რუსეთმა უკრაინას გადასცა 210 დაღუპული მებრძოლის ცხედარი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ 7 ივნისს, ღამით გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობა „აზოვსტალის“ გმირულად დამცველია. მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს განცხადებით, პრეზიდენტის დავალებით, საკოორდინაციო შტაბი მუშაობს იმისთვის, რომ დაიბრუნონ ყველა დაღუპული და დატყვევებული.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა და უკრაინამ გაცვალეს დაღუპული მეომრები და თითოეულმა მხარემ მეორეს 160 ცხედარი გადასცა, პირველად 4 ივნისს გავრცელდა.
6 ივნისს, პოლკ „აზოვის“ პრესმდივანმა, ანა გოლოვკომ სააგენტო Associated Press-ს დაუდასტურა, რომ მათ შორის იყო პოლკის სულ მცირე 52 დაღუპული მებრძოლიც.
ასევე ნახეთ AP: რუსეთმა დაიწყო უკრაინისთვის "აზოვსტალში" დაღუპული მებრძოლების ცხედრების გადაცემარუსული არმიის ალყაში მყოფ მარიუპოლში "აზოვსტალის" ტერიტორია მაისის შუა რიცხვებამდე რჩებოდა ქალაქის ერთადერთ რაიონად, რომელსაც უკრაინელი მებრძოლები თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა. რუსეთი უკრაინელი მებრძოლებისგან მოითხოვდა იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებოდნენ.
სიტუაცია კრიტიკული გახდა "აზოვსტალის" დამცველთა რესურსების თითქმის ამოწურვის და დაჭრილთა უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო. 16 მაისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას თავისი გმირები ცოცხალი სჭირდება, ამიტომ, უკრაინელი სამხედროების, მზვერავების და საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებით დაიწყო მარიუპოლის დამცველთა გადარჩენის ოპერაცია. 20 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დასრულდა "აზოვსტალიდან" უკრაინელი სამხედროების გაყვანა, საერთო ჯამში, "ტყვედ ჩაბარდა" 2439 და ქალაქ მარიუპოლზე დამყარებულია რუსეთის სრული კონტროლი.
ასევე ნახეთ „აზოვის“ მეთაური კავშირზე გამოვიდა. მასა და მის თანამებრძოლებს რუსეთი გასამართლებას უპირებს"აზოვსტალის" დამცველთა შორის იყვნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები, მესაზღვრეები, პოლიციელები, პოლკ "აზოვის" მებრძოლები და მოხალისეები.
უკრაინის ხელისუფლება ჯერჯერობით არ ასახელებს მარიუპოლის დაცვისას დაღუპული მეომრების რიცხვს. რაც შეეხება ტყვეებს, კიევი თავიდანვე აცხადებდა, რომ მათ რუს ტყვეებში გაცვლიდა, თუმცა, ამ განზრახვას რაიმე შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.
6 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტყვეობაშია "აზოვსტალის" 2500-ზე მეტი დამცველი და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მათ დასაბრუნებლად.