რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტმა ოკუპირებული ცხინვალის ქუჩებში ადგილობრივი მოქალაქეები გამოკითხა, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ იმ შემოსავლებით, რაც მათ ამჟამად აქვთ და პროდუქტებზე გაზრდილი ფასებით, თავის გატანა სულ უფრო რთული ხდება.
რთული ეკონომიკური და სოციალური ვითარების ფონზე სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდეს, იქიდან კონტრაბანდული საქონელი გადმოიტანოს და აქედან იქ ის პროდუქტები შეიტანოს, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ე.წ. არალეგალური ვაჭრობის მასშტაბები იზრდება და ამის გამო ე.წ. საოკუპაციო რეჟიმი საოკუპაციო ხაზზე კონტროლს აძლიერებს. ე.წ. მესაზღვრეები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მსურველებს უფრო ხშირად აკავებენ, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. მაგალითად, დე ფაქტო კაგებეს მიერ გამოქვეყნებული აპრილის სტატისტიკის მიხედვით, ე.წ. საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე ე.წ. სასაზღვრო კანონმდებლობის 41 დამრღვევი დააკავეს. „მათგან: 26 ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევია, 15 - სასაზღვრო რეჟიმის“, - განმარტავენ სპეცსამსახურში. იმავე ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ აქედან 5 პირი გააძევეს ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 5 პირი იყო საქართველოს მოქალაქე. დანარჩენები კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები არიან, ვისაც აქეთ გადმოსვლა სურდა.
მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარების ფონზე რა გამოსავალი აქვს დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეულ ე.წ. პრეზიდენტს და რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება ალან გაგლოევი? როგორც ცნობილია, ალან გაგლოევი ახალგორელებს თბილისთან დამაკავშირებელი გზის გახსნას შეჰპირდა, თუმცა მისი არჩევის შემდეგ ამაზე ლაპარაკი აღარ ყოფილა. ახალგორელები კი ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნას ელოდებიან და, მათი აზრით, მოქალაქეების გარდა ტვირთებიც ამოძრავდება, რაც ადგილობრივ ეკონომიკას გააჯანსაღებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ყოფას შეუმსუბუქებს. კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის აზრით, ვითარება რადიკალურად ვერ შეიცვლება, რადგან გაგლოევი ვერ წავა ისეთ ნაბიჯზე, რაც რუსეთთან არ იქნება შეთანხმებული. მისი თქმით, ეს არის ცხინვალისთვის მუდმივი პრობლემა, რადგან ადგილზე პროდუქტის შეტანას, პირველ რიგში, რუსეთიდან ტრანსპორტირება აძვირებს და ამას ახლა უკვე სხვა მრავალი პრობლემაც დაემატა. საქართველოსთან ე.წ. ლეგალური სავაჭრო ურთიერთობები და დიდი რაოდენობით ტვირთბრუნვა კანაშვილს ამ ეტაპზე შეუძლებლად მიაჩნია.
ასევე ნახეთ ოკუპირებულ ცხინვალში უარყოფენ, რომ ალან გაგლოევს ქართულ და უცხოურ სპეცსამსახურებთან კავშირი აქვს
ისტორიკოსი სოსო ვახტანგაშვილი კი მიიჩნევს, რომ სწორედ ახლა აქვს შანსი დე ფაქტო ხელისუფლებას, მეტი იფიქროს და საკუთარი გეოპოლიტიკური კურსი გადააფასოს, რადგან რუსეთს ვეღარ ექნება ის საერთაშორისო მნიშვნელობა, რაც უკრაინის ომამდე ჰქონდა. ვახტანგაშვილის აზრით, რუსეთის პროვინციების დონეზე დარჩება ოკუპირებული ცხინვალი , თუ იქ ადგილზე გონს არ მოეგებიან.
საერთაშორისო სანქციების ფონზე კრემლმა ცხინვალს უკვე ღია ტექსტით უთხრა, რომ იმ მასშტაბის ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებას ვეღარ გაუწევენ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წლებში ხდებოდა. მოსკოვმა დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა, რომ თავად იპოვოს ინვესტორები და ასე განავითაროს საკუთარი ეკონომიკა. ინვესტორები რომ ოკუპირებულ რეგიონს არ აწყდებიან, ეს ყველაზე უკეთესად ადგილობრივებმა იციან, ამიტომ ქართულ-ოსური სამოქალაქო ჯგუფების შეხვედრებზე ერგნეთის ბაზრობა და იქიდან მიღებული სარგებელი ცხინვალელების ერთგვარ ნოსტალგიად რჩება. ამჟამად ისინი არსებული ჩიხიდან გამოსავალს ჯერჯერობით ვერ ხედავენ, ვინც დაინახა და კონტრაბანდული საქმიანობა დაიწყო, მათ ან დე ფაქტო კაგებე, ან რუსეთის საოკუპაციო ძალა აკავებს.