მოგვიანებით, მათ უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახი დაიკავეს და კანცელარიის დერეფანი გადაკეტეს.
"კანცელარიის ოთახი არ დაიკეტება მანამ, სანამ არ მივიღებთ შესაბამის ქმედით პასუხებს", - აცხადებენ სტუდენტები.
სემესტრის დისტანციურ რეჟიმში დასრულების გარდა, მათი მთავარი მოთხოვნებია:
- აშენდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი;
- თსუ-ს ფინანსური ხარჯების გამჭვირვალობა;
- უნივერსიტეტისთვის სტუდენტი იყოს პრიორიტეტული.
"ჩვენ აუდიტორიაში სწავლის წინააღმდეგი კი არ ვართ. სწავლის ხარისხი, რა თქმა უნდა, აუდიტორიაში უკეთესია, გამოცდებიც არადისტანციურად ჯობს, მაგრამ შექმნილმა მდგომარეობამ - იმან, რომ მიმდინარე წლის სასწავლო პროცესის ორი მესამედი ზუმში ვიყავით, პანდემიამ და უკრაინაში ომის შემდეგ გაძვირებულმა პროდუქტებმა ოჯახები ძალიან დააზარალა და სტუდენტები თბილისში ბინის ქირის გადახდას ვერ ახერხებენ. ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს უნივერსიტეტმა და ჩვენი უნდა ესმოდეთ", - ამბობს სტუდენტი გელა სადაღაშვილი.
გელა გორიდანაა. ის ამბობს, რომ გაუმართლა, რომ თბილისში ბინის ქირის გადახდა არ უწევს.
"რომ არა ბაგების საერთო საცხოვრებელი, სასწავლებლის მიღმა დავრჩებოდი. ვერანაირად შევძლებდი ხარჯების გაწევას. ტყუილია, რომ ამბობენ, ათეულობით ადგილებიაო, არ არის ასე. როცა დავრეგისტრირდი, 50 თავისუფალი ადგილი იყო, განაცხადი კი 70 სტუდენტს ჰქონდა გაკეთებული. ბინის ქირის გადახდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემაა სტუდენტებისთვის", - ამბობს გელა.
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოში რუსი და ბელარუსი მიგრანტების დიდი ნაკადი შემოვიდა. მალევე, თებერვლის ბოლოს, თბილისში ბინის ქირის ფასი გაორმაგდა და ზოგიერთ შემთხვევაში გასამმაგდა კიდეც.
ასევე ნახეთ "გამარჯობა, სოფი, ბინის ქირა 100 დოლარით უნდა გაგიზარდო" - როგორ რჩებიან ძველი მდგმურები უბინაოდსაქსტატის 2021 წლის მონაცემებით, სტუდენტების რაოდენობა სულ 159 000-ზე მეტია. უცნობია, აქედან რამდენი სტუდენტი სწავლობს დედაქალაქში, თუმცა თბილისში უნივერსიტეტების რაოდენობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტუდენტების უმრავლესობა ბინას თბილისში ქირაობს.
"ჩვენც ვაცნობიერებთ და ვხვდებით, რომ დისტანციური სწავლა და გამოცდები სტუდენტის ცოდნას სრულფასოვნად არ წარმოაჩენს და შემდეგში აუდიტორიებში უნდა გაგრძელდეს. სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით, მე გამიმართლა, რადგან ნათესავთან ვცხოვრობ და ბინის ქირის გადახდა არ მიწევს, მაგრამ ბევრი სტუდენტისთვის ეს მთავარი პრობლემაა, ამიტომაც ვდგავარ აქ", - ამბობს საბა როხვაძე.
11 მაისს თსუ-ს განათლების სამინისტრომაც მოუწოდა, რომ სასწავლო წლის დასრულება ჰიბრიდულ რეჟიმში უზრუნველყოს.
ასევე ნახეთ განათლების სამინისტრო თსუ-ს მოუწოდებს, სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება უზრუნველყოსიმავე დღეს სტუდენტებთან საკმაოდ დაძაბული, რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ 13 მაისიდან სწავლების შერეული ფორმატით გაგრძელების გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.
თუმცა სტუდენტებმა მალევე დაიწყეს ჩივილი, რომ ჰიბრიდულ რეჟიმში ლექციებს ლექტორთა ნაწილი არ ატარებდა, ტექნიკური, ინტერნეტის გაუმართაობის მიზეზით. მათი თქმით, გადაწყვეტილებამ, ფაკულტეტებს სწავლის მეთოდები თავად აერჩიათ, სრული ქაოსი და დაბნეულობა გამოიწვია როგორც სტუდენტებში, ისე ლექტორებში.
