უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსულ ნავთობზე ნაწილობრივ ემბარგოს ითვალისწინებს.
კერძოდ, ევროკავშირმა გადაწყვიტა, უარი თქვას რუსული ნავთობის იმპორტზე ექვსი თვის განმავლობაში და ნავთობპროდუქტების იმპორტზე რვა თვის განმავლობაში. დროებითი გამონაკლისი გათვალისწინებულია მილსადენის მეშვეობით ნედლი ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომლებიც მათი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, განსაკუთრებით დამოკიდებული არიან რუსეთიდან მარაგებზე. ხოლო ბულგარეთი და ხორვატია, გარკვეული ვადით, კვლავ შეძლებენ ნავთობისა და ვაკუუმური გაზის ზღვით მიღებას.
ახალი შეზღუდვები ასევე გულისხმობს "სბერბანკის", "როსსელხოზნადზორის", მოსკოვის საკრედიტო ბანკისა და ბელარუსის განვითარების ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემისგან გათიშვას.
სანქციების შედეგად ევროკავშირში სამი რუსული სახელმწიფო ტელეარხის, RTR-Planeta-ს, Rossiya-24-ისა და TV Center-ის მაუწყებლობა შეჩერდება. ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობა ამ ტელეარხებს უკრაინაში შეჭრის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს.
გარდა ამისა, ევროკავშირმა გააფართოვა სანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირების სია. მასში შედიან ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ადამიანები, ბიზნესმენები, ოფიციალური პირები და მათი ოჯახის წევრები, ასევე თავდაცვის სფეროში ჩართული კომპანიები. სანქციების სია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სანქციები ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ შევა. მოსალოდნელია, რომ ეს დღის ბოლომდე მოხდება.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ აშშ-მა ასევე გააფართოვა იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის გამო შემოღებული სანქციების სია. მას კიდევ 17 რუსის გვარი დაემატა.
ხუთშაბათს აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ განახლებული სიაში არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, პუტინთან დაახლოებული ჩელისტი სერგეი როლდუგინი, ბიზნესმენი ალექსეი მორდაშოვი და მისი ცოლი, გოდ ნისანოვი და მორდაშოვის ორი შვილი.