსამსახურში ამ ცნობის თაობაზე კომენტარზე ჯერჯერობით უარი თქვეს.
ყველაზე პოპულარული
1