31 მაისს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს გამოცდების ჩაბარება დამატებით ორ ქალაქში - ქუთაისსა და ახალციხეში შესთავაზა.
ასევე ნახეთ თსუ-ს სტუდენტებს გამოცდების ჩაბარება ახალციხესა და ქუთაისშიც შეეძლებათთუმცა, სტუდენტების თქმით, ორი საგამოცდო ცენტრის დამატება საკმარისი არ არის.
კოვიდპანდემიის გამო საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლება 2 წელი დისტანციური ან ჰიბრიდული ფორმატით ტარდებოდა. 2 მაისს რექტორის გადაწყვეტილებით, თსუ-მ სააუდიტორიო სწავლება განაახლა, რამაც სტუდენტების პროტესტი გამოიწვია. მათი თქმით, ბინის ქირის გაძვირების გამო რეგიონებში მცხოვრები სტუდენტები ჩამოსვლას და საცხოვრებლის მოძებნას ვეღარ ახერხებდნენ.
თსუ-ში აცხადებენ, რომ გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარება სასწავლო პროცესის ხარისხს და ამ ხარისხის შეფასების სისტემას ეჭვქვეშ დააყენებს.
"2 მაისიდან, რაც სააუდიტორიო სწავლება განახლდა და სტუდენტების მხრიდან დადგა ისევ ჰიბრიდულ რეჟიმში სწავლის პროცესის გაგრძელების მოთხოვნა, ჩვენ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა და ასევე, სხვა ფაკულტეტებმაც მხარი დავუჭირეთ ამ მოთხოვნას, გავითვალისწინეთ რა სტუდენტების სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა და ზოგადად არსებული ფონი, თითქმის ყველა საგანი შერეულ ფორმატში შევთავაზეთ. ეს გულისხმობს იმას, რომ რამდენიმე დღე სტუდენტს შეუძლია აირჩიოს აუდიტორიაში სწავლა, ან ონლაინ", - ამბობს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციული მენეჯერი აკაკი მიქაბერიძე.
დღეს თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 22 000-მდე სტუდენტი სწავლობს.
თბილისში ორი საერთო საცხოვრებელია: ბაგებში და ლისზე, მაგრამ, სტუდენტების თანახმად, ბაგებში ცხოვრების პირობები, უბრალოდ, არაადამიანურია, ლისი კი ამდენი სტუდენტის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
2019 წელს თსუ-მ გადაწყვიტა, კიდევ ერთი საერთო საცხოვრებელი აეშენებინა, მაგრამ მაშინ პროექტი ჩაიშალა.
"ყველა ვთანხმდებით, რომ ლისის საერთო საცხოვრებელში არის ის პირობები, რომელსაც საერთო საცხოვრებელი უნდა აკმაყოფილებდეს. რაც შეეხება ბაგების საცხოვრებელს, პერმანენტულად ტარდება და ჩატარდა შეფასება. ამ შეფასების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, განახლება/რემონტს დაექვემდებარება, თუ უმჯობესია ახალი საცხოვრებლის აშენება", - ამბობს თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი შოთა ფოთოლაშვილი.
ფინალური გამოცდები თსუ-ში 18 ივნისიდან იწყება.
განახლება
დღის ბოლოს თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა და მიიჩნია, რომ "ფინალური გამოცდები არადისტანციურ (დასწრებით) ფორმატში უნდა ჩატარდეს, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების სამართლიანი ფორმა".
განცხადების თანახმად, გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, რათა არცერთი სტუდენტი სასწავლო პროცესების მიღმა არ აღმოჩნდეს, დახმარების აღმოჩენის მიზნით, აკადემიური საბჭო თსუ-ს ადმინისტრაციას რეკომენდაციას აძლევს, სტუდენტებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში და/ან მათთვის, ვისთვისაც დამატებით საგამოცდო ცენტრებამდე მისვლა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, თსუ-ს საერთო საცხოვრებელში (უპირატესად ლისის საერთო საცხოვრებელში) უფასოდ განთავსება ერთი თვით შესთავაზოს.
"ამასთან, აკადემიურმა საბჭომ მოიწონა თსუ-ს ადმინისტრაციის წინადადება იმის შესახებ, რომ საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, აკადემიურმა საბჭომ ასევე გასცა რეკომენდაცია, რეგიონებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში გამოცდების ორგანიზება მოხდეს იმგვარად, რომ სტუდენტებმა გამოცდებისთვის ჩასვლა და უკან დაბრუნება მარტივად მოახერხონ.