Туман-ი - მეოთხე დადასტურებული - რატომ იღუპებიან რუსი გენერლები უკრაინასთან ომში?

რუსეთის შეიარაღებული ძალები სწრაფი ტემპით კარგავენ ოფიცრებს და მათ შორის - გენერლებს. უკვე დადასტურებულია ოთხი შემთხვევა. გენერლები ძირითადად ფრონტის ხაზის სიახლოვეს, ანდა უშუალოდ ბრძოლაში იღუპებიან.

ის, რასაც რუსეთის მხარე გმირობად და თავგანწირვად წარმოადგენს, სინამდვილეში, ბრძოლის მაღალი სტანდარტებით, დიდი სისუსტისა და აუწყობელი სისტემის მანიშნებელია.

5 ივნისს, მათ შორის - რუსულმა და უკრაინულმა წყაროებმა დაადასტურეს ინფორმაცია კიდევ ერთი გენერალ-მაიორის, იური კუტუზოვის დაღუპვის შესახებ. აშშ-ის სამხედრო დაზვერვა ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში იუწყებოდა, რომ რუსეთს უკვე, სულ ცოტა, 8 გენერალი დაეღუპა.

Туман-ის დაღუპვა

„[ე.წ. დნრ-ის] 1 საარმიო კორპუსის მეთაური გენერალ-მაირორი რომან კუტუზოვი ოფიციალურად დენაციფიცირებული და დემილიტარიზებულია. გჯეროდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების! დიდება უკრაინას“, - ამ სიტყვებით დაადასტურა რუსი გენერლის სიკვდილი უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველომ, ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში.

გენერალი კუტუზოვი, ზედმეტსახელად „ნისლი“ (Туман), სეპარატისტების ტელეგრამარხ „Сводки ополчения Новороссии“-ს ინფორმაციით, 5 ივნისს, ლუგანსკის ოლქის პოპასნაიას რაიონის დაბა ნიკოლაევკაში დაიღუპა.

სხვა წყაროებს გენერლის დაღუპვის ადგილად მითითებული აქვთ ლისიჩანსკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს რუსეთის არმიის მიერ 19 აპრილს წამოწყებული ბრძოლა დონბასის დასამორჩილებლად. ამ ეტაპზე ძირითადი ძალისხმევა სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის აღებისკენ არის მიმართული, მაგრამ რუსი სამხედროები მიზანს ვერ აღწევენ.

რუსეთის მედია აღნიშნავს, რომ კუტუზოვი მსახურობდა, მაგალითად, იმიერბაიკალეთის მხარის პესჩანკის სასწავლო ცენტრისა და 29-ე არმიის შტაბის ხელმძღვანელად. დამსახურებად ეთვლება, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ჩიტაში, იმიერბაიკალეთის მხარის გუნერნატორთან ერთად ჩაიბარა „ისტორიული ტანკები (Т-34), რომლებიც რუსეთს ლაოსის ხელისუფლებამ გადასცა“.

გამოცემა „NEXTA“ ტვიტერზე აქვეყნებს რუსეთის სახელმწფო ტელეარხის „НТВ“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც, თავის მხრივ, სამხედრო კორესპონდენტის, ალექსანდრ სლადკოვის მიერ გავრცელებულ ცნობებს ეყრდნობა.

ამ ცნობის თანახმად, „კუტუზოვმა სამხედროები შეტევაზე გადაიყვანა და დაიღუპა ბრძოლაში“.

ხოლო საკუთარ ტელეგრამარხზე გავრცელებულ ინფორმაციაში, თავად სლადკოვი რომან კუტუზოვს კარგ ადამიანად მოიხსენიებს და იქვე, გენერლების დაღუპვას რუსეთის შეიარაღებული ძალების ღირსებადაც კი წარმოაჩენს.

„ისინი [უკრაინელები] ცდილობენ მიიღონ კანონი, რათა მეთაურებს უფლება ჰქონდეთ დახვრიტონ ურჩი დაქვემდებარებულები, რომლებიც უარს ამბობენ ბრძოლაში ჩართვაზე. ჩვენთან კი - გენერალი დგება და თავად, საკუთარი მაგალითით, მიჰყავს სამხედროები შეტევაზე


... ჩვენი გენერლები გამანადგურებლებით თავად დაფრინავენ, შეტევაზეც გადადიან და იხოცებიან, როგორც ჯარისკაცები. არ მახსენდება ასეთი მაგალითები უკრაინაში“, - წერს ის.

უკრაინაში ჯარისკაცების დახვრეტის შესახებ კანონის მიღება არ დასტურდება; ხოლო სიტყვები, რომლებითაც სლადკოვი თითქოსდა რუსი გენერლების თავგანწირვის დაფასებას ცდილობს, სინამდვილეში ადასტურებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების სისტემურ სისუსტეს, რაზეც საერთაშორისო სადაზვერვო წყაროები თუ სამხედრო ექსპერტები ლაპარაკობენ.

უკრაინელი ბლოგერი, მიმომხილველი რომან ციმბოლიუკი წერს, რომ კუტუზოვი შეეწირა იმ სასჯელის შიშს, რომელიც ემუქრებოდა ზემდგომების მხრიდან, თუკი ის დროულად არ დაიკავებდა კონკრეტულ პუნქტს დონეცკის ოლქში.
იმის გამო, რომ რუს სამხედროებს ამ საბრძოლო დავალების შესრულება არ სურდათ, ხოლო გენერალი მათ „საზარბაზნე ხორცად თვლიდა“ და „არ ინდობდა პირად შემადგენლობას“, ციმბოლიუკის თქმით, საბოლოოდ კუტუზოვი იძულებული გახდა, თავად გაძღოლოდა ურჩ სამხედროებს.

რუსეთის მედია აღნიშნავს, რომ კუტუზოვი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის დაღუპული მეოთხე გენერალია.

ჯერ კიდევ 10 მაისს, სენატში გამართულ მოსმენაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა, სკოტ ბარიერმა განაცხადა, რომ მისი სტატისტიკით, საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდან 8-დან 10-მდე რუსი გენერალი დაიღუპა.

მაისში, 2 თვის დაგვიანებით, დადასტურდა მაგალითად, გენერალ-მაიორ ბოტაშევის სიკვდილი.

BBC-ის ცნობით, არ დადასტურდა, სულ ცოტა, ორი გენერლის სიკვდილი, რის შესახებაც მანამდე ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებდა. ამ კონტექსტში სახელდება - მაგომედ ტუშაევი და ანდრეი მორდვიჩევი.

რატომ ეღუპებათ გენერლები?

30 მაისს, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა აღნიშნავდა, რომ რუსეთი განიცდის „გამანადგურებელ დანაკარგს“, მათ შორის - მაღალი რგოლის ოფიცრებს შორის.

საერთაშორისო ექსპერტები და მედია გენერლების სიკვდილის მთავარ მიზეზებად ასახელებენ შემდეგს:

  • დაუცველი საკომუნიკაციო არხებით სარგებლობა - კავშირგაბმულობის სუსტი უზრუნველყოფის გამო;
  • ფრონტის ხაზთან ახლოს გენერლების ყოფნის აუცილებლობა - აუწყობელი სამეთაურო სისტემისა და რუსი სამხედროების სუსტი მორალური სულისკვეთების გამო.

10 მაისს, სენატში გამართულ მოსმენაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა, სკოტ ბარიერმა განაცხადა, რომ რუსი გენერლების დაღუპვას იწვევს სუსტი სუბორდინაცია, რომლითაც უკრაინაში შეჭრის პროცესი ხასიათდება.

მან ასევე განმარტა, რომ სერჟანტებისა და დაბალი რგოლის ოფიცრების ნაკლებობამ შექმნა პრობლემა, რის გამოც მაღალი რანგის სამხედროები იძულებული ხდებიან, რომ ფრონტის წინა ხაზზე გავიდნენ, რასაც არ ითვალისწინებს ნატოს სტანდარტები.

ნატოს სტანდარტებით, აშშ-ის თავდაცვის ძალებში ადგილზე ლიდერობის თვალსაზრისით დიდი როლი ეკისრებათ სერჟანტებს. ისინი ასწავლიან, მიუთითებენ და აკვალიანებენ ახალ შენაერთებს.
მაგრამ რუსეთმა, ბერიერის თქმით, არ ჩადო ინვესტიცია სერჟანტთა კორპუსის გაძლიერებაში, რაც გენერლების სიკვდილსაც იწვევს.

„ტაქტიკური საბატალიონო ჯგუფის მეთაური იღებს ამოცანას - რა არის გასაკეთებელი და რა დროისთვის... ხოლო როგორ უნდა გააკეთოს - მისი გადასაწყვეტი უნდა იყოს... ასეა ნატოს სტანდარტებით... მაგრამ რუსული შეიარაღებული ძალები დამოუკიდებელი მოქმედებისთვის მზად არ აღმოჩნდნენ“, - განმარტა სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა, გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ, რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სტუმრობისას.

მისი შეფასებით, პრობლემაა ისიც, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამხედროებს ძალიან აჩქარებს, რათა სწრაფად შეასრულონ დასახული ამოცანები; მაგრამ ეს "სწრაფად, სწრაფად, სწრაფად" - ცუდად მოქმედებს შედეგზე.

ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში - რუსეთის სამხედრო უწყების მიერ გამოქვეყნებულ დაღუპულთა სიაში იყო 10 პოლკოვნიკი, 20 ვიცე-პოლკოვნიკი, 31 მაიორი და 155 უმცროსი ოფიცერი.
იმ 3052 რუს სამხედროს შორის, რომელთა სიკვდილიც BBC-მ დოკუმენტურად დაადასტურა, 30 მაისის მონაცემებით, 152 უფროსი ოფიცერია (გენერალი, პოლკოვნიკი, პოდპოლკოვნიკი, მაიორი); ხოლო 405 - უმცროსი ოფიცერი. ეს მონაცემები დადასტურებული დაღუპულების 18%-ს უტოლდება და ძალიან მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა.

სამხედრო სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საშუალო და მაღალი რგოლის ოფიცრების მასშტაბური დანაკარგი რუსეთის არმიას ახალ პრობლემებს დაუმატებს და საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფები, რომლებსაც რუსეთი შენაერთების ნარჩენებიდან აკომპლექტებს, თანდათან, მეთაურების ნაკლებობის გამო, სულ უფრო ნაკლებად ეფექტიანი იქნება.

ასევე ნახეთ აშშ-მა შეზღუდა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემა რუსეთის სამხედრო მეთაურებზე

გენერლების დაღუპვა დასახელდა ერთ-ერთ არგუმენტად, როცა მაისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის შეზღუდვის შესახებ.

ამერიკულმა მედიამ, დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გადასცა ინფორმაცია, რასაც შეეძლო გამოეწვია რამდენიმე რუსი გენერლის სიკვდილი, ასევე კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა.
5 მაისს, გამოცემა New York Times-ი წერდა, რომ უკრაინის არმიას აშშ-ისგან მიღებული სადაზვერვო მონაცემები დაეხმარა უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე რუსი გენერლის ადგილსამყოფლის დადგენასა და მათ განადგურებაში.

შეერთებული შტატები უკრაინას რეალურ დროში გადასცემს ინფორმაციას, მათ შორის, სატელიტურ სურათებს რუსული ჯარების ადგილმდებარეობისა და გადაადგილების შესახებ.

სხვა სამი აღიარებული სიკვდილი

რომან კუტუზოვის დაღუპვამდე, რუსეთის ხელისუფლებამ თუ მედიამ დაადასტურა ცნობები კიდევ სამი გენერალ-მაიორის დაღუპვის შესახებ.

ანდრეი სუხოვეცკი

გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი 28 თებერვალს დაიღუპა. სხვადასხვა წყარო მისი სიკვდილის ადგილად მარიუპოლს და ჰოსტომელს ასახელებს.

ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის მოადგილეს მიღებული ჰქონდა მონაწილეობა რუსეთის საბრძოლო მოქმედებებში სირიაში და უკრაინაში, ყირიმის დაპყრობის დროს.

რუსული წყაროები იტყობინებიან ასევე, რომ სუხოვეცკი სამხედრო აკადემიის დასრულებამდე, 2008 წელს, მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში სამხრეთ ოსეთში და მანამდე - 1990-იან წლებში - აფხაზეთში.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და მედიამ მისი სიკვდილი 3 მარტს დაადასტურეს.

ვლადიმირ ფროლოვი

16 აპრილს სანქტ-პეტერბურგში დაკრძალეს მე-8 არმიის სარდლის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმირ ფროლოვი და ამ დღეს დადასტურდა მისი სიკვდილიც.

რუსეთის მედიის ინფორმაციით, ის დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა; თუმცა როდის და რა ვითარებაში - უცნობია.

რუსეთის მედიის ინფორმაციით, მე-8 არმიის დანაყოფები მონაწილეობდნენ ქალაქ მარიუპოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების შტურმში.

ასევე ნახეთ BBC: უკრაინაში დაიღუპა გენერლის წოდების მქონე რუსი მფრინავი

კანამატ ბოტაშევი

რუსული წყაროების მიერ 24 მაისს დადასტურდა 22 მარტს გავრცელებული ცნობა 63 წლის გადამდგარი გენერალ-მაიორის, კანამატ ბოტაშევის დაღუპვის შესახებ. ის დაიღუპა Су-25-ის ჩამოგდების შედეგად, როცა ეკიპაჟმა კატაპულტირება ვერ მოასწრო.

სამხედრო ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ 63 წლის გენერალ-მაიორის მიერ შესრულებული ფრენა კადრების უდიდეს დეფიციტზე მიანიშნებს და არა მხოლოდ ასაკის გამო.

ბოტაშევი მანამდე გასამართლებული იყო მეგობრისგან ნათხოვარი, მაგრამ სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავის (Су-27) დამტვრევისთვის, 2012 წელს, როცა კრახით დასრულდა მის მიერ ცაში უმაღლესი ოსტატობის ჩვენების მცდელობა. მაშინ არავინ დაღუპულა, მაგრამ ბოტაშევს სასამართლომ 4-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა და 5 მილიონი რუბლის ჯარიმაც დააკისრა.

ბიბისი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოტაშევის რანგის მფრინავის მომზადებას 10-12 წელიწადი და 8 მილიონი დოლარი ესაჭიროება. სასამართლოს შემდეგ ბოტაშევმა დატოვა შეიარაღებული ძალები.

ასევე ნახეთ ბრიტანეთის დაზვერვა: კრემლმა წარუმატებელი ოპერაციის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა რამდენიმე რუსი სამხედრო მეთაური