სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. რეფერენდუმისთვის ჩასატარებლად მზადება შეაჩერა. ეს დაკავშირებულია დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განკარგულებასთან, რომელიც რუსეთთან გაერთიანების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის შეჩერებას ითვალისწინებს.
ოსური მედიის ცნობით, ეს საკითხი ცესკოს სხდომაზე განიხილეს. „პრეზიდენტ ალან გაგლოევის განკარგულებით, რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განკარგულება შეჩერდა, რუსულ მხარესთან საჭირო კონსულტაციების გამართვამდე. ცესკო ასევე აჩერებს საქმიანობას, როგორც რეფერენდუმის ცენტრალური კომისია. გარდა ამისა, ცესკოს არ აქვს ფინანსური საშუალება რეფერენდუმის ჩასატარებლად და არც ხელისუფლებისგან მიგვიღია გარანტია, რომ ეს თანხა მოიძებნება საჭიროების შემთხვევაში. თუ იქნება სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება, ჩვენ განვაახლებთ მუშაობას“, - განუცხადა ცესკოს ხელმძღვანელმა ემილია გაგიევამ სააგენტო „რეს"-ს. მისი განმარტებით, თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი კომისიაში მუდმივად მუშაობენ.
ცესკოს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ „ტელეგრამის" ზოგიერთმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, სავარაუდოდ, კომისიამ „უარი თქვა რეფერენდუმის გაუქმებაზე“. გაგიევა განმარტავს, რომ „ცესკო არ არის უფლებამოსილი ამ ეტაპზე განიხილოს რეფერენდუმის გაუქმების საკითხი, რის გამოც იგი ცესკოს დღის წესრიგში არ ყოფილა და არც იქნება. ვიღაც ისევ ცდილობს ხალხის შეცდომაში შეყვანას არასწორი ინფორმაციის გავრცელებით“.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა 30 მაისს შეაჩერა ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განკარგულება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. განკარგულება შეჩერებულია მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდე. „რუსულ მხარესთან კონსულტაციები მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მთელ სპექტრზე“, - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო ლიდერის განკარგულებაში.
გაგლოევის განკარგულება „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომი ინტეგრაციის გზების შესახებ“ ეხება „რეფერენდუმზე წარდგენილი საკითხის სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობას“, ასევე „რეფერენდუმის ჩატარების ცალმხრივი გადაწყვეტილების დაუშვებლობას“ საკითხებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმური უფლებები და ინტერესებია.