ხელისუფლება ასახელებს ორ დიპლომატს, რომლებთან დაკავშირებითაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობის პოზიციები არ გაითვალისწინა. თუმცა რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პრეზიდენტი და მთავრობა ელჩების თემაზე ერთმანეთს ანგარიშს უკვე დიდი ხანია აღარ უწევენ.
- არის თუ არა პრეზიდენტი ვალდებული, რომ ბრმად გაიზიაროს მთავრობის პოზიცია საქართველოს ელჩების დანიშვნა-გათავისუფლებაზე?
- რას ამბობს კონსტიტუცია?
- რაიმე ფორმით შეუძლია თუ არა პრეზიდენტს, ჩაერიოს მთავრობის საგარეო პოლიტიკაში?
თუკი საზღვარგარეთ პრეზიდენტის შეუთანხმებელ ვიზიტებზე (რაც „ოცნებამ“ კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა) საქმე საკონსტიტუციო სასამართლომდე არ მივიდა, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ახლა უკვე ელჩების საკითხზე მიმართა.
ასევე ნახეთ მთავრობამ პრეზიდენტთან ელჩების დანიშვნაზე უფლებების გასამიჯნად საკონსტიტუციოს მიმართა
7 ივნისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სარჩელის მიზეზებიც დაუსახელა:
პრეზიდენტმა უარი თქვა აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, დავით ბაქრაძის დანიშვნაზე გაეროში მუდმივ წარმომადგენლად და ამ პოსტიდან კახა იმნაძის გადაყვანაზე ელჩად კანადაში, რაც, თავის მხრივ, იმნაძისთვის უფლებამოსილების ორი თვით ადრე შეწყვეტას მოითხოვდა.
„აქ რეალობა ძალიან მარტივია, საპარლამენტო რესპუბლიკებში ელჩის დანიშვნის მატერიალური უფლებამოსილება მთავრობას ეკუთვნის ... ერთადერთი, რასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს, ეს არის ნორმის განმარტება ანუ, განმარტავს იმას, თუ როგორ უნდა დაინიშნონ ელჩები, ვისი მატერიალური პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა. ამით შემოიფარგლება საკონსტიტუციო სასამართლო. ეს საქმე იმპიჩმენტის საფუძველი არ გახდება“, - აცხადებს კობახიძე.
თუმცა ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართვა, თავისთავად, დაპირისპირების გამწვავებაზე მიანიშნებს და პრეზიდენტზე ანგარიშსწორების მორიგ ტალღას ჰგავს.
ასევე ნახეთ როდესაც კონსტიტუციას არღვევს პრეზიდენტი, ეს არის ჭუჭყი, რომელიც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა - ირაკლი კობახიძემხოლოდ 2 ელჩი?
რადიო თავისუფლებისთვის ერთ-ერთი დიპლომატის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი და მთავრობა ბოლო თვეებში საერთოდ ვეღარ ახერხებენ საერთო ენის გამონახვას ელჩების კანდიდატურებთან დაკავშირებით, ერთმანეთს სასურველ კანდიდატებს უბლოკავენ და ახალი ელჩების დანიშვნის პროცესი გაჩერებულია.
რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, სულ ბოლოს ახალი ელჩი დანიის სამეფოში დაინიშნა, მაგრამ ნატა მენაბდის კანდიდატურა შეთანხმებული იყო მანამდე, ვიდრე მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები მკაფიოდ დაიძაბებოდა.
მარტში „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ გასული წლის ივნის-ივლისში და [2022] წელს პრეზიდენტმა, მთლიანობაში, მთავრობის მიერ შერჩეული 5 ელჩი არ დანიშნა და კიდევ ერთის განთავისუფლებაზე თქვა უარი.
„[2-3 კვირის წინ] არათუ უპასუხოდ დატოვა პრეზიდენტმა ეს წარდგინება, პირდაპირ წერილობით უარი აქვს მას ნათქვამი ორი ელჩის დანიშვნაზე და ერთის განთავისუფლებაზე. ეს ყველაფერი არის დოკუმენტურად დადასტურებული“, - ამბობდა 30 მარტს კობახიძე. თუკი ახლა, მაისშიც ამავე სამ იგნორირებულ გადაწყვეტილებაზეა ლაპარაკი, უნდა ვივარაუდოთ, რომ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ამასობაში უფლებამოსილების ვადაც გაუვიდოდა.
შეუძლია თუ არა პრეზიდენტს ელჩების კანდიდატურების დაბლოკვა?
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პრეზიდენტს ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის უფლება არა აქვს და იმპერატიული მოთხოვნაა, რომ უნდა დანიშნოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატურები.
თუმცა მას მთავრობის სარჩელი არ მოსწონს და დღეს რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობდეს, ამ სარჩელს არ დააკმაყოფილებდა.
„გარდა კონსტიტუციურობისა, არსებობს სამართლიანობის პრინციპი, კანონისა და კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარე. სამართლებრივ სახელმწიფოში ეს დასაშვებია. ინტერპრეტაციის საკითხიც არის.
ჩემი გადაწყვეტილება იქნებოდა შერბილებული და დაფუძნებული იქნებოდა გამართული თანამშრომლობის პრინციპზე... ეს ხომ ერთი სახელმწიფოა. შესაძლოა განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს ან პრეზიდენტს, ან მთავრობას, მაგრამ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ... პრეზიდენტი არა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურია, ის წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში და ელჩებს როგორ არა აქვთ მასთან ურთიერთობა?!“ - გვეუბნება ავთანდილ დემეტრაშვილი.
მისი შთაბეჭდილებაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრეზიდენტის „მოთვინიერებას" ცდილობს.
მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.
ზოგადად, ავთანდილ დემეტრაშვილი მხარს არ უჭერს პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებას და ისურვებდა ლიდერ პრეზიდენტს, მით უფრო, დღეს, როცა მთავრობის შემაკავებელი ბერკეტები არც პარლამენტში ეგულება.
-
საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ რომელიმე მათგანის სამართლებრივი აქტით, მოქმედებით ან უმოქმედობით, სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფილ იქნა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება.
-
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს იმ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას (ან იმ მოქმედების, ან უმოქმედობის არაკონსტიტუციურად ცნობას), რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილება.
კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაია თვლის, რომ ელჩების კანდიდატურების შერჩევისას პრეზიდენტის როლი არ არის სიმბოლური და მისი უფლებაა, რომ „დანიშნოს ან არ დანიშნოს ელჩები“, რადგან ის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, თანამონაწილეა საქართველოს საგარეო პოლიტიკის.
მეორე მხრივ, ჩოკორაია სიმართლის „გარკვეულ მარცვლებს“ მთავრობის პოზიციაშიც ხედავს, რადგან საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და საგარეო პოლიტიკაზე მთავრობაა პასუხისმგებელი; თუმცა, „მთლიანად არ უნდა გამოიშიგნოს პრეზიდენტის ინსტიტუტი“ და „ჩვენი კონსტიტუციური კონფიგურაციით“, ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღება.
ჩოკორაია მოელის, რომ ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, მთავრობა გაიძლიერებს ბერკეტებს - საქართველოში მოქმედი ინსტიტუტების გასაკონტროლებლად.
ასევე ნახეთ პირველი უარი პრეზიდენტს - დოკუმენტი, რომლითაც პრემიერმა ზურაბიშვილს ოფიციალური ვიზიტის უფლება არ მისცა ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: უარი მეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზესაქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჯერ მარტო „წმინდა პროფესიონალური თვალსაზრისით, წესით, ძალიან საინტერესო უნდა იყოს მთავრობისთვის პრეზიდენტის აზრის გაგება“, რადგან მას საქართველოს მთავრობაში არავინ ეგულება სალომე ზურაბიშვილზე „უფრო გამოცდილი საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში“.
ვალერი ჩეჩელაშვილი უხერხულსა და უადგილოს უწოდებს დღეს შექმნილ ვითარებას, როცა „ქართული ოცნება“ [2018 წლის] არჩევნებზე ასე ძლიერად მხარდაჭერილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
ექსპერტი გვეუბნება, რომ საქართველოს დღეს საგარეო ასპარეზზე „კონკრეტული ფიგურების კონკრეტულ ადგილებზე დანიშვნაზე“ უფრო დიდი პრობლემები აქვს გადასაჭრელი, რაც, მათ შორის - საგარეო პოლიტიკურ ხედვას, სტრატეგიებსა და ამ სტრატეგიების განხორციელების მექანიზმებს უკავშირდება